კოლიბრები (Trochili) — ფრინველების ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5,7-21,6 სმ-ს, მასა კი 1,6-20 გრამს აღწევს. შეფერილობა ნაირგვარია და მკვეთრი, ლითონისებრი ელვარება დაჰკრავს. აქვს გრძელი, წვრილი და სწორი ნისკარტი, ზოგჯერ ქვემოთ მოხრილი, მეტად სუსტი, სასიარულოდ გამოუსადეგარი ფეხები და სხეულთან შეფარდებით დიდი გული, რომელიც წუთში 1000-მდე იკუმშება. კოლიბრები შესანიშნავად ფრენენ და შეუძლიათ ჰაერში ერთ ადგილზე ლივლივი. გადამფრენები არიან. ღამით, გარემოს ტემპერატურის დაცემისას, სხეულის ტემპერატურაც ეცემა 14,5-21°C-მდე. კოლიბრები უფრო ყვავილების ნექტარით იკვებებიან, თუმცა პატარა მწერებსა და ობობებსაც ჭამენ. დედალი ბუდეს ამაგრებს ტოტებზე, ფოთლებსა და კლდეებზე. დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-19 დღეს გრძელდება, იჩეკებიან ტიტველი, თვალაუხილავი და უსუსური ბარტყები. კოლიბრების ქვერიგში 1 ოჯახის 319 სახეობაა. გავრცელებული არიან დასავლეთ ნახევარსფეროში - უმთავრესად ტროპიკულ ნაწილში. თუმცა ზოგიერთი სახეობა საკმაოდ შორსაც ვრცელდება - როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით.