არტურ ლაისტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტურ ლაისტი
გერმ. Arthur Leist
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1852(1852-07-08)
დაბადების ადგილი ვროცლავი
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 1927(1927-03-22) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ენათმეცნიერი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და მწერალი
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია

არტურ ადოლფის ძე ლაისტი (გერმ. Arthur Leist) (დ. 8 ივლისი, 1852, ბრესლაუ — გ. 22 მარტი, 1927, თბილისი) — გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სილეზიელი გერმანელი პედაგოგისა და პუბლიცისტის ოჯახში, რამაც განსაზღვრა მისი მომავალი. 22 წლისამ დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. როგორც პოლონური ენის კარგი მცოდნე, ვარშავაში ასრულებდა სამი გერმანული გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობას.

სწავლობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში. 1881 წელს გაიცნო ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი. ლაისტმა დაიწყო ქართული ენის შესაწავლა, დაუკავშირდა ქართველ მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, იონა მეუნარგიას და სხვა. 1882 წელს პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა ლაისტის წერილი „ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ“, ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში — „მივიწყებული ლიტერატურა“.

1884 წელს ლაისტი ი. ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვე იყო საქართველოში. გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა წიგნი „საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“ (1885), რომელიც პოლონურ ენაზა გამოსცა. 1885 წელს ლაისტი კვკავ ესტუმრა საქართველოს და ი.ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა ვეფხისტყაოსნის თარგმნას (გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში, 1890). 1887 გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე.

1892-იდან ლაისტი საქართველოში დამკვიდრდა, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1904 გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. 1906 თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც წლინახევრის განმავლობაში რედაქტორობდა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები „ქეთევან“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“, ავტობიოგრაფიული თხზულება „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“ (1897), „მოგზაურობის დღიური“ (1909) და სხვა. 1918 წლიდან ლაისტი თბილისის უნივერსიტეტში მოიწვიეს გერმანული ენის ლექტორად. 1922 ქართულმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. 1923 და 1927 წლებში გამოიცა ლაისტის თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ ორ წიგნად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Georgien: Natur, Sitten und Bewohner. W. Friedrich, Leipzig 1885
  • Litterarische Skizzen. W. Friedrich, Leipzig 1886 (Hrsg. Abgar Johannissiany)
  • Drei Erzählungen von Raphael Patkanian. W. Friedrich, Leipzig 1886
  • Georgische Dichter. W. Friedrich, Leipzig, 1887
  • Armenische Dichter. E. Pierson, Dresden 1898
  • Schota Rustaweli: Der Mann Im Tigerfelle (translation) E. Pierson, Dresden 1898 online
  • Das Georgische Volk. E. Pierson, Dresden, 1903[1]
  • Kacheti. Tiflis, 1927
  • Sakartvelos guli, Tbilisi 1963
  • Das Bildungsstreben der Georgier und Armenier. In: Gazeta Polska, Nr. 66, 1882
  • Eine vergessene Literatur. In: Magazin für die Literatur des In- und Auslandes, 20.1.1883
  • Kolchidaschi, In: Iveria, Nr. IV-V, 1885, S. 164-211
  • Georgische Sprichwörter. In: Aus fremden Zungen, Nr. 9, 1900

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამსახურდია კ., რჩეული თხზულებანი, ტ. 6, თბ., 1963;
  • რევიშვილი შ., არტურ ლაისტი და ქართული ლიტერატურა, «ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში», 1967, № 1;
  • ტაბიძე ტ., თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., 1966;
  • რევიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 111.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 228, თბ., 1994

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Morfill, W. R. (January 1904). „Das Georgische Volk (The Georgian People) by Arthur Leist“. The Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland: 152–154. JSTOR 25208616.