ცხელი ლაქები
ცხელი ლაქები, ცხელი წერტილები, ჰოტსპოტები (ინგლ. Hotspot) — შედარებით უძრავი მაგმის ლოკალური წყარო, რომელიც იმყოფება დედამიწის მანტიაში და რომელიც მისსავე ზედაპირზე განმეორებადი ვულკანური ამოფრქვევებითაა გამოვლინებული. ტერმინი შემოიღო კანადელმა გეოფიზიკოსმა ჯონ ტუზო უილსონმა 1963 წელს. ამერიკელმა გეოფიზიკოსმა უილიამ ჯეისონ მორგანმა 1971 წელს ივარაუდა, რომ ცხელი ლაქები წარმოიქმნება მანტიური მასალის აღმავალ ჭავლებზე. ზოგიერთი ცხელი ლაქის სიღრმული „ფესვები“ გამოვლინებულია სეისმური ტომოგრაფიით, რომელთა მონაცემებით დედამიწის ბირთვში არსებობს შემცირებული სიმკვრივის ქანების მონაკვეთები და მომატებული ტემპერატურები, რომლებიც განმარტებულია როგორც აღმავალი მანტიური ჭავლები. ბაზალტურ ლავებს, რომლებიც ამოდიან ცხელი ლაქების ზედაპირზე ახასიათებთ La, Rb, Cs, Ba-ის მაღალი შემცველობა, აგრეთვე გააჩნიათ განსაზღვრული იზოტოპური შედგენილობა — Sr, Nd, Pb-ის სახით, რაც მიუთითებს მანტიის ღრმა ჰორიზონტებიდან ამომავალ მასალის ლღობაზე. ლითოსფერული ფილების ჰორიზონტული სხლეტისას ცხელი ლაქების თავზე ვულკანები ჩანაცვლებულია გადაადგილებულ ფილასთან ერთად, წყდებიან საკუთარ სიღრმულ ფესვებსა და განიცდიან მოსპობას, ხოლო ცხელი ლაქების თავზე წარმოიქმნება ახალი ვულკანები. ამრიგად, იქმნება ვულკანური ნაგებობების ჯაჭვი. ცხელი ლაქების ევოლუციის ხანგრძლივობა რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ მლნ. წლამდე მერყეობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხელი ლაქები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)