ფარფლფეხიანები (ლათ.Pinnipedia), სახეობების უმეტესობა ასევე ცნობილია, როგორც სელაპები — წყლის ძუძუმწოვრების ჯგუფი. მათი სხეული თითისტარისებურია. უმეტესობა შემოსილია უხეში ფაცახით. თივთიკი არა აქვთ. კუდი მოკლეა. ხუთთითიანი კიდურები ფარფლებადაა გარდაქმნილი. ზოგის კანქვეშა ცხიმის სისქე 8 სმ აღწევს. აქვთ 18-იდან (მორჟები) 38-მდე (ყურებიანი სელაპები) კბილი, მძლავრი ეშვები, კარგად განვითარებული თავის ტვინი. ფარფლფეხიანები წყალში კარგად ხედავენ, გრძნობენ ბგერებსა და სუნს. ნესტოები იხსნება მხოლოდ ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის დროს. ფარფლფეხიანებს ხანგრძლივად შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა. წყალში საკმაოდ სწრაფად, ხოლო ხმელეთზე მოუხეშავად მოძრაობენ. იკვებებიან თევზებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით და სხვა. ყვინთვის დროს პულსი კლებულობს (წუთში 55—180-იდან 4—15-მდე). სხეულის ტემპერატურაა 36—37°C. ფარფლფეხიანები უფრო მეტ დროს წყალში ატარებენ, დროდადრო ზედაპირზე ამოტივტივდებიან ან ნაპირზე გამოდიან დასასვენებლად. განსაკუთრებით გამრავლების დროს, დედალი სელაპები, ზღვის კატები და ზოგიერთი სხვა ფარფლფეხიანები სქესობრივად მწიფდებიან 3 წლისა, მორჟი — 6 წლისა. მამლები კი ერთი წლის დაგვიანებით აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. მაკეობა გრძელდება 8—12 თვემდე. შობენ ერთ (იშვიათად ორ) ნაშიერს. რძე დაახლოებით 36—52%-მდე ცხიმს შეიცავს. ფარფლფეხიანები მეტწილად გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ცივი და ზომიერი სარტყლების ზღვებში. თითო სახეობა მოიპოვება კასპიის ზღვაში, ბაიკალის, ლადოგისა და საიმის ტბებში. ფარფლფეხიანების უმრავლებობა ხროვად ცხოვრობს და ყინულოვან სანაპიროებზე ქმნის საკმაოდ ფართო საწოლარებს.