შინაარსზე გადასვლა

ივანე I (ყვარყვარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ივანე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე.

ივანე I (ყვარყვარე) ჯაყელი-ციხიჯვარელი — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის 90-იან — XIII საუკუნის 50-იან წლებში, მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის სპასალარი. XII საუკუნის 90-იან წლებში მეფის მომხრეთა ბანაკში იყო და ებრძოდა თამარის წინააღმდეგ შეთქმულ დიდგვაროვან აზნაურებს. მონაწილეობდა ჯალალედინის წინააღმდეგ ბრძოლებში, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მონღოლებს სამცხეში და, ვიდრე რუსუდან მეფის ნებართვა არ მიიღო, მტერთან მოლაპარკება არ დაიწყო (სხვა „საქვეყნოდ გამრიგენი“ მონღოლებს უომრად ნებდებოდნენ). ჩაღათა ნოინმა ივანე I სამცხის გამგებლად დატოვა.

დაახლოებით 1242-1243 ივანე I-მა ცხოველი მონაწილეობა მიიღო რუსუდანისა და დავითის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლასა და დავით უფლისწულის მონღოლთა ურდოში მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნაში. უმეფობის ხანაში დაამარცხა მცირე აზიის თურქები, რომელთაც დაიპყრეს სამხრეთ საქართველოს მიწა-წყალი. მას დახმარებისათვის მიმართეს სანაპირო თემების — ტაოს, შავშვთ-კლარჯეთის, კოლა-არტაან-კარნიფორის გამგებლებმა. ივანე I-მა 10 000-იანი ლაშქარი შეკრიბა. ბრძოლა მოხდა ვანის ვაკეზე. ქართველებმა გაიმარჯვეს. ბრძოლის შემდეგ ივანე I სამცხეს დაბრუნდა, ხოლო დამარცხებულ მტერს თავისი შვილიშვილი ივანე (პაპა) და სარგისი დაადევნა. მათ დაიბრუნეს მტრის მიერ დაკავებული ტერიტორია და თურქები საქართველოს საზღვრებიდან გააძევეს. ივანე I-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტახტის მემკვიდრის - დავით გიორგის ძის - მოძებნასა და ჩამოყვანაში (შემდეგ იგი მეფედ დასამტკიცებლად ურდოში გაისტუმრეს). ივანე I კოხტასთავის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური და ინიციატორი იყო.