ახალი გლობალური ტექტონიკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლითოსფეროს ფილაქნების რუკა

ახალი გლობალური ტექტონიკა (ფილაქნების ტექტონიკა) — ლითოსფეროს მოძრაობის თანამედროვე გეოლოგიური თეორია, მობილიზმის სახესხვაობა. დასრულებული კონცეფციის სახით ჩამოყალიბდა 1968 წელს (ბ. აიზექსი, ჯ. ოლივერი, ლ. საიქსი, და სხვ.).

ტექტონიკური ფილები

მას საფუძვლად დაედო ამერიკელი მეცნიერების რ. დიტცის, და ჰ. ჰესის ჰიპოთეზა ოკეანური ფსკერის გაფართოების შესახებ, მაგრამ ახალი გლობალური ტექტონიკის ძირითადი პრინციპები ჯერ კიდევ 1929 წელს დასახა შოტლანდიელმა გეოლოგმა ა. ჰოლმზმა, რომელმაც გააერთიანა ქერქქვეშა დინებების (ო. ამპფერერი), რადიოგენური (ჯ. ჯოლი) და კონტინენტების დრეიფის (ა. ვეგენერი) ჰიპოთეზები.

ახალი გლობალური ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად ბლანტ ასთენოსფეროზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ ფილაქნებისაგან, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ. ამ მოძრაობაში მონაწილეობენ კონტინენტებიც, რომლებიც ფილაქნების ნაწილს წარმოადგენენ.

ფილაქნების სასაზღვრო ზონები მაქსიმალური ტექტონიკის, სეისმურ და ვულკანურ აქტივობას ამჟღავნებენ. ამ ზონების გასწვრივ ხდება ფილაქნების ურთიერთშეცოცება, ქვეშეცოცება ან თარაზული გადაადგილება. შუაოკეანური ქედების რიფტულ ზონებში ფილაქნები ერთმანეთს შორდება და წარმოქმნილი უზარმაზარი ნაპრალი ივსება ასთენოსფეროდან შემოჭრილი ბაზალტური მაგმით. ქერქქვეშა კონვექციური დინებები იწვევს ახლადწარმოქმნილი ოკეანური ფილაქნების გადაადგილებას შუაოკეანური ქედებიდან პერიფერიებისაკენ, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით.

კუნძულთა რკალების და კონტინენტების კიდეების გასწვრივ კი ხდება ამ ფილაქნების დაძირვა (ჩაწოვა) კონტინენტური ქერქის ქვეშ. ამ პროცესს თან სდევს დედამიწის ქერქის შეკუმშვა და დედამიწის სიღრმიდან სითბოს, სილიციუმის ორჟანგის, ტუტეების და წყლის ორთქლის გამოყოფა, რაც განაპირობებს ანდეზიტურ ვულკანიზმს, გრანიტიზაციას, დანაოჭებას და რეგიონულ მეტამორფიზმს.

ახალმა გლობალურმა ტექტონიკამ, რომელიც უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით ოკეანეებში მოპოვებულ ახალ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ფაქტებს ეყრდნობა, დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც არ იზიარებენ კონვექციის, ოკეანური ქერქის კონტინენტის ქვეშ დაძირვის მექანიზმის ახსნას და ზოგ სხვა დებულებებს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 85-86, თბ., 1977;
  • Зоненшайн Л. П., Проблемы глобальной тектоники, «Природа», 1972, №11.
  • Вегенер А. Происхождение материков и океанов /пер. с нем. П. Г. Каминского под ред. П. Н. Кропоткина. — Л.: Наука, 1984;
  • Добрецов Н. Л., Кирдяшкин А. Г. Глубинная геодинамика. — Новосибирск, 1994;
  • Хаин, Виктор Ефимович Основные проблемы современной геологии. М.: изд-во Научный Мир, 2003.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე