იმელი (შენობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იმელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმელის შენობა, თბილისი, 2007 წ.

იმელის შენობა — ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1938 წელს საბჭოთა არქიტექტორი ალექსეი შჩუსევის პროექტით სოციალისტური კლასიციზმის სტილში აგებული შენობა. შენობის თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო. 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტი, 1995 წლიდან კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო განთავსებული. 2007 წლიდან პრივატიზებულია.

აბრევიატურა „იმელ“ რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „Институт Маркса, Енгельса, Ленина“. შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და „იმელს“ დაერქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი სტალინი და ენგელსი მოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდა მისი მფლობელები და ფუნქციები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერიას ძალისხმევით, „მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის“ შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა ი. ფომინი, ვ. კოკორინი, ნ. სევეროვი, კალაშნიკოვი, ა. ვლასოვი და ა. შჩუსევმა. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა. [1]

სამნაწილიანი, სიმეტრიული შენობის მთავარი შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ამავე ღერძზეა ნახევრადწრიული ფორმის დარბაზიც. შენობის გვერდითა ფრთები გამოყოფილია ცენტრალური ნაწილისგან. მთავარი ფასადი სტალინისტური არქიტექტურის ტიპიური ნიმუშია. უკანა ფასადი კი კონსტრუქტივიზმის ხასიათს ატარებს. შენობის ექსტერიერებიც და ინტერიერებიც შემკულია ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით. ზედაპირები მოპირკეთებულია სხვადასხვა ქართული მარმარილოებით და ბოლნისის ტუფით. ეკლექტიკურობის მიუხედავად, მთლიანობაში იმელის შენობა ერთიან ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.

მონუმენტური შენობის მშენებლობაში რამდენიმე სიახლე გამოიყენეს: ეს შენობა იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, სადაც გამოიყენეს ახალი სამშენებლო მასალა — არმირებული პემზობეტონი. ამით მშენებლებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი დეფიციტური მასალა — აგური და ცემენტი. [2]

შენობის საერთო ფართი 75 ათას კვ²-ს შეადგენდა. მისი მშენებლობა 14 მილიონი მანეთი დაჯდა.

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი არქიტექტორი მ. ჩხიკვაძე, იმელის შესახებ სტატიაში წერდა: „თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც მთაწმინდიდან, ასევე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია“.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1990 წელს, შენობის მთავარ ფასადს იაკობ ნიკოლაძის ბარელიეფები ჩამოამტვრიეს. საბჭოთა სიმბოლიკის ნგრევას არასრულად, თუმცა გადაურჩა თამარ აბაკელიას ბარელიეფი შენობის ფრიზზე.

სანამ იმელში 1995 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განთავსდებოდა, 1992-1995 წლებში აქ მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

შენობა 1997 წელს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

შენობა აჟამად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს, კულტურის მაშინდელი მინისტრის, გ. გაბაშვილის ხელმოწერით კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებული იმელი სტატუსის მოხსნიდან ერთ კვირაში კომპანია „კაპიტალ ინვესტზე“ გაიყიდა.

პარტიული არქივის ძირითადი ნაწილი გადაეცა შსს-ოს, ბიბლიოთეკის ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკას, ნაწილი — დაიკარგა, ნაწილი კი დაზიანდა. პროექტი, რომელიც სასტუმრო კემპინსკისთვის რობ კრიერისა და ქრისტოფ კოლის მიერ იყო გაკეთებული, ითვალისწინებდა იმელის შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას და არ აქცევდა ყურადღებას მის ისტორიულ ღირებულებას. შენობის ნგრევა იმავე წელს დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არასდროს არ დაწყებულა. სახურავგადახდილი, გაძარცვული, ნახევრად დანგრეული შენობა 2008 წელს ახალი მფლობელის, „დაბი ჯგუფის“ ხელში გადავიდა. 2011 წელს ქალაქის მერიამ გასცა მშენებლობის უფლება „მილენიუმის“ ჯგუფის სასტუმროს ასაშენებლად, რომელიც 34 სართულიან ცათამბრჯენს წარმოადგენს. პროექტი 2017 წელს უნდა დასრულდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „კომუნისტი“ – 1943 წ. 21 იანვარი, # 17 (6642), გვ.2
  2. В Кулага – Архитектура здания института Маркса-Энгельса-Ленина в Тбилиси (Москва 1951)