საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
Terres australes et antarctiques françaises, abbreviated საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
|||||
---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Liberté, Égalité, Fraternité“ | |||||
|
|||||
დედაქალაქი | პორტ-ო-ფრანსე 49°15′ ს. გ. 69°10′ ა. გ. / 49.250° ს. გ. 69.167° ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | ||||
მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | ფრანსუა ოლანდი | |||
- | პრეფექტი | სესილ პოსო დი ბორჟო | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 439 781 კმ2 | |||
მოსახლეობა | |||||
- | შეფასებით | 140 | |||
ვალუტა | ევრო | ||||
დროის სარტყელი | UTC+04:00 და UTC+05:00 | ||||
Internet TLD | .tf |
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია, შემოკლებით TAAF (ფრანგ. Terres australes et antarctiques françaises (TAAF)) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელსაც გააჩნია სპეციალური სტატუსი. ეს ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთით და შედგება ხუთი ადმინისტრაციული რეგიონისგან:
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები (სენ-პოლისა და ამსტერდამის კუნძულები), კროზეს კუნძულები და კერგელენის არქიპელაგი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ხოლო ეპარსეს კუნძულები მდებარეობს მის დასავლეთ ნაწილში, მადაგასკარის კუნძულიდან შორიახლოს. ადელის მიწა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთი, მდებარეობს ანტარქტიდაში.
სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები წარმოადგენენ ვულკანური წარმოშობის, კლდეებით გარშემორტყმულ ორ კუნძულს. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 867 მეტრ სიმაღლეზე (დე ლა დივის მთა).
მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები მდებარეობენ ეკვატორთან უფრო ახლო, ვიდრე სამხრეთ პოლუსთან, მათ ხშირად მიაკუთვნებენ სუბანტარქტიკულ კუნძულებს. კლიმატი საკმაოდ რბილი და თანაბარია: ყველაზე ცივი თვის (ივლისი და აგვისტო) ტემპერატურაა — დაახლოებით 11 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) — 17,5 °C.
კუნძულებზე ბევრი ხეებია, თუმცა ადამიანების მიერ აღმოჩენამდე იქ იზრდებოდა მხოლოდ ბალახი და ბუჩქების რამდენიმე სახეობა. ცხოველთა სამყაროს წარმოადგენენ პინგვინები, სელაპები და ზღვის ფრინველები; აქ ასევე იმყოფებიან ადამიანის მიერ შემოყვანილი ძროხები.
კროზეს კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგი შედგება ექვსი ვულკანური კუნძულისაგან და მათზე გარშემორტყმული მცირე რაოდენობით მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მანძილი ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულსა და ყველაზე აღმოსავლეთ კუნძულს შორის შეადგენს 100 კმ-ზე მეტს. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1050 მეტრ სიმაღლეზე (მარიონ დიუფრენის მთა).
კროზეს კუნძულებზე არ არსებობენ მყინვარები, მაგრამ კლიმატი ნოტიო და ქარიანია. ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2000 მმ-ს წელიწადში, უპირატესად წვიმის სახით. კუნძულებზე 300 დღეზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოდის წვიმა. წელიწადში 100 დღეზე მეტი ქარის დღის საშუალო სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს ზამთარში −5 °С-დან ზაფხულში +18 °C-მდე. თვის საშუალო ტემპერატურაა — +2 °С-დან +11 °C-მდე.
კუნძულებზე იმყოფება ოქროსთმიანი პინგვინების და სამეფო პინგვინების დიდი პოპულაცია. პინგვინების სხვა სახეობები (პაპუანური პინგვინი) წარმოდგენილია მცირე კოლონიებით.
პინგვინების გარდა არქიპელაგზე ბინადრობენ სელაპები, ხოლო ზღვის ფრინველებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია ქარიშხალები და ალბატროსები.
კერგელენის არქიპელაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულების ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი დიდი კუნძულისგან და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მთელი არქიპელაგის ფართობი შეადგენს 7215 კმ²-ს. მთავარ კუნძულს, სახელად გრანდ-ტერი დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე აქვს სიგრძე დაახლოებით 150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 120 კმ. მთელი არქიპელაგის და კუნძულ გრანდ-ტერის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1850 მეტრ სიმაღლეზე (როსის მთა).
არქიპელაგის კლიმატი მკაცრი, წვიმიანი და ქარიანია. ქარი ხშირად აღწევს 150 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო ზოგჯერ 200 კმ/სთ-საც. ყველაზე ცივი თვის ჰაერის ტემპერატურა (აგვისტო) − 1-0 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) +9 °C. არქიპელაგზე არ არსებობს არც დიდი ყინვები და არც ძლიერი სიცხე. დღის ტემპერატურა, +15 °C-ზე უფრო მეტი საკმაოდ იშვიათადაა.
კერგელენის არქიპელაგზე იმყოფება პინგვინების, სხვა ზღვის ფრინველების და ნამდვილი სელაპების — სამხრეთის ზღვის სპილოების (ლათ. Mirounga) მსხვილი კოლონია. ასევე არსებობენ ბოცვრების და შინაური კატების (ადამიანების მიერ შემოყვანილი) შემდგომში გაველურებული პოპულაციები. არქიპელაგი დაფარულია ბალახით, მთავარ კუნძულზე ზოგ ადგილას იზრდება ძლიერი ქარის გამო მიწაზე გაწვენილი ბუჩქები. ყველაზე გავრცელებული მცენარეა — კერგელენის კომბოსტო.
ეპარსეს კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გლორიოსის, ჟუან-დი-ნოვას, ბასას-და-ინდიას და ევროპის კუნძულები მდებარეობენ მოზამბიკის სრუტეში მოზამბიკსა და მადაგასკარს შორის. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ტრომელინი. მათი საერთო ფართობია — 44 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია — ევროპა (28 კმ²).
ეპარსეს კუნძულების კლიმატი ტროპიკულია. ისინი მდებარეობენ ციკლონების გზაზე, რომლებიც მოძრაობენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მთიანი კუნძული ბლოკავს ღრუბლების მოძრაობას.
თითოეული კუნძულის მცენარეული სამყარო უნიკალურია. კუნძულ ევროპაზე ხარობს რძიანას ტყეები, გლორიოსის კუნძულებზე — მანგროს ტყეები, ჟუან-დი-ნოვას კუნძულზე — უნიკალური ქოქოსის პალმა და კაზუარინა, ტრომელინის კუნძულზე — ბალახები და ბუჩქები, ხოლო ბასას-და-ინდიას ატოლზე მცენარეულობა საერთოდ არ არსებობს. მაგრამ, მიუხედავად მცენარეების მცირე რაოდენობის სახეობებისა, კუნძულების ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. კერძოდ, წყალქვეშა ფაუნა წარმოდგენილია მარჯნებით, რომლებიც წარმოქმნიან მარჯნის რიფებს და გარს ერტყმიან თითოეულ კუნძულს, ასევე ზღვის კუებით, რომლებითაც სავსეა ევროპის და ტრომელინის კუნძულების ნაპირები. კუნძულ ევროპაზე ასევე არსებობს ზღვის ფრინველების კოლონიები, ისეთების როგორებიცაა: ფრეგატები, ნიჩაბფეხიანები და ფლამინგოები. კუნძულ ევროპაზე ბინადრობენ ველური თხები. მწერებიდან აღსანიშნავია კოღოები.
ადელის მიწა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელის მიწის ტერიტორიის საზღვრები გადის ანტარქტიდის სანაპიროზე წერტილებს შორის, რომელთა კოორდინატებია ს. გ. 66°12′ ა. გ. 136°11′ და ს. გ. 66°48′ ა. გ. 142°02′, ამ წერტილებიდან საზღვარი გადის კონტინენტის სიღრმეში 2600 კმ-ით, თვით სამხრეთ პოლუსამდე. სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 350 კმ-ს. შექმნილი ტერიტორიის ფართობი შეადგენს 432 000 კმ²-ზე მეტს, რომელიც თითქმის მთლიანად დაფარულია ყინულით.
კლიმატი მკაცრია, ძლიერი ქარების გამო ხშირად ხდება ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია. პოლარულ სადგურ დიუმონ დ’იურვილზე ზაფხულის საშუალო ტემპერატურა (იანვარი, თებერვალი) მერყეობს საზღვრებში −1 °C-დან +7 °C-მდე, ხოლო ზამთრის (ივლისი, აგვისტო) — −15 °C-დან −20 °C-მდე (უნდა აღინიშნოს, რომ სადგური მდებარეობს სანაპიროზე).
ტერიტორიის ფაუნა განსაკუთრებით მდიდარია ფრინველებით. ადელის მიწაზე ბინადრობენ იმპერატორის და ანტარქტიდული პინგვინები, ადელის პინგვინები, სამხრეთპოლარული მეზღვიები, კაპის ქარიშხალები, სამხრეთის გიგანტური ქარიშხალები და თოვლის ქარიშხალები. ძუძუმწოვრები ძირითადად წარმოდგენილია ნამდვილი სელაპებით (უედელის სელაპი, კიბოსმჭამელი სელაპი, ზღვის ლეოპარდი) და ცელნამგალა ვეშაპით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1774 წელს საფრანგეთმა არქიპელაგი კერგელენი გამოაცხადა თავის სამფლობელოდ. 1892 წლის 23 აგვისტოს ზუსტად იგივე მოხდა გლორიოსის კუნძულებთან მიმართებაში. შემდგომში, 1897 წლის ოქტომბერში, ფრანგული გახდა კუნძულები ბასას-და-ინდია, ევროპა და ჟუან-დი-ნოვა. 1924 წლის 21 ნოემბერს სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები ჩართეს მადაგასკარის ტერიტორიის შემადგენლობაში, მაგრამ 1955 წელს ეს კუნძულები ხელმეორედ მიუერთეს საფრანგეთს; არქიპელაგ კერგელენთან, კროზეს კუნძულებთან და ადელის მიწასთან ერთად ისინი გამოცხადნენ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებად და მოიპოვეს ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია. 2007 წლის 21 თებერვლის კანონის თანახმად კუნძულები ბასას-და-ინდია, ევროპა, გლორიოსი, ჟუან-დი-ნოვა და ტრომელინი შეყვანილია საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების შემადგენლობაში.
პოლიტიკური მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წლის 6 აგვისტოდან საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია. თავიდან ტერიტორია იმართებოდა პარიზიდან, მაგრამ 2000 წლიდან იგი იმართება რეიუნიონიდან (ქალაქი სენ-პიერი), თუმცა ტერიტორიულად არ შედის მის შემადგენლობაში.
მისი ხელმძღვანელია პრეფექტი (2014 წლის 18 სექტემბრიდან — სესილ პოსო დი ბორჟო), რომელსაც ემორჩილებიან ოლქების მეთაურები. ხელისუფლების მეორე ინსტიტუტია — საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სამმართველოების ხელმძღვანელებით: ტექნიკური, სამედიცინო, ადმინისტრაციული და ფინანსური საქმეების, ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების, საერთაშორისო საქმეების, უსაფრთხოების და სხვა.[1]
ტერიტორიული პრეტენზიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის უფლებები ადელის მიწაზე არ არის აღიარებული საერთაშორისო თანასაზოგადოების მიერ: მაგალითად, 1959 წლის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, ამ ტერიტორიებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით და როგორც მოედანი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
მადაგასკარს გააჩნია პრეტენზიები კუნძულებზე: ბასას-და-ინდია, გლორიოსი, ევროპა და ჟუან-დი-ნოვა, რომლებიც შედიან ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში — საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ოლქში.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციულად ეს ტერიტორიები რეიუნიონს ექვემდებარება, თუმცა ისინი რეუნიონის უშუალო ნაწილად არ განიხილება. აქ მდებარეობს ფრანგული კვლევითი სადგური დიომონ დ'იორვილი. ანტარქტიდული ტერიტორია საერთაშორისოდ არ არის აღიარებული, როგორც საფრანგეთის საკუთრება.
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში შედის ხუთი ადმინისტრაციული რეგიონი:
რეგიონი (ქართ.) | რეგიონი (ფრანგ.) | ადმინისტრაციული ცენტრი | მოსახლეობა ად. |
ფართობი კმ² | |
---|---|---|---|---|---|
ზამთარი | ზაფხული | ||||
ამსტერდამის და სენ-პოლის კუნძულები | l'île Amsterdam, l'île Saint-Paul | მარტინ-დე-ვივიე | 25 | 45 | 61 |
კროზეს კუნძულები | Îles Crozet | ალფრედ-ფორი | 25 | 45 | 352 |
კერგელენი | les îles Kerguelen ან les îles de la Désolation | პორტ-ო-ფრანსე | 70 | 110 | 7215 |
ადელის მიწა | la Terre Adélie | დიუმონ-დ’იურვილი | 30 | 110 | 432 000 |
ეპარსეს კუნძულები | Îles Éparses | სენ-პიერი | — | — | 38,6 |
სულ | სენ-პიერი | 150 | 310 | 439 781 | |
წყარო: Organigramme des Terres australes et antarctiques francaises დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული) |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიებს არასოდეს არ ჰყოლიათ მკვიდრი ან მუდმივი მოსახლეობა (მათი კოლონიზაციის ზოგიერთი ძველად გაკეთებული ცდების გარდა), მაგრამ ზოგიერთ მიწას ჰყავს დროებითი მოსახლეობა: ესენი არიან ფრანგი მეცნიერები და სამხედროები. მაგალითად, 2006 წელს რეგიონში იმყოფებოდა დაახლოებით 600 ადამიანი, მათ შორის 400 — მივლინებული მეცნიერი, ხოლო დანარჩენი 200 — სამხედრო. მძიმე კლიმატური პირობების შედეგად, ზაფხულში (დეკემბერ—თებერვალში) მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ზამთარში. კუნძული ამსტერდამი არის ერთადერთი მუდმივად დასახლებული ადგილი, მის ადმინისტრაციულ ცენტრ მარტინ-დე-ვივიეში ცხოვრობს 45 მეცნიერ-თანამშრომელი. ეპარსეს კუნძულები საერთოდ არაა დასახლებული.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ტერიტორიები პირველ რიგში ფასეულია თავისი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონით, რომელშიც შეიძლება იწარმოებოდეს სასარგებლო წიაღისეულის (მაგალითად, მეთანის ჰიდრატი), თევზის და კიბორჩხალების მოპოვება. ზღვის პროდუქტების მოპოვება ზოგჯერ ხორციელდება გემებით, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ, რის გამოც წყლების პატრულირებას ახდენენ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები. ყველაზე უფრო ხშირად ხდება პატაგონიის ეშვიანის და ლანგუსტების რეწვა.
ეკონომიკური აქტიურობის მეორე სახეა — მეტეოროლოგიური და გეოფიზიკური სადგურების მომსახურება. ამას გარდა, საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიებზე 1955 წლიდან უშვებენ საკუთარ საფოსტო მარკებს.
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიების ჯამური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 16 მილიონ ევროს წელიწადში.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვა — ერთადერთია, რაც აკავშირებს საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიებს გარე სამყაროსთან. ამ ტერიტორიებზე არ არსებობს არც აეროპორტი და არც აეროდრომი. გამონაკლისია ევროპის, გლორიოსის, ჟუან-დი-ნოვას და ტრომელინის კუნძულები — მათ აქვთ პრიმიტიული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელსაც მხოლოდ მეცნიერები იყენებენ. 1980 წლიდან სცადეს აეშენებინათ აეროდრომი ანტარქტიდული სადგურ დიომონ დ'იორვილის შორიახლოს, მაგრამ 1996 წელს ეს იდეა საბოლოოდ უარყოფილი იქნა: გათვლებმა აჩვენეს, რომ მისი შენახვის ხარჯები იქნებოდა საკმაოდ დიდი.
კერგელენის არქიპელაგის ადმინისტრაციული ცენტრის — პორტ-ო-ფრანსეს ადგილი — იმთავითვე შეირჩა იმ გათვლებით, რომ მასთან ახლოს იქნებოდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, მაგრამ პროექტი ასევე არ იქნა რეალიზებული.
საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიებს არა აქვთ მსხვილი პორტები — აქვთ მხოლოდ პატარა ნავსაყუდლები. ალტერნატივის არარსებობის გამო დასახლებული პუნქტები და სამეცნიერო-ტექნიკური სადგურები მარაგდება სამეცნიერო-კვლევითი გემით „მარიონ დიუფრენ II-ით“ (ფრანგ. Marion Dufresne 2), რომელიც გაჩერებულია რეიუნიონში. საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიების ანტარქტიდულ მიწებს ემსახურება გემი „ასტროლაბია“ (ფრანგ. L'Astrolabe), რომელიც გაჩერებულია ქალაქ ჰობარტში (ავსტრალია).
კერგელენის არქიპელაგზე, მიუხედავად გზების არარსებობისა, გამოიყენება ავტომობილი. ავტოპარკი საკმაოდ ღარიბია და ძირითადად შედგება „Renault“ მანქანებისგან. თითოეული სატრანსპორტო საშუალება სავალდებულოდ ოფიციალურად რეგისტრირდება და იღებს საავტომობილო ნომერს, რომელშიც პირველი ორი ციფრი მიუთითებს ექსპლოატაციაში შესვლის წელს, ხოლო დანარჩენი ოთხი — ავტომობილის სერიული ნომრის ბოლო ოთხ ციფრს.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წლიდან საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიები მთლიანად გახსნილია ტურისტებისათვის. კროზეს, კერგელენის და ამსტერდამის კუნძულებამდე მისვლა შეიძლება გემით „მარიონ დიუფრენ II“: მოგზაურობას სჭირდება დაახლოებით 28 დღე, რომელთაგან 12–14 დღე გადის ზღვაზე (ცუდი ამინდის გამო გაუთვალისწინებელი საშუალედო გაჩერებების გარდა). პირველი ტურისტები (დაახლოებით 30 ადამიანი) იქ ასეთი მეთოდით მივიდნენ 2009 წელს. მაგრამ საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ ახორციელებს ტურისტების ჩაყვანას ადელის მიწაზე.
საკუთარი გემებით მისვლა შესაძლებელია, მაგრამ მკაცრად რეგლამენტირებულია. ნაპირზე მისადგომად საჭიროა წინასწარ მიიღოთ ადგილობრივი პრეფექტის თანხმობა. ზოგიერთ ზონაში შეღწევა გახსნილია მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მისიებისთვის. ადამიანებს, რომლებიც არ არიან საფრანგეთის მოქალაქეები, უნდა ჰქონდეთ მოქმედი ვიზა.
ინტერნეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს ზედა დონის დომენი — .tf.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკიმედია-ატლასი: საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები(ინგლისური)
- საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიები, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ოფიციალური საიტი (ფრანგული)
- საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიები დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) სამყაროს ფაქტების წიგნში
- ინფორმაცია საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შესახებ «Discover France!»-ის საიტზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Organigramme des Terres australes et antarctiques francaises (PDF). საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ოფიციალური საიტი (2013-10-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-30.