დიდფეხა ქათმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდფეხა ქათმები

ბუჩქნარის დიდფეხა ქათამი (Alectura lathami)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  დიდფეხა ქათმები
ლათინური სახელი
Megapodiidae (Lesson, 1831)

დიდფეხა ქათმები,[1] ნაგვის ქათმები,[1] ნაგვის ქათმისებრნი[2] (ლათ. Megapodiidae) — ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 70 სმ-მდეა, აგებულება მკვრივია. შეფერილობა დიდწილად ერთგვაროვანია — მუქი რუხი, ყავისფერი ელფერით, იშვიათად შავი, თეთრი ელფერით. ფრთები ფართო და ბლაგვია. ფეხები დიდი (აქედან სახელწოდება), ძლიერი; თითები გრძელი, სწორბრჭყალებიანი, გრუნტსა ან მცენარეულ საფარზე სირბილისათვის მოსახერხებელი. სქესობრივი დიმორფიზმი არ არის გამოხატული. ცნობილია 7 გვარი და დაახლოებით 22 სახეობა. გავრცელებული არიან ინდონეზიაში, პოლინეზიაში, ავსტრალიაში, ახალ გვინეაზე, ფილიპინებზე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებსა და ბუჩქნარებში. ცხოვრობენ მიწაზე; ფრენენ ცუდად და უხალისოდ, სწრაფად დარბიან. რაციონში ჭარბობს მცენარეული საკვები. ცნობილი არიან ფრინველებს შორის უნიკალური გამრავლების ფორმის წყალობით. კვერცხებზე არ სხედან. ტყის სახეობების მამლები მიწისა და მცენარეული ჩამონაცვენისგან აკეთებენ ხორებს (დიამეტრით 11 მეტრამდე და სიმაღლით 5 მეტრამდე), სადაც დედალი 4–8 დღის ინტერვალით დებს კვერცხებს (30-მდე ცალს). სუბსტრატის ზედა ფენის სისქის ცვლილებით, მამალი ხორის შიგნით იცავს ტემპერატურას (30–38°C), რომელსაც ნისკარტის საშუალებით განსაზღვრავს. ზოგიერთი სახეობა კვერცხს ფლავს სანაპიროების მზით კარგად გამთბარ ქვიშებში, სხვები იყენებენ ვულკანურ სითბოს. ინკუბაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. წიწილები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სრულად მომზადებულები იჩეკებიან; პირველი დღის ბოლოს უკვე მცირე მანძილებზე გადაფრენა შეუძლიათ. მშობლები შთამომავლობაზე მზრუნველობას არ იჩენენ. ბევრი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე დგას და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შესული.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Megapodiidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 50, 158.
  3. Иваницкий В. В. Большеноги // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 749.