ყივჩაყები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყივჩაღების გავრცლების არეალი მონღოლების შემოსვლამდე.

ყივჩაყები, თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში (რუსეთში „პოლოვცებს“ უწოდებენ, ხოლო ევროპაში — „კუმანებს“). პირველსაცხოვრისი ვოლგის აღმოსავლეთით ჰქონდათ, XI საუკუნეში შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი.

XI საუკუნეში პირველყოფილი თემური წყობილება დაიშალა და ფეოდალური საზოგადოება ჩამოყალიბდა. ფეოდალურ ზედაფენას ბაებს უწოდებდნენ. ცხოვრობდნენ ოჯახებად. ოჯახები ერთიანდებოდნენ გვარებად. გვარები ურდოებად, რომელთაც სულთნები ედგნენ სათავეში. რამდენიმე ურდო ქმნიდა ტომს, რომელსაც ხანი მართავდა. ჰყავდათ ცხენოსანი ჯარი. ლაშქრობებში ქალებიც მონაწილეობდნენ. ყივჩაყებმა გაილაშქრეს რუსეთზე (1068, 1092, 1093, 1096), უნგრეთზე (1070, 1091, 1094), ბიზანტიაზე (1087, 1095). მშვიდობიანობის დროს რუსი მთავრები უნათესავდებოდნენ ყივჩაყ მთავრებს. რუსეთის ბრძოლა ყივჩაყებთან დამთავრდა მათი დიდი ნაწილის განადგურებით (1103-1116). ამის შემდეგ დონის ნაპირებზე დარჩა მხოლოდ სარჩაქ-ხანის პატარა ურდო, რომელსაც მისი ძმა ათრაქა მართავდა. დავით IV აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში 40 ათასი ყივჩაყი გადმოასახლა. აღმაშენებელმა ცოლად შეირთო ყოვჩაყთა ერთ-ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი.

XII საუკუნის 80-იან წლებში ყივჩაყები მომძლავრდნენ და რუსეთს შეუტიეს, მაგრამ რუსეთის მთავრების ლაშქრისგან, ხოლო 1223 წელს კალკასთან ბრძოლაში მონღოლებისაგან განცდილი მარცხის (რუსებთან ერთად) შემდეგ დაკარგეს ძალა და გავლენა. ყივჩაყების ნაწილი უნგრეთში გადასახლდა, სხვები ოქროს ურდოს შემადგენლობაში გაითქვიფნენ. რუსების ბრძოლას ყივჩაყებთან აღწერს „ამბავი იგორის ლაშქრობისა“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 10, გვ. 641-642, თბ., 1986