ყვავილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ყვავილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ყვავილი (მრავალმნიშვნელოვანი).
გერბერას ყვავილი

ყვავილითესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული ყლორტია, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. ყვავილსაჯდომი სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი ფიტოსინთეზის დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება მწერების მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის ყვავილსაფარს. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.

ყვავილის ცენტრში მტვრიანები და ნაყოფფოთლებია. წარმოშობისა და ფუნქციის მიხედვით მტვრიანები მიკროსპოროფილებია. მატგან უფრო პრიმიტიული მტვრიანები წარმოადგენს ბაბთისებრ ფირფიტას, რომელზეც ფირფიტის ქსოვილში მეტ-ნაკლებად ჩამჯდარი 4 წყვილ-წყვილად განწყობლი მიკროსპორანგიუმებია. ევოლუციურად უფრო მაღალ საფეხურზე მტვრიანა შედგება სამტვრე ძაფისა და სამტვრე პარკისაგან.

ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას ანდროცეუმი ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან. მტვრიანები შეიძლება სამტვრე პარკებითაც იყოს შეზრდილი.

ნაყოფფოთლები სახეშეცვლილი მეგასპოროფილებია. ნაყოფფოთლების შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპი ახასიათებს დეგენერიას და ტასმანიას გვარებს. ნაყოფფოთლის ზედა ნაწილი წაგრძელებულია და ქმნის სვეტს, რომელიც სპეციალური ჯირკვლოვანი ქსოვილით — დინგით ბოლოვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]