სოხუმის სამხედრო გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფხაზეთის რუკა
ქლუხორის უღელტეხილი

სოხუმის სამხედრო გზააფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე ქლუხორის უღელტეხილით (2782 მ) გამავალი გზის ისტორიული სახელწოდება. სოხუმს (საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) აკავშირებს ქალაქ ჩერკესკთან (რუსეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი). სიგრძე 274 კმ. იწყება სოხუმ-თბილისის გზატკეცილიდან სოფელ მაჭარასთან, მდინარეების მაჭარისა და ჯამპალის ხეობებით გადის მდინარე კოდორის მარჯვენა სანაპიროზე, მიყვება 50 კილომეტრზე, გადაჰკვეთს მდინარე კოდორს სოფელ მარცხენა გენწვიშთან და აუყვება მდინარეების გვანდრისა და კლიჩის ხეობებს ქლუხორის უღელტეხილამდე.[1]

ჩრდილოეთით გზა დომბაის ველზე გადადის, გაივლის კურორტ თებერდას და მდინარე თებერდის ხეობის გაყოლებით ქალაქ ჩერკესკთან მთავრდება. პირველი დასახლებული პუნქტი ქლუხორის უღელტეხილის შემდეგ აფხაზეთის მხრიდან არის სოფელი აჟარა. ყარაჩაი-ჩერქეზეთის მხარეზე არსებული გზის დიდი ნაწილი ასფალტირებულია. გონაჩხირის ხეობასთან ასფალტირებული გზა მთავრდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარე ნაკლებად არის ასფალტირებული. ქლუხორის უღელტეხილი (2782 მ) წარმოადგენს სოხუმის სამხედრო გზის ყველაზე მაღალ პუნქტს.[2]

გასული საუკუნის შუა წლებში მოუვლელობის გამო გზატკეცილი თანდათანობით დაინგრა და ბოლოს ავტოტრანსპორტისათვის გაუვალი გახდა.

1960-იანი წლებიდან სოხუმის სამხედრო გზა სამხრეთიდან მხოლოდ სოფელ ომარიშარის ზემოთ ტურისტულ ბაზამდე – ეგრეთ წოდებულ „სამხრეთის თავშესაფრამდე“ (რუს. „Южный приют“) და ჩრდილოეთიდან – ეგრეთ წოდებული „ჩრდილოეთის თავშესაფრამდე“ (რუს. „Северный приют“) მოქმედებდა.

საავტომობილო მოძრაობა განვითარებული არ არის. სატრანსპორტო კავშირი დამოკიდებულია გარემო პირობებზე. ზამთარში ხშირია თოვლზვავები. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ პირდაპირი გამჭოლი გზით მოძრაობა ჩაიკეტა. 2009 წელს გზის აღდგენის შესახებ ინიციატივით გამოვიდა სერგეი ბაგაფში და ბორის ებზეევი.[3]

სოხუმის სამხედრო გზის მიდამოებში ბევრი მინერალური წყაროა. მთიან რეგიონში გამოხატულია ლანდშაფტური ზონები: მთა-ტყის, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური. გზაზე მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური, ისტორიული, რევოლუციური, ეთნოგრაფიული, არქიტექტურული ძეგლები და დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ადგილებია.[1]

მდინარეების გვანდრისა და კლიჩის შეერთების ადგილას დადგმულია კავკასიონის დამცველ საბჭოთა მეომართა მემორიალი. სოხუმის სამხედრო გზაზე გადის საკავშირო ტურისტული მარშრუტი. უღელტეხილი იკეტება სექტემბრის მესამე დეკადიდან ივნისის მეორე დეკადამდე.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]