წარჩე
წარჩე — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარეების ოქუმისა და წარჩეს ხეობებში, გალიდან 17 კმ. მანძილზე.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება მეგრულია და ნიშნავს თეთრ წყალს.ასეთი სახელი პირველად უნდა დარქმეოდა მდინარეს, შემდეგ კი მის მიხედვით - სოფელს.
სოფელი წარჩე, რომლის სახელი უნდა მომდინარეობდეს მეგრული სიტყვიდან «წყარ»-წყალი, «ჩე»- თეთრი= თეთრი წყალი. წარჩე დასახელებულია ძველ წყაროებში. ფლავიუს არიანე ახსენებს მდინარე «ტარსურას», რომლის სანაპიროზე არის ქალაქი «ტარშენ». არქანჯელო ლამბერტი XVII საუკუნეში წერდა, რომ ხეთის იქით არის ოქუმი, რომელიც ჩაუდის ტარშენს. ცხადია, «ტარშენ» იგივე წარჩეა და უცხოელები ასე გამოთქვამდნენ მის სახელს. 1654 წლის «კოლხეთის ანუ სამეგრელოს რუკაზე» დასახელებულია წარჩე.[1]
სოფელში შემორჩენილი ძველი არქიტექტურული ძეგლების ნაშთები მიუთითებენ, რომ წარჩე ჩრდილო დასავლეთ საქართველოში თავის დროზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ კერას წარმოადგენდა. მხარეთმცოდნე ნ. შონიას გადმოცემით, წარჩეში 23 ისტორიული ძეგლია, მათ შორის, ნათლისღების სახელობის ეკლესია, წარჩეს «ფიჭერისთეს» მოგუმბათებული ეკლესია, «მაფაშ ოხუამეს» ორი ეკლესია. ძველად აქვე ყოფილა ოთხი წიგნსაცავი. დღეს ამ წიგნსაცავებიდან არაფერია შემორჩენილი.[1]
წარჩეში დგას XIII-XIV საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი «მაფაშ ოხუამე» — მეფის ეკლესია». კომპლექსში შედის ორი ეკლესია, გალავანი და კარიბჭის ნაშთი. «მაფაშ ოხუამეს» ერთ-ერთი დარბაზული ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა ადგილობრივ დიდებულთა ფრესკები. აღნიშნული არქიტექტურული ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე ლ. შერვაშიძემ და ვარაუდით XV საუკუნით დაათარიღა. წარჩეს ეკლესიები XVII საუკუნეში განუახლებია სამეგრელოს მთავარს ლევან II დადიანს (1611-1657).[1]
ერთ-ერთი ეკლესიის გათხრების დროს წარჩეს ეკლესიაში აღმოჩნდა ეგუტერი, რომელზეც ამოკვეთილია ძველი ქართული ნუსხური წარწერა, ვინმე ფაშაძის მოხსენიებით. საგულისხმოა, რომ წარჩეს მახლობლად ერთ-ერთ მთას ადგილობრივი მოსახლეობა ფაშაძის მთას ეძახის.[1]