ბუნებრივი გარემო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გარემო.
არქტიკა

ბუნებრივი გარემოდედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.

ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს — რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.

ადამიანი შეგნებულად ქმნის ხელოვნურ რელიეფს — ყორღანებს, ტერიკონებს, ქვაბულებს, მიწათხრილებს და სხვა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ხრამები, მეწყრები, ქვიშის ბორცვები და ა.შ. რაც უარყოფით მოვლენებად ითვლება.

ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით (ტყის გაშენებით ან გაჩეხვით, ჭაობების ამოშრობით, უდაბნოების მორწყვით და ა. შ.) სახეს უცვლის (გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში) ჰავას, რომელზედაც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროს დაჭუჭყიანება. ადამიანი აშენებს სარწყავ სისტემებს, სანაოსნო და ჰიდროენერგეტიკული დანიშნულების არხებს, წყალსაცავებს და სხვა, რითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს წყლის ბრუნვაში.

სამეურნეო საქმიანობა სახეს უცვლის ნიადაგურ საფარს. მის გაკულტურებასთან ერთად ინტენსიურმა დაშლის და გადარეცხვის პროცესებმა (ეროზია) მსოფლიოს ნიადაგური რესურსები მნიშვნელოვნად შეამცირა.

ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ განსაკუთრებით ღრმა კვალი დაამჩნია აგრეთვე ცოცხალ ბუნებას. მან მოაშენა ფლორისა და ფაუნის მრავალი ახალი სახეობა. ახალი ტერიტორიების ათვისების და მოგზაურობების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა მცენარეთა და ცხოველთა გავრცელების გეოგრაფია. კონტინენტიდან კონტინენტზე გადასახლდა მათი სახეობები, რომლებმაც ზოგან ძლიერ შეავიწროვეს ადგილობრივი მცენარეები და ცხოველები (მაგ.: ავსტრალიაში).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Allaby M. Basics of Environmental Science. 2nd edition. Routledge. London, N.Y. 323 p. ISBN 0-415-21175-1.
  • Adams, Simon; David Lambert (2006). Earth Science: An illustrated guide to science. New York NY 10001: Chelsea House. pp. 20. ISBN 0-8160-6164-5. earth science.