ივანე გვარამაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე გვარამაძე
ივანე გვარამაძე .jpg
დაბ. თარიღი 17 ოქტომბერი 1831(1831-10-17)
დაბ. ადგილი ვალე, ახალციხის მაზრა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 24 მაისი 1912(1912-05-24) (80 წლის)
გარდ. ადგილი ახალციხე, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ივანე გვარამაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1831, ვალე — გ. 24 მაისი, 1912, ახალციხე) — ქართველი კათოლიკე სასულიერო პირი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე გვარამაძე დაიბადა პავლე გვარამაძის, ვალეში მცხოვრები ქართველი კათოლიკეს ოჯახში. სწავლობდა ახალციხის კათოლიკეთა დაწყებით სასწავლებელში (რომელსაც არქიმანდრიტი პ. შაჰყულიანი ხელმძღვანელობდა) სტამბოლს, სადაც ქართველმა განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს ახალი დაარსებული ჰქონდა (1850-იანი წლებიდან) სამონასტრო სასწავლებელი ფერი-ქოა. იქიდან საშუალება ეძლევა განაგრძოს თავისი განათლება ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში.

ეროვნული მოძრაობა ივანე გვარამაძის ხელმძღვანელობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთის ქართველთა პატრიოტული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მრავალმხრივმა მოღვაწე ივანე პავლეს ძე გვარამაძემ წარუშლელი კვალი დატოვა მხარისა და მთელი საქართველოს იმდროინდელ ცხოვრებაში. ის ხანგრძლივად მოღვაწეობდა მრავალ სფეროში: იყო პედაგოგი, პედაგოგიური ლიტერატურის შემქმნელი და გამომცემელი, კათოლიკე მოძღვარ-თეოლოგი, ისტორიკოსი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, კალიგრაფი, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი.

პატრიოტული გრძნობით აღსავსე ივანე გვარამაძე მტკივნეულად განიცდიდა საქართველოსა და, განსაკუთრებით, მესხეთის დაქვეითებულ მდგომარეობას. მისი საზოგადო ასპარეზზე გამოსვლის დროს, XIX საუკუნის შუა ხანებში ოსმალეთიოსმალეთის ბატონობის შედეგებისა და რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გამო სამცხე-ჯავახეთის ქართველობაში კულტურული განვითარება შეფერხებული იყო, მკვიდრი ქართველი მოსახლეობა იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, რასაც ემატებოდა რუსეთის მთავრობის მხრივ მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება (მხარეში დიდი რაოდენობით ჩამოსახლებული კოლონისტებისგან განსხვავებით); XIX საუკუნის II ნახევრიდან კი გაძლიერდა მხარის ქართველობის ეროვნული ჩაგვრა, ქართველი კათოლიკეებისა და მაჰმადიანების ეროვნული გადაგვარების პროცესები.

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველივე ამგვარი პროცესების საწინააღმდეგოდ სამცხე-ჯავახეთში გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც გამოიხატებოდა ძირითადად ენერგიული კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობით, ქართველ კათოლიკეთა და მაჰმადიანთა ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების საწინააღმდეგო მოძრაობით, ქართველთა ეროვნული ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მოქმედებებით. მხარის აღნიშნული პატრიოტული მოძრაობა მჭიდროდ დაუკავშირდა მთელს საქართველოში ფართოდ გაშლილ, ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით წარმართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ატარებდა მშვიდობიან და აღმშენებლობით ხასიათს.

პედაგოგიური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-ჯავახეთის ქართველთა პატრიოტული მოძრაობის წამყვანი მოღვაწე ივანე გვარამაძე დაიბადა ახალციხის მაზრის სოფელ ვალეში. მძიმე შრომამ და ოჯახურ საქმეებში მონაწილეობამ მას მრავალგზის შეუშალა ხელი განათლების მიღებაში. 1865 წელს მან დაამთავრა გიუმრის კათოლიკეთა სასწავლებელი, მღვდლად კი ეკურთხა 1868 წელს. 1869 წლიდან გაამწესეს სოფელ ხიზაბავრაში მღვდლად, სადაც 70-იანი წლების. მეორე ნახევარში ეკლესიასთან სკოლა გახსნა. 1880 წლების დასაწყისიდან ის გადაყვანილი იქნა ახალციხეში მღვდლად, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიასთან დააფუძნა საერო სასწავლებელი და დიდხანს მოღვაწეობდა მასში. იგი დიდად თანაუგრძნობდა სახალხო განათლების საქმეს და თვითონაც ზრუნავდა თავის თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებზე, იბრძოდა მშობლიურენოვანი სწავლების დამკვიდრებისა და სწავლების ჯანსაღი პედაგოგიური მეთოდებით წარმართვისათვის, იღწვოდა წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გავრცელებისათვის...

ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის დროს ის დარწმუნდა სასწავლო ლიტერატურის შექმნის საჭიროებაში, რისთვისაც მან საკმაოდ იშრომა და დაწერა ან თარგმნა სასკოლო და ზნეობრივ-თეოლოგიური ხასიათის სახელმძღვანელოები, იყო რამდენიმე წიგნის გამომცემელიც, რომელსაც იყენებდა თავის პედაგოგიურ საქმიანობაში. ივანე გვარამაძემ დიდი ამაგი დასდო მესხეთში ჰუმანიტარული მიმართულებით მეცნიერულ კვლევას. იგი 1860-იანი წლებიდან დაუღალავად კრებდა ისტორიულ წერილობით თუ ზეპირსიტყვიერ წყაროებს, გადაწერდა ხოლმე მრავალ საერო თუ საეკლესიო ხასიათის ძველ საბუთებს, აღწერდა მესხეთში უხვად შემორჩენილ ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს, ეცნობოდა საისტორიო-სამეცნიერო ლიტერატურას. ყოველივე ამაზე დაყრდნობით ის წერდა და აქვეყნებდა საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომებსა და სტატიებს, რითაც მრავალი ცნობა შემოგვინახა და მესხეთში საფუძველი ჩაუყარა საისტორიო კვლევებს. მან განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა მესხეთის უკანასკნელი საუკუნეების ისტორიის კვლევაში. ივანემ შეკრიბა და გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა. თავის მიერ შეგროვილი წერილობითი, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა კოლექციის საფუძველზე XX საუკუნეში შეიქმნა ახალციხის ისტორიული მუზეუმი, სადაც დაცულია მისი ნაშრომების დიდი ნაწილი და შეკრებილი მასალა. აკაკი წერეთლის მოწოდებით მან 1906 წლიდან დაიწყო მუშაობა ქართული ლექსიკონზე, შეკრიბა და განმარტება დაურთო დაახლოებით 13 სიტყვას, რომლებიც არც სულხან-საბა ორბელიანისა და არც დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონში არ მოიპოვებოდა. ამ ლექსიკონის ხელნაწერი ბოლომდე დამთავრებული არაა.

კულტურაზე ზრუნვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე გვარამაძემ ბევრი იზრუნა და იბრძოლა მესხეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების შემოსანახად და დასაცავად, რომელსაც გაუფრთხილებლობით თუ განხრახ აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, მეტადრე სხვადასხვა ეროვნების გადმოსახლებული მცხოვრებლები. ივანე ქართულ პრესაში ამხელდა სიძველეების ნგრევას, არქიტექტურული ძეგლების ქვების (მათ შორის წარწერიანი და ჩუქურთმიანი ქვების) სახლების მშენებლობისათვის გამოყენებას, მართლმადიდებლური ტაძრების მეჩეთებად და სომხურ ეკლესიებად გადაკეთებას. 70-80-იან წლებში ხშირად მოინახულებდა ხოლმე და ხალხს მოუწოდებდა ეკლესიებისა და ციხეების მოფრთხილებისაკენ, საზოგადოების წინაშე კი აყენებდა ისტორიულ-არქეოლოგიური საზოგადოების შექმნის საკითხს. მაგრამ მას მესხეთის ძეგლების დასაცავად არც რაიმე შესაძლებლობა და არც უფლებამოსილება გააჩნდა. თუმცა 70-80-იანი წლების მიჯნაზე მან ქართველი საზოგადოების წინაშე მწვავედ დააყენა ეს პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად 90-იან წლებში მომწიფდა საზოგადო აზრი; ამის შემდეგ მესხეთის კულტურის ძეგლებს გამოუჩნდნენ ენერგიული დამცველები, როგორიც იყო, მაგალითად, მხარის მართლმადიდებელი დეკანოზი, ბლაღოჩინი დიმიტრი ხახუტაშვილი. ივანე გვარამაძე ათეულობით წლის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებსა და წერილებს გაზეთებში დროება და ივერია და სხვა ქართულ პერიოდულ გამოცემებში, საზოგადოებას მოუწოდებდა განათლებისაკენ, პატრიოტული მოქმედებებისა და ზნეობრივად ამაღლებისაკენ... ივანეს შემოქმედებით საქმიანობიდან აღსანიშნავია პოეტური მოღვაწეობა. იგი 1860-იანი წლებიდან წერდა ლექსებსა და პოემებს, რომლებსაც აქვეყნებდა პერიოდულ თუ ცალკე გამოცემებში. მათში ის მტკივნეულად განიცდიდა სამშობლოს უღიმღამო აწმყოს და მას იქვე ადარებდა საქართველოსა და, განსაკუთრებით, მესხეთის აყვავებულ წარსულს; ეძლეოდა რომანტიკულ განცდებს. თუმცა ის პესიმისტურად არ იყო განწყობილი და ხედავდა ქართველთა ცხოვრების გამოსწორების საკმაო შესაძლებლობებსა და გზებს. ამისთვის მოუწოდებდა ის თანამემამულეებს სამშობლოზე ზრუნვისკენ, შრომისკენ, ზნეობის ამაღლებისაკენ, გაერთიანებისაკენ, განსაკუთრებით კი განათლებისაკენ.

ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე გვარამაძის პატრიოტული მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბრძოლა სამცხე-ჯავახეთის ქართველთა ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების წინააღმდეგ. ეს პრობლემა მძაფრად იგრძნობოდა რელიგიურ ცხოვრებაში: მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში იზღუდებოდა მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვა, საეკლესიო სასწავლებლებში - ქართული ენა, ქართველ კათოლიკეთა ნაწილი განიცდიდა ეროვნულ გადაგვარებას, ქართველ მუსლიმანებში კი მტკიცდებოდა მაჰმადიანობა, და ისინი თანდათანობით თურქდებოდნენ. ივანე გვარამაძე თანაუგრძნობდა მართლმადიდებელ ქართველებს ეკლესიებში ქართული ენის შევიწროებისა და მათი უმრავლესობისათვის გაუგებარი სლავიანური მსახურების დაწესების გამო, ასევე, სინანულს გამოთქვამდა ქართველი პატრიოტი სასულიერო პირების დევნის გამო, XIX საუკუნის დასასრულისათვის ეკლესიაში მომძლავრებული უარყოფითი მოვლენების გამო. ივანე განსაკუთრებით მედგრად იბრძოდა და იღწვოდა ქართველი კათოლიკეების ეროვნული ჩაგვრისა და გადაგვარების წინააღმდეგ ათეული წლების განმავლობაში. 1886, 1891 და 1893 წლებში რუსეთის მთავრობის დადგენილებებით კავკასიის კათოლიკურ ეკლესიებში აიკრძალა წირვა-ლოცვის ქართულად ჩატარება. ივანე გვარამაძე ამ აკრძალვებს მედგრად დაუპირისპირდა, არ სცნობდა მთავრობის მიერ ეკლესიის საქმეებში უხეშად ჩარევას და დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას ქართველი მრევლის ამგვარ შევიწროებას. მაგრამ ბოლოს ისიც აიძულეს, სომხურად ჩაეტარებინა მსახურება ეკლესიაში. მისი ამგვარი შემართება სხვა ქართველ მღვდლებსაც ამხნევებდა, რომელთა ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა ამგვარ პოლიტიკას. 1890-იანი წლების შუა ხანებიდან ქართველმა კათოლიკე სამღვდელოების ნაწილმა დაიწყო შუამდგომლობა რუსეთის მთავრობის, სარატოვის ეპისკოპოსისა და ვატიკანის წინაშე, რომ ან გაუქმებულიყო ქართული ენის დევნა, ან სომხურ-კათოლიკური ტიპიკონიდან გადასულიყვნენ ლათინურ ტიპიკონზე. ივანე ამ საკითხების ირგვლივ თანამშრომლობდა რომში მოღვაწე პატრ მიხეილ თამარაშვილთან და სარატოვში მოღვაწე პატრ იოანე ანტონაშვილთან; ადგენდნენ თხოვნებსა და საჩივრებს ამგვარი პრობლემების გამო, მრევლსა და საზოგადოებას განუმარტავდნენ ქართველ კათოლიკეთა ეროვნული პრობლემის არსს, პოლემიკაში ერთვებოდნენ ოპონენტებთან პრესის ფურცლებზე, ისტორიულად ასაბუთებდნენ ქართველი კათოლიკეების არსებობას წარსულშიც. ყოველივე ამგვარი მოღვაწეობის შედეგად ქართველ კათოლიკეთა პატრიოტთა მოძრაობა ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა, რომელსაც მხარს უჭერდა მთელი ქართველი საზოგადოება. ქართველ კათოლიკეთა საკითხის მოგვარებისათვის ივანე ბრძოლის გარდა ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას ქართველ კათოლიკეთა მრავალსაუკუნოვანი არსებობის დასადასტურებლად, ხელს უწყობდა კათოლიკური სასწავლებლების მოქმედებასა და იქ პატრიოტულად აღზრდილი მომავალი სამღვდელობის თუ თეოლოგიური განათლების მქონე პირთა მომზადებას, მათ ქართველ კათოლიკეთა პატრიოტულ მოძრაობებში ჩართვას. ამ საკითხის გადაჭრასაც ემსახურებოდა მის მიერ თეოლოგიური შინაარსის წიგნებისა და სტატიების თარგმნა და წერა. ქართველ კათოლიკეთა პატრიოტული მოძრაობის ენერგიულობის მიუხედავად, სომხურ-კთოლიკურ რიტზე მყოფმა ახალციხე-ახალქალაქის მხარეების ქართველობამ XX საუკუნის დასაწყისშიც ვერ აღიდგინა ქართულენოვანი მსახურების უფლება, თავი ვერ დააღწია სომხურ ტიპიკონს, რის მეშვეობითაც იყო დიდი მცდელობები მათი გასომხებისა. ამის მიუხედავად, ამ ბრძოლამ გააძლიერა ხალხში პატრიოტული განწყობა, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ეროვნული გადაგვარების პროცესს. ამ მოძრაობის წყალობით მხარის ქართველი კათოლიკეების დიდი ნაწილი გადაურჩა ეროვნულ გადაგვარებას. ხოლო ჯავახეთში მცხოვრები თურქულენოვანი ქართველი კათოლიკეები ამავე ხანებში გასომხების გზას დაადგნენ.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობასთან დაახლოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე გვარამაძეს თავისი მოღვაწეობის დროს კავშირები გააჩნდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან, ჰქონდა მათთან მიმოწერა, თანამშრომლობდა ეროვნულ საქმეებში მათთან - ილიასთან, აკაკისთან, იაკობ გოგებაშვილთან, დიმიტრი ბაქრაძესთან და ა.შ. ისინიც დიდად აფასებდნენ მის ენერგიულ მოღვაწეობას, მით უმეტეს, საქართველოს ამ რთულ რეგიონში, მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ მას პატრიოტულ საქმიანობაში. ივანე დამაკავშირებელ ფუნქციასაც ასრულებდა საქართველოს ცენტრში მოქმედ და სამცხე-ჯავახეთის ინტელიგენციას შორის, მისი მეშვეობით მოელოდა ზოგიერთი მოღვაწე ცენტრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას ამა თუ იმ ეროვნული მნიშვნელობის მქონე საქმეში. ივანე გვარამაძის ხანგრძლივი და პროდუქტიული საქმიანობა დიდ სტიმულს აძლევდა ადგილობრივ მოღვაწეებსა და ხალხს. მისი მაგალითითა და მოწოდებებით უფრო აქტიურად ებმებოდნენ ისინი კულტურულ-საგანმანათლებლო თუ პატრიოტულ მოძრაობებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართველთა ეროვნული ინტერესების დაცვასა და მათში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, მკვიდრი მოსახლეობის მრავალმრივ განვითარებას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოთა ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984;
  • შ. ლომსაძე, მესხები, თბ., 1997;
  • ნატო ყრუაშვილი, ივანე გვარამაძის როლი მესხურ განმანათლებლობაში, თბ., 2008;
  • ნატო ყრუაშვილი, ქართველი კათოლიკეები სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეთა მიჯნა), თბ., 2005;
  • გ. მაისურაძე, ქართველი სამღვდელოების სასულიერო მოღვაწეობის ისტორიიდან სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის დამლევს, კრებული "საქართველო და ქრისტიანობა", თბ., 2001, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
  • შ. ლომსაძე, მესხები, თბ., 1997;
  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბ., 1968; ივანეგვარამაძე (ვინმემესხი) (1831-1912), ავტორი: ი. მაისურაძე;
  • კოჟორიძე დ., განათლება და კულტურა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1986;
  • ნატო ყრუაშვილი, ივანე გვარამაძის როლი მესხურ განმანათლებლობაში, თბ., 2008;
  • ნატო ყრუაშვილი, ქართველი კათოლიკეები სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეთა მიჯნა), თბ., 2005;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
  • ივანე გვარამაძის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სიმპოზიუმების შრომები. ევროპული კვლევები, თბილისი, 2013.
  • ნ. ყრუაშვილი - ივანე გვარამაძე - მესხ განმანათლებელთა წინამძღოლი, გვ. 63-85;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
  • ივანე გვარამაძის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სიმპოზიუმების შრომები. ევროპული კვლევები, თბილისი, 2013, გიორგი მაისურაძე,
  • ივანე გვარამაძე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში, გვ. 30-62;
  • სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, ილია მაისურაძის ფონდი, N360;
  • სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, ხელნაწერთა ფონდი;
  • საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 481, აღწ. I, საქმე N10;
  • საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 12, აღწ. 7, საქმე N1011;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის ფონდი;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი, H-2786;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი, H-1524;
  • გაზეთი "დროება", 1876;
  • გაზეთი "დროება", 1878;
  • გაზეთი "დროება", 1879;
  • გაზეთი "დროება", 1880;
  • გაზეთი "დროება", 1881;
  • გაზეთი "დროება", 1882;
  • გაზეთი "დროება", 1884;
  • გაზეთი "ივერია", 1893;
  • გაზეთი "ივერია", 1894;
  • გაზეთი "ივერია", 1895;
  • გაზეთი "ივერია", 1898;
  • გაზეთი "ივერია", 1901;
  • გაზეთი "ივერია", 1902;
  • გაზეთი "ივერია", 1903;
  • გაზეთი "ივერია", 1904;