შინაარსზე გადასვლა

მტრედისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტრედისნაირნი

ხალებიანი მტრედი (Streptopelia chinensis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Columbiformes (Latham, 1790)

მტრედისნაირნი (ლათ. Columbiformes) — ფრინველთა რიგი. ტანად პატარა (გვრიტი, მასა 30 გრამი), საშუალო (უმეტესად) და დიდი (გვირგვინოსანი მტრედი), მასა 3 კგ, სხეულის სიგრძე 80 სმ-მდე) ფრინველებია. მტრედისნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული ზომიერ და ტროპიკულ სარტყელებში. მოიცავს 1 (ან 2) ოჯახის (მტრედისებრნი და დრონტისებრნი, მაგრამ ამ უკანასკნელის სტატუსი საკამათოა; უმთავრესად ითვლება ქვეოჯახად) 44 გვარის 300-მდე სახეობას,[1] რომელთაგან 6 ამომწყდარია. საქართველოში 4 სახეობაა: გარეული მტრედი (ლათ. Columba livia), გვიძინი (ლათ. Columba oenas), ქედანი (ლათ. Columba palumbus) და გვრიტი (ლათ. Streptopelia turtur).

მტრედისნაირნი დღის, უმთავრესად მეხური (იშვიათად ნიადაგური) ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან, უფრო იშვიათად წიწვოვან ტყეებში, მთებში, ღია და კულტურულ (ანთროპომორფულ) ლანდშაფტში. მონოგამებია. ახასიათებს წელიწადში 2 (იშვიათად 4-5) კვერცხდება. დედალი დებს 1-2 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 14-30 დღე-ღამე. დედალი კვებავს მართვებს ჩიცახვის ეპითელიუმის თეთრი გამონაყოფით, ე.წ. „ჩიტის რძით“. იკვებებიან მცენარეული საკვებით, მოლუსკების ნიჟარებით. მრავალი სახეობა სპორტული ნადირობის ობიექტია. საჭიროებენ წყალს.