ფრენბურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენბურთი

ფრენბურთი — სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით) ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენბურთის „საპასპორტო“ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს „მინონეტი“ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა „სპოლდინგმა“ დაამზადა ფრენბურთის სათამაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-იან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირში, ბულგარეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან.

მოედანი, ბურთი, წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენბურთის ბურთი

ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთამაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელია, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს ყოველთვის აწოდებს მოთმაშე, რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული პარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ.

საერთაშორისო ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფრენბურთმა სწრაფი პოპულარობა განიცადა. 1936 წელს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სტოკჰოლმის კონგრესზე პოლონეთის დელეგაციამ დააყენა წინადადება შეექმნათ ფრენბურთის კომისია, როგორც ფედერაციის შემადგენელი ორგანო. კონგრესმა ეს წინადადება მიიღო და შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში 22 ქვეყნის წარმომადგენელი შევიდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წლის 18 - 20 აპრილს პარიზში გაიმართა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (Federation Internationale de Volleyball - FIVB) დამფუძნებელი კონგრესი. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, აშშ, ურუგვაი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია.

ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. ამჟამინდელი პრეზიდენტია ვეი ცზიჩუნი (ჩინეთი).

ამჟამად იგი აერთიანებს 218 ქვეყანას და 5 კონტინენტალურ კონფედერაციას.

მნიშვნელოვანი ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული ფრენბურთელთა ტურნირი, რომელსაც ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს.

უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

გარდა მსოფლიოს ჩემპიონატისა ფედერაცია ატარებს:

გარდა ამისა კონტინენტალური ფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.