მაჰმადი
მაჰმადი, მუჰამადი (არაბ. محمّد — მუჰამმად; დ. დაახლ. 570/571, მექა — გ. 8 ივნისი, 632, მედინა) — ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი.
ტრადიციული მუსლიმანური ბიოგრაფების მიხედვით მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში და გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს მედინაში, თანამედროვე საუდის არაბეთის ჰეჯაზის რეგიონში. სახელი მაჰმადი არაბულად ნიშნავს "განდიდებულს". ისლამში მუჰამედი ცნობილია როგორც "წინასწარმეტყველი" და "მაცნე". ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც "წინასწარმეტყველთა ბეჭედს".
მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII საუკუნეში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო იუდაისტურ, ქრისტიანულ მონოთეიზმს და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. 40 წლის მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე, ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ 25 წლის მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 609 (ან 610) რამადანის თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. მაჰმადი ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ.
მაჰმადი თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა მომხრეებითურთ 622 წელს გადასულიყო იასრიბში (მედინაში). ამ გადასახლებას შემდგომ ,,ჰიჯრა" ეწოდა და ეს თარიღი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად იქცა. 630–631 წლებში მუსლიმანებმა მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა. შემდეგ კი არაბეთის სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური.
მაჰმადი დასაფლავებულია მედინაში. მაჰმადის აკლდამა არის მუსლიმანთა მეორე წმინდა ადგილი ქააბას შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფანჯიკიძე, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 524.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არამუსლიმანი ბიოგრაფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არა მუსლიმების შეხედულება მუჰამედზე
- მაჰმადი, ონლაინ ბრიტანიკას სტატია
- Muhammad: მოციქულის მემკვიდრეობა — PBS Site
- მაჰმადი: მოციქულის მემკვიდრეობა — UPF (Producer's Site) დაარქივებული 2009-02-05 საიტზე Wayback Machine.
მუსლიმანი ბიოგრაფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაჰმადის ცხოვრება [Muhammad Husayn Haykal]
- მოციქულ მაჰმადი შესახებ (MSA West) დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine.
|