ჰიბისკუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიბისკუსი
Hibiscus flower TZ.jpg
ჩინური ტუხტი (Hibiscus rosa-sinensis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბალბისნაირნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ჰიბისკუსი
ლათინური სახელი
Hibiscus L., 1753

ჰიბისკუსი[1] (ლათ. Hibiscus) — მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქები და მცირე ზომის ხეებია. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ოვალური, ზოგჯერ დაკბილული ან დანაკვთული, შიშველი და მბზინვარეა. ყვავილები ორსქესიანი, მარტოული (ფოთლის იღლიაში), გრძელყუნწიანია, იშვიათად შეკრებილია მტევანში ან საგველაში, ფერად შეიძლება იყოს ყვითელი, წითელი, თეთრი ან მოცისფრო, ყავისფერი ლაქებით. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. ცნობილია 250–300 სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკებში, სუბტროპიკებსა და ნაწილობრივ ზომიერ სარტყლებში.[2] საქართველოში ორი სახეობაა — H. ponticus, რომელიც ქვეყნის ენდემია, და საათა (H. trionum),[3] ერთწლოვანი მცენარე ყვითელი ყვავილებით; იზრდება ველების კლდეებზე, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, კენჭნარზე და ნათესებში (როგორც სარეველა). გვარის წარმომადგენლებს შორისაა ბოჭკოვანი მცენარეები (კენაფი, H. cannabinus), რომლებიც სატომრის, ბრეზენტისა და ჭილოფის დასამზადებელ უხეშ ბოჭკოს იძლევა. ადრე ამ გვარში შედიოდა ბამი (H. esculentus), რომლის ნაყოფი მოუმწიფებელ მდგომარეობაშია საჭმელად ვარგისი, გაშენებულია სამხრეთ აზიაში. როზელას (H. sabdariffa) ყვავილების გამხმარი ჯამები, რომლებიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსს შეიცავს, გამოიყენება წითელი ფერის მქონე მომჟავო სასმელის („წითელი ჩაი“) მისაღებად, ის ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. მრავალი ჰიბისკუსი დეკორატიული მცენარეა (ჩინური ტუხტი, H. rosa-sinensis; ხეტუხტი, Н. syriacus; აგრეთვე მათი მრავალი ჰიბრიდული ჯიში).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. hibiscus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Головкин Б. Н. Гибискус // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 55.
  3. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 195, ISBN 978-9941-26-391-0.