აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
აბული | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| თემი | კარტიკამი |
| კოორდინატები | 41°24′05″ ჩ. გ. 43°36′32″ ა. გ. / 41.40139° ჩ. გ. 43.60889° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1960 მ |
| მოსახლეობა | 535[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,4 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
აბული[2] — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში. მდებარეობს აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე. აბული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია. იგი მდებარეობს პატარა აბულის მთის ძირას, მდინარე ფარავნის შენაკად აბულის სათავეში ზღვის დონიდან 1960 მეტრზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 12 კმ-ით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 535 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[3] | 627 | 325 | 302 |
| 2014[1] | 535 | 261 | 274 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბული იხსენიება გურჯისტანის ვილაიეთის 1595 წლის დიდ დავთარში, სადაც შედიოდა გურჯისტანის ვილაიეთი ახალქალაქის ლივის აკშეჰირის ნაჰიეში. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს მთის სახელწოდებიდან. გ. გეხტმანის მოსაზრებით, ვულკანის მოქმედებას ისტორიულ პერიოდშიც ჰქონია ადგილი და ამის დასტურად მოჰყავს ხალხური გამონათქვამი („ნაღრძობის შელოცვა“):
„აბულა აბოლებულა, გორვალა დაგორებულა, აბულა ბოლდებოდესო, გორვალა გორდებოდესო, ნაღრძობი მთელდებოდესო.“ |
სოფელი აღრიცხულია ამიერკავკასიის მხარის მოსახლეობის 1886 წლის საოჯახო სიებში, რომლის მიხედვითაც იგი შედიოდა ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრის ბარალეთის უბანსა და არაგვის სასოფლო თემში: Абулъ. დატანილია ძველ კარტოგრაფიულ წყაროებზე: Абуль [5-ти верст. карта: Д7], აბული (ასლანიკაშვილი, 1953). ს. ჯიქია აღნიშნულ სოფელს მიუთითებს არქივისეულ სიებშიც (1847-48 წწ.).
დავთრის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 12 კომლი, რომელთაგან ყველა ისფენჯის გადამხდელი იყო და ამდენად ქრისტიანი. კომლთა უფროსების უმეტესობას ერქვა ქართველებისათვის/ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი სახელი: გიორგი, გულია, დავითი, ვარძელ, ზოსიმე, ივანე, ირემა, სარგისი. მამის სახელებად გვხვდება: ჯიმშერა, ნინიკა, დავითი. სოფელში არ იყვნენ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. კ. ზისერმანის მიხედვით სოფელში მდგარა 48 სახლი 484 მოსახლით. ისინი რეგისტრირებულნი იყვნენ როგორც სომეხი გრიგორიანები. ამიერკავკასიის მხარის მოსახლეობის 1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით სოფელში (Абулъ) უკვე 65 კომლია (732 მცხ.). ყველა მათგანი გრიგორიანი სომეხია.
| № | გადასახადი | ქილა | ახჩა | % |
|---|---|---|---|---|
| 1 | ხორბალი | 650 | 6500 | 46,4 |
| 2 | ქერი | 750 | 6000 | 42,9 |
| 3 | ჭვავი | 25 | 200 | 1,4 |
| 4 | სელი | 5 | 40 | 0,3 |
| 5 | ბოსტანი | 40 | 0,3 | |
| 6 | წისქვილი | 60 | 0,4 | |
| 7 | იონჯა, თივა | 160 | 1,1 | |
| 8 | იალაღი | 100 | 0,7 | |
| 9 | ცხვარი | 150 | 1,1 | |
| 10 | ღორი | 60 | 0,4 | |
| 11 | ფუტკარი | 50 | 0,4 | |
| 12 | ბეზირხანა (ზეთსახდელი) | 60 | 0,4 | |
| 13 | ისფენჯი | 300 | 2,1 | |
| 14 | თაფუ, დეშთიბანი | 150 | 1,1 | |
| 15 | ბადიჰავა, საქორწინო | 130 | 1,0 | |
| ჯამი | 1430 | 14 000 | 100 | |
წლიური გადასახადების ჯამი შეადგენდა 14 000 ახჩას. 1 კომლი საშუალოდ იხდიდა 1166 ახჩას, რაც საკმაოდ მაღალია. სამეურნეო გადასახადზე მოდიოდა 13 420 ახჩა (გადასახადების საერთო რაოდენობის 95%-ზე მეტი). ამ მხრივ, მას რეკორდული ადგილი ეკავა ნაჰიეში. სოფლის მეურნეობის სტრუქტურა საკმაოდ ერთგვაროვანი იყო. უმთავრესი დარგი იყო მემარცვლეობა (გადასახადის საერთო რაოდენობის 91%). ეშთიოსთან, ზრესკთან, თორიასთან და ღაურმექთან ერთად სოფელი აბული ნაჰიეში I ადგილზე იყო ბეზირხანაზე (ზეთსახდელზე) გაწერილი ჯამური გადასახადის ოდენობით. მისდევდნენ მეცხოველეობასაც: ძირითადად მესაქონლეობას (მიგვანიშნებს გადასახადი იონჯაზე, თივაზე). მასზე მოდიოდა სამეურნეო გადასახადის (მემარცვლეობის გამოკლებით) საერთო რაოდენობის 65%.
არქეოლოგიური ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიურად. ფარავნის ტბის მახლობლად ნაციხარ-ნაქალაქარია: პატარა აბულის მთიდან სოფელს დასცქერის მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე — გვიანდელი ანტიკური ან ადრინდელი ანტიკური ან ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაციხარი, რომლის გალავნის გეგმა რვაწახნაგოვანია, კედლები აგებულია მსხვილი ფილებით და სისქით აღწევს 4 მეტრს, გარე კუთხეებთან აქვს კოშკები 7-8 მეტრი სიმაღლის. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.
აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის კარგად შენახული ეკლესია. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და წარწერა: „ქრისტე შეიწყალე გალატოზნი“.
სოფლის სამხრეთ ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რომელსაც თავდასაცავი გალავნის კვალი ეტყობა. აქ აკრეფილი კერამიკა წინარე და ადრეფეოდალური ხანისაა.
სოფლის დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი, მოზრდილი თიხის ჭურჭელი ახალქალაქის მუზეუმშია გამოფენილი. ის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება. ალბათ ამავე ხანისაა ზემოთაღწერილი ნამოსახლარის გორაც.
ენათმეცნიერთა აზრით, სოფლისა და მთების ამ სახელწოდებაში შეიძლება გამოიყოს სპარსული სიტყვა „აბ“, რაც წყალს ნიშნავს, აბული კი წყლიან ადგილს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002
- დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 181-203.
- გურჯისტანის ვილაიეთის რუკა (ასლანიკაშვილი, 1953).
- დ. ნიკოლაიშვილი, დ. სართანია, ა. უჯმაჯურიძე, დ. კირთაძე, მ. კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", თბ., უნივერსალი, 2016, გვ. 16.
- Сводъ статистическихъ данныхъ, 1893.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 45.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||