ჩრდილოური სადა ვეშაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოური სადა ვეშაპი
Eubalaena glacialis NOAA.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ვეშაპისნაირნი
ოჯახი:  სადა ვეშაპისებრნი
გვარი:  სამხრეთული ვეშაპი
სახეობა:  ჩრდილოური სადა ვეშაპი
ლათინური სახელი
Eubalaena glacialis (Müller, 1776)
სინონიმები[1][2]
  • Balaena biscayensis (Eschricht, 1860)
  • B. glacialis (Müller, 1776)
  • B. glacialis glacialis (Scheffer & Rice, 1963)
  • B. mysticetus islandica (Kerr, 1792)
  • B. nordcaper (Lacépède, 1804)
  • Baloena glacialis (Robineau, 1989)
  • E. glacialis glacialis (Tomilin, 1957)
  • Hunterius swedenborgii (Lilljeborg, 1867)
  • Macleayius britannicus (Gray, 1870)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 41712
გავრცელება
Cypron-Range Eubalaena glacialis.svg

ჩრდილოური სადა ვეშაპი (ლათ. Eubalaena glacialis) — ძუძუმწოვარი ცხოველი სადა ვეშაპისებრთა ოჯახისა. დედლის სხეულის სიგრძეა 13,4–17,0 , მამლისა — 13,1–16 მ. ტანი მოკლეა, ყველაზე სქელია ჭიპსა და მკერდის ფარფლებს შორის, ბოლოსკენ მკვეთრად ვიწროვდება, კუდის ღერო გვერდებიდანაა შევიწროებული. კისრის მიდამოში (მკერდის ფარფლების წინ) შეიმჩნევა კისრის წელი. ასაკის მატებასთან ერთად თავის სახის ნაწილები უფრო და უფრო იზრდება, ხოლო ფარფლებისა და კუდის ღეროს სიგრძე, პირიქით, მცირდება. კუზი ზურგზე მდებარეობს სხეულის წინა მესამედში, ჭიპი — შუა ნაწილის ოდნავ წინ. საერთო შეფერილობა შავი ან მუქი ცისფერია, მუცელი — ოდნავ ღია, ხშირად თეთრი ლაქებით, ზოგჯერ მთლად თეთრი. ახალდაბადებული ღია რუხია და თანდათან მუქდება. ულვაშების ორივე ფართოდ გამოცალკევებულ რიგში სათითაოდ 210-დან 260-მდე ფირფიტაა.[3]

გავრცელებულია ჩრდილოეთ ატლანტიკის ზომიერ წყლებში — ჩრდილო-დასავლეთ აფრიკიდან, ხმელთაშუა ზღვიდან, კუნძულ მადეირადან, აზორისა და ბერმუდის კუნძულებიდან და ფლორიდიდან ჩრდილოეთით — შპიცბერგენის არქიპელაგამდე, კოლის ნახევარკუნძულამდე, კუნძულ იან-მაიენამდე, ისლანდიამდე, ნიუფაუნდლენდამდე და დეივისის სრუტემდე.[3]

დედა და ნაშიერი

ძირითადად იკვებება კიბოსნაირებით (Calanus finmarchicus, Thysanoessa inermis), ზოგჯერ ფრთაფეხიანი მოლუსკებით. თბილ და ზომიერ-თბილ წყლებში, როგორც ჩანს, ორ წელიწადში ერთხელ იძლევა შთამომავლობას. მაკე დედლების ჯოგი ზოგჯერ დანარჩენებს გამოეყოფა ხოლმე, ამიტომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მონადირებულ პარტიაში ყველა მაკე აღმოჩენილა ან ყველა უნაყოფო. მაკეობა დაახლოებით ერთი წელი გრძელდება. შობადობა ზამთარში ან გაზაფხულზე მიმდინარეობს. ახალშობილი სიგრძეში 4—4,5 მეტრია (გამონაკლისის სახით — 6 მ-მდე). მეძუძური დედები ჩვეულებრივ არ ტოვებენ დაჭრილ ნაშიერებს და ზოგჯერ მონადირეთა გემზე თავდასხმასაც ცდილობენ. მშვიდ მდგომარეობაში ცურავს 7 კმ/სთ სიჩქარით, დამფრთხალი — 14 კმ/სთ-მდე. დიდი სიჩქარის დროს შეუძლია თავისი სხეულის სიგრძის ნახევარ სიმაღლეზე წყლიდან ამოხტომა. ორად გაყოფილი შადრევანი 4,5 მეტრს აღწევს სიმაღლეში. 6–5 შადრევნის შემდეგ 10–20 წუთის განმავლობაში შეუძლიათ ყვინთვა, შეწუხებულებს — 30 და 50 წუთითაც კი.[3]

ჩრდილოური სადა ვეშაპი რეწვა ბისკაის ყურეში IX–X საუკუნეებში დაიწყეს. მოგვიანებით (XV–XVI სს.) ნადირობამ ნორვეგიის, ისლანდიის, შპიცბერგენის, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში (ჩრდილოეთ კაროლინიდან ნიუფაუნდლენდამდე) გადაინაცვლა. XVI საუკუნის შუა ხანებში ყოველწლიურად ვეშაპსარეწში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 400 გემი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ამ ვეშაპის მარაგებს. უკვე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შოტლანდიელმა ვეშაპთმხოცავებმა სულ მოიპოვეს რამდენიმე ათეული ჩრდილოური სადა ვეშაპი, ხოლო 1920–1934 წლებში ფარერის კუნძულების სადგურებმა და ნორვეგიულმა გემებმა — მხოლოდ ექვსი. დიდი ზომის ვეშაპი იძლეოდა 15–18 ტონა ცხიმს და 600 კგ-მდე ულვაშს. აბორიგენული მოსახლეობა (ალეუტები, ესკიმოსები, ინდიელები) მიწამაყვალთან შერეულ ვეშაპის ხორცს იყენებენ წამლად, ძვლებს — საშენ მასალად, ძარღვებს — ბაიდარების შესაკერად.[3]

1935 წელს ერთა ლიგამ ყველა სადა ვეშაპზე ნადირობა აკრძალა.[4] დღეისათვის ჩრდილოური სადა ვეშაპი გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ იმყოფება.[5] მიუხედავად იმისა, რომ 1990–2010 წლებში მისი პოპულაციის რაოდენობა 270-დან 483-მდე გაიზარდა, მათ რიცხოვნობა თანამედროვე პერიოდში მაინც მცირდება გემებთან შეტაკებისა და თევზსაჭერ ბადეებში გაბმის გამო.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ITIS Standard Report: Eubalaena glacialis (Müller, 1776). ITIS on-line database. Integrated Taxonomic Information System. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2012.
  2. Perrin, W.F.. (2012)Eubalaena glacialis Müller, 1776. World Cetacea Database. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Томилин А.Г. Китообразные фауны морей СССР. — М.: «Издательство академии наук СССР», 1962. — стр. 82–88, 218 c.
  4. 4.0 4.1 Гавришева, Анна; Крутикова, Анастасия. Северные гладкие киты в беде: почему и что с этим делать. National Geographic Россия. nat-geo.ru (2020-05-25). ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2020.
  5. Cooke, J.G. (2020). Eubalaena glacialis. IUCN Red List of Threatened Species. 2020: e.T41712A162001243. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)