ნუმიზმატიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უძველესი რომაული მონეტა

ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma - მონეტა) — ისტორიული მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებს, მედლებს, ორდენებს. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან იხმარება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იტალიაში XIV-XV სს.-ში; აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებშიც. კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, მაგრამ მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა.

დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში.

ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798), რომლის ფუნდამენტურ რვატომეულს „მეცნიერება ძველებური მონეტების შესახებ“ დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. XIX საუკუნეში ნუმიზმატიკის კურსი იკითხებოდა დასავლეთ ევროპისა და რუსეთის უნივერსიტეტებში.

ნუმიზმატიკა საქართველოში[რედაქტირება]

დავით აღმაშენებლის მონეტა

ქართული ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია მიხეილ ბარათაშვილი, რომელმაც 1844 წელს პეტერბურგში რუსულ და ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა შრომა: „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“. XIX საუკუნეში ქართული ნუმიზმატიკის საკითხებზე წარმატებით მუშობდნენ მარი ბროსე, ივანე ბართოლომეი, ვ. ლანგლუა. ქართული მონეტების შესწავლაში ახალი ეტაპი იყო ევგენი პახომოვის მონოგრაფია „საქართველოს მონეტები“. 1925 წელს ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა „ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია“, რამაც დიდი როლი ითამაშა ამ სამეცნიერო დისციპლინის შემდგომ განვითარებაში. 1924 წელს მისივე ინიციატივით თსუ-ში დაარსდა ნუმიზმატიკის კაბინეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა თამარ ლომოური.

თამარ მეფის სახელით მოჭრილი მონეტა

საქართველოში არსებულმა ყველა ნუმიზმატიკურმა კოლექციამ თავი მოიყარა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, რიტაც საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ უმდიდრეს საცავს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება არქეოლოგიური მონაპოვრით. ნუმიზმატიკური ფონდების სისტემატიურ შევსებაში აღსანიშნავია დავით კაპანაძის მოღვაწეობა, რომელმაც ცალკე გამოყო საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტებისა და განძების ფონდი. საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გამოცემული ქართული ნუმიზმატიკისადმი მიძღვნილი ყველა ნაშრომის მატერიალურ ბაზას ეს ფონდი წარმოადგენს. დავით კაპანაძეს ეკუთვნის აგრეთვე სახელმძღვანელო „ქართული ნუმიზმატიკა“.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტების კვლევა ძიებაში დიდი წვლილი მიუძღვით თამარ ლომოურს, სერგი მაკალათიას, ა. ზოგრაფს, კ. გოლენკის. ინგლისელმა მეცნიერმა დეივიდ ლენგმა 1955 წელს ნიუ-იორკში გამოაქვეყნა განმაზოგადებელი მონოგრაფია ქართული ნუმიზმატიკის შესახებ. ნუმიზმატიკის ცალკეულ დარგებში მუშაობენ ქართველი მეცნიერები თ. აბრამიშვილი, გიორგი დუნდუა, ირინე ჯალაღანია, რ. ქებულაძე და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 487, თბ., 1984 წელი.
  • გიორგი დუნდუა, საქართველოს სამონეტო განძები, თბ., 1979
  • ნიკო ჯავახიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები, თბ., 1998
  • თამარ ლომოური, ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში, რედ. თ. ქუთელია, თბ., 2005
  • თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ქართული ნუმიზმატიკა, I ნაწ., თბ., 2006
  • მაია პატარიძე, გიორგი ჯანჯღავა, ტრაპიზონის იმპერიის იშვიათი მონეტები, თბ., 2006
  • ე. პახომოვი, საქართველოს მონეტები, რედ. დ. კაპანაძე, 1970 (რუსულ ენაზე)
  • გ. დუნდუა, ანტიკური საქართველოს მონეტები, თბ., 1987 (რუსულ ენაზე)
  • ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს., თბ. 1971
  • აბრამიშვილი თ., XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თ., 1959;
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: