აბულის ციკლოპური ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები ციკლოპური ციხე, მდებარეობს მთა პატარა აბულზე, ზღვის დონიდან 2670 მეტრის სიმაღლეზე. იგი ძლიერ წააგავს შაორის სიმაგრეს — ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბულის ციხე გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.

მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი — ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2 მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები.

პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ.

აბულის სიმგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ბერძენიშვილი, „ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა“ გვ. 181-203 — ახალციხე. 2002 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: