ელფი (შუახმელეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ელფები (ქუენდები) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ილუვატარის შვილებს შორის პირველი რასა. გამოირჩევიან სხვა რასებისგან იმით, რომ მოკვდავები არიან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოღვიძება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით მაშინ, როდესაც ვარდამ, ვალიერების დედოფალმა, დაასრულა ვარსკვლავების შექმნა, კუივიენენის ტბასთან გაიღვიძეს ელფებმა. პირველი, რაც იხილეს, იყო ვარსკვლავები და სწორედ ამიტომ მათ განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ. პირველი ხმა, რომელიც გაიგონეს, იყო მდინარის ხმა და ამიტომ, წყალიც შეიყვარეს. მათ მეტყველება ისწავლეს და საკუთარ თავს ქუენდებს (Quendi) უწოდებდნენ. მელკორი იყო პირველი, რომელმაც მათ შესახებ შეიტყო და სცადა ბოროტების დათესვა. როდესაც ელფების ჯგუფები მოგზაურობდნენ, მათი ნაწილი იკარგებოდა. სხვადასხვა თეორიით, მელკორმა ასეთები აქცია ორკებად.

ორომემ, მონადირე ვალამ, ელფების სიმღერის მოსმენის შემდეგ ამ ხალხს უწოდა ელდარები, ვარსკვლავების ხალხი.

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქუენდებს ორომესი შეეშინდათ, უფრო ბრძნები მიხვდნენ, რომ იგი არ იყო ბნელი მხედარი, როგორც მას მელკორი აღწერდა. ვინაიდან ამანის ნათებით იყო სავსე, ისინი დაუახლოვდნენ. გავიდა დრო და ორომე დაბრუნდა ვალინორში, სადაც ესაუბრა ვალარებს და ვალიერებს. ილუვატარის რჩევით, მანუემ, ვალარების მბრძანებელმა, გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო მელკორისგან ქუენდების დაცვა. დიდი ბრძოლის და უტუმნოს ალყის შემდეგ კონტინენტების ფორმები შეიცვალა, ხოლო მელკორი დაატყვევეს და მანდოსთან გამოკეტეს. შემდგომში ვალარებმა ელფები იხმეს ვალინორში.

ვალინორისკენ მოგზაურობაზე მრავალი ელფი (მაგალითად, ინგუე, ფინუე და ელუე) დათანხმდა. მაგრამ სხვები, რომლებსაც ავარები ეწოდათ, განაცხადეს, რომ ამჯობინებდნენ ვარსკვლავების ნათებას და შუახმელეთში დარჩენას. ასე დაიყვნენ პირველად ელფები. ბელეგაერისკენ მოგზაურობისას მათი რიცხვი ასევე მცირდებოდა, ვინაიდან დაშორდა ელფების დიდი ნაილი. ტელერებმა (ელუეს ხალხმა) არ გადაკვეთეს ნისლიანი მეთები და დასახლდნენ ანდუინთან, ლენუეს მეთაურობით - მათ მოგვიანებით ნანდორები ეწოდათ. ელუე დაიკარგა და სხვა ტელერებიც შეჩერდნენ, ხოლო ნოლდორები (ფინუეს ხალხი) და ვანიარები (ინგუეს ხალხი) შეჩერდნენ მოძრავ კუნძულზე და მიაღწიეს ამანის და ვალინორის სანაპირომდე.

რამდენიმე წლის შემდეგ ორომე კვლავ ეძებდა ტელერებს. მათი ნაწილი მას გაჰყვა, დანარჩენები კი ელუეს ეძებდნენ. კირდანის მეთაურობით დარჩენილი ელფები სხვაგან აღარ მოგზაურობდნენ - მათ არჩიეს ზღვა და ეთაყვანებოდნენ ოსეს. ტელერები, რომლებიც დარჩნენ, იწოდებოდნენ სინდარებად. ელუე, რომელიც მელიანის ძალებით იქნა დაძინებული, დაბრუნდა და გახდა მბრძანებელი დორიათში. ნოლდორებმა და ტელერების ნაწილმა ამანში ააშენეს ტირიონის და ალქუალონდეს ქალაქები. ვანიარები ცხოვრობდნენ ვალმარში, ვინაიდან ვალარებთან ყველაზე დაახლოებულები იყვნენ.

ნოლდორების გაქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელკორი, რომელიც გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ აღარ ჩაიდენდა ბოროტებას, ვალარების შესახებ ნოლდორებს შორის სიცრუეს ავრცელებდა. ფეანორს, ფინუეს ყველაზე უფროს ვაჟს, ეზიზღებოდა მელკორი უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა ნოლდორს, მაგრამ, მოულოდნელად, მისი გავლენის ქვეშ სხვებზე მეტად მოექცა. იგი ქმნიდა იარაღს, მაგრამ მის უდიდეს ნამუშევარს წარმოადგენდნენ სილმარილები, რომლებიც ორი ხის ნათებით აავსეს. მას შემდეგ, რაც მელკორმა ქვები მოიპარა და მოკლა ფინუე, ფეანორმა ნოლდორები დაითანხმა ვალარებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად. ისინი ერთად გაიქცნენ. გზად ბელერიანდისკენ მათ მოგზაურობას ახლდა არაერთი ღალატი თუ მკვლელობა.

ბელერიანდის ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფების მონაწილეობით ბელერიანდში ხუთი დიდი ბრძოლა მოხდა. პირველი იყო მელკორის კირდანსა და ელუეზე (თინგოლზე) თავდასხმის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ელფებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის ძალები, მელკორი ბელერიანდში საბოლოოდ გაბატონდა – ნოლდორების მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ დაგორ ნუნ-გილიათში მან გაიმარჯვა. მესამე ბრძოლა, დაგორ აგლარები, მოხდა მაშინ, როდესაც მელკორმა სცადა ელფების განადგურება და ანგბანდიდან შეუტია. ამან გამოიწვია უკანასკნელის ხანგრძლივი ალყა. შემდეგ ბრძოლაში, დაგორ ბრაგოლახში, დაიღუპა უამრავი ელფი, მათ შორის - ფინგოლფინი, ნოლდორების დიდი მეფე. ალყა გაირღვა. გავიდა ათწლეულები და მაედროსმა, ფეანორის უფროსმა ვაჟმა, ნირნაეთ არნოედიადის სახელით ცნობილი ბრძოლის დროს მორგოთს შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად წარმატება მათ მხარეს იყო, ელფები აქაც დამარცხდნენ და ჰითლუმი განადგურდა. ნახევარი საუკუნის შემდეგ აგრეთვე განადგურდა გონდოლინი, ნოლდორების უკანასკნელი დიდი ციხესიმაგრე. ხოლო დორიათი, სინდარების სამეფოს ცენტრი, ჯუჯებმა დაანგრიეს.

ელფების ხსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველივე შეიცვალა მხოლოდ მაშინ, როდესაც ელფების თითქმის განადგურების პერიოდში უკანასკნელ გადარჩენილებს შორის იყვნენ გილ-გალადი და კირდანი. მათ შორის იყო ეარენდილი, ტუორის და იდრილის ვაჟი. მან გადალახა ზღვა და სასწაულებრივად მოხვდა ვალინორში, სადაც მთელი ნოლდორების სახელით ვალარებისგან მიტევება ითხოვა. პასუხად ვალარებმა შუახმელეთში მელკორს შეუტიეს. მოხდა რისხვის ბრძოლა, რომლის შედეგად ბელერიანდი ჩაიძირა, ხოლო მელკორი მოისროლეს უკუნეთში. ვალარებმა ელფებს შესთავაზეს ვალინორში დაბრუნება. ნაწილი დათანხმდა, მაგრამ გილ-გალადის მეთაურობით, სხვებმა, გადაწყვიტეს დარჩენა.

ელფთა წარმავალი ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ მორგოთი აღარ აწუხებდა სამყაროს, დარჩა საურონი, მისი ყველაზე საზარელი მსახური. მან განაგრძო ომი ელფებთან, რომლებიც შუახმელეთში დარჩნენ. ამ პერიოდში ელფები მიხვდნენ, რომ ადამიანების დომინირება იზრდებოდა. საურონმა, ანატარის სახით, კელებრიმბორი, ფეანორის შვილიშვილი, მოატყუა და შეაქმნევინა ძალაუფლების ბეჭდები - მათ შორის, სამი, რომელიც ელფებისთვის იყო განკუთვნილი. თავად საურონმა შექმნა ერთი ბეჭედი - ყველა დანარჩენის მმართველი. როდესაც ელფები მიხვდნენ, თუ როგორ მოტყუვდნენ, საურონის წინააღმდეგ დაიწყო დიდი ომი. შემდეგ საუკუნეებში ელფები, ვალარების ნებართვით, მიემართებოდნენ დასავლეთში, უკვდავ მიწებში და შუახმელეთს ტოვებდნენ. დოლ ამროთის მსგავსი სამეფოები დაცარიელდა და იქ ადამიანები გაჩნდნენ.

მესამე ეპოქის ბოლოს ერთი ბეჭედი განადგურდა, შესაბამისად, ძალა დაკარგა დანარჩენმა სამმა. შემდგომ წლებში ელფებმა განაგრძეს შუახმელეთის დატოვება.

მეოთხე ეპოქაში და ადამიანების დომინირების პერიოდშიც ელფთა დიდ ნაწილს დასავლეთის მიწები უკვე დატოვებული ჰქონდათ. მოსახლეობა რჩებოდა ბნელტევრის და ლინდონის ტერიტორიებზე. შუაველი და ლოთლორიენი მეფე ელესარის და არუენის აღსასრულის შემდეგ ფაქტობრივად აღარ არსებობდნენ.

ელფებმა შუახმელეთი საბოლოოდ დატოვეს. წინასწარმეტყველების თანახმად, სამყაროს აღსასრულისას, ყველა ელფი მოკვდავების წინაშე ხილული გახდება. უცნობია, თუ რა ბედი ელით მათ ამ მოვლენების შემდგომ.

ცხოვრება და ადათ-წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა იმისა, რომ ელფები ფიზიკურად ადამიანებზე უფრო მშვენიერებად ითვლებოდნენ, ისინი უფრო მაღლებიც იყვნენ. თმის ფერი სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ ნოლდორები გამოირჩეოდნენ ბნელი, ვანიარები - ოქროსფერი, ხოლო ტელერები - რუხი ან შავი ფერის თმით. თვალები კი ძირითადად იყო რუხი.

მათი სიცოცხლის ათვლა იწყებოდა არა დაბადებიდან, არამედ ჩასახვიდან. გონებრივად ელფები უფრო განვითარებულები იყვნენ ადრეულ ასაკშივე, ადამიანებთან შედარებით, თუმცა ელფის სხეული უფრო ნელი ტემპით იზრდებოდა. დაახლოებით საუკუნის შემდეგ ისინი ითვლებოდნენ ზრდასრულებად. როგორც წესი, ქორწინდებოდნენ მხოლოდ ერთხელ, ხოლო შვილების რაოდენობა მცირე იყო.

მოკვდავებისგან ელფები ყველაზე მეტად იმით გამოირჩეოდნენ, რომ ასაკი გარეგნულად არ ეტყობოდათ და უკვდავები იყვნენ - თუკი მათ არ მოკლავდა იარაღი ან რამე მოვლენის გამო მწუხარება. ამრიგად, ისინი სამყაროს აღსასრულამდე ცოცხლობდნენ. თუ ადამიანის სული, რომელსაც ფეა ეწოდებოდა, არდას ტოვებდა მას შემდეგ, რაც კვდებოდა მისი სხეული, ელფების ფეა არდაში უკანასკნელის აღსასრულამდე რჩებოდა. თუკი ელფის სხეული, ანუ ჰროა, კვდებოდა, ფეა მანდოსის დარბაზებში მიდიოდა, სადაც ვალარები მას გადაიტანდნენ ჰროაში, რომელიც წინას ჰგავდა. თუმცა, თუკი ელფი სიცოცხლეში ბოროტებას ჩაიდენდა და არ მოინანიებდა, ვალარები თავს იკავებდნენ მისი სხვა სხეულში გადატანისგან ან საერთოდ უარს ამბობდნენ ასეთ ქმედებაზე. ელფს ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა მანდოსის დარბაზებში გადასვლაზე და საერთოდ სხეულის გარეშე დარჩენილიყო, მაგრამ ფეა, რომელიც არაფერში იყო ჩასმული, არდას მაინც ვერ ტოვებდა.

სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, ახლადშობილ ელფს პირველ სახელს ანიჭებდა მამა და ეს სახელი ხშირად უკავშირდებოდა მამის ძირითად სახელს. მაგალითია ფინუე და კურუფინუე. ფინუეს სხვა შვილებს ერქვათ ფინგოლფინი და ფინარფინი.

მეორე სახელი ანუ მეორე ესე (essë) ბავშვს ენიჭებოდა დედისგან, დაბადებიდან რამდენიმე წლის თავზე. ნათელი მაგალითია კურუფინუეს მეორე სახელი, რომელიც მისმა დედამ, მირიელმა მიანიჭა - ფეანორი, რომლითაც იგი უფრო ცნობილი გახდა.

ეპესე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ თუნდაც ვალინორელ ელდარებსა და მათ შთამომავლობაში იყო მესამე სახელის ტრადიცია. პირველი სახელი ენიჭებოდათ დაბადებისას მამის, მეორე - დედის მიერ. ცნობილი ელფები კი იძენდნენ მესამე სახელს. სწორედ ეს იყო ეპესე (epessë) – იგი აღნიშნავდა მათ განსაკუთრებულ თვისებებს, გამომდინარე მათი წარსულიდან. ყველაზე ცნობილი ეპესეებია გილ-გალადი (მას სინამდვილეში ერეინიონი ერქვას) და გალადრიელი (თავდაპირველად - არტანისი და ნერვენი).

ძალაუფლება და მაგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა რასები ხშირად საუბრობდნენ „ელფების მაგიაზე“, ან რაღაც საგნებზე, რომლებიც მოჯადოებულები იყო. უცნობია, რამდენად იყო ესა თუ ის საგანი ჯადოსნური. დიდი ძალაუფლების მქონე ელფები მართავდნენ ბუნებას და მის ნაწილებს, ესა თუ ის სამოსი ანათებდა, იარაღი კი არასოდეს ხდებოდა ბლაგვი, რასაც ნაკლებად გათვითცნობიერებული ხალხი მაგიას უწოდებდა.

ტოლკინთან ელფური ჯადოსნური ნივთის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გალადრიელის სარკე. მას წარმოადგენდა თასი, რომელიც სურიდან ივსებოდა შადრევნის წყლით. ბაღში შესვლის უფლება მხოლოდ ლოთლორიენის დედოფალს, გალადრიელს, ჰქონდა. აგრეთვე აღსანიშნავია გალადრიელის ფიალა – ბროლის ჭურჭელი, რომელიც სავსე იყო გალადრიელის ბაღში არსებული, ეარენდილის ვარსკვლავის სინათლის შემცველი, შადრევნის წყლით. ფიალა გალადრიელმა ფროდოს ბეჭდის საძმოს ლოთლორიენიდან გასვლამდე მისცა. ფიალის სიღრმეში წყალი სუსტად ანათებდა, სიბნელეში კი სინათლე ძლიერდებოდა. სინათლე სიმამაცეს, სიმტკიცეს, იმედს და ძალას ჰმატებდა. ფიალის სინათლით ფროდო ბეჭდისადმი მიდრეკილებას სძლევდა, ხოლო სემუაიზ გემჯიმ ბაბაჭუას დაშინება შეძლო.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფების ძირითადი სასაუბრო ენები იყო ქუენია და სინდარული, მაგრამ არსებობდა მათი დიალექტები და ვერსიებიც. დამწერლობის სახით ელფები კირთს და ტენგუარს იყენებდნენ.

ენების სია:

შთაგონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიკული შთაგონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დაკარგული მოთხრობების წიგნში“ აღწერილია ელფების ჯადოსნური რასა, რომელიც გაქრა მას შემდეგ, რაც სამყაროში ადამიანები გამეფდნენ. ასეთი ელფების შექმნა ტოლკინს შთააგონა კლასიკური ჩრდილოეთ ევროპული მითოლოგიის მოტივებმა, განსაკუთრებით ღვთაებრივმა და ადამიანების აღნაგობის მქონე ნათელმა ელფებმა (სკანდინავიური მითოლოგიიდან). ასეთები აგრეთვე ფიგურირებს „სერ ორფეოში“, მეფე ართურის და ტუათა დე დანანის თქმულებებში.[1]

ავტორი ტერი განელი თვლის, რომ ელფების და მშვენიერი გემების კავშირი ფრეირის გემით არის შთაგონებული.

კელტური გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოლკინს არ მოსწონდა კელტური ლეგენდები და უარყოფდა, რომ მისი ლეგენდარიუმი „კელტურია“. მიუხედავად ამისა, თვლიან, რომ კელტურ მითოლოგიას ელფთა შესახებ მრავალ ნაწერზე გავლენა ჰქონდა.[2][3] მაგალითად, არის ვერსია, რომ ნოლდორები ეფუძნებიან ტუათა დე დანანის თქმულებებს, ხოლო მათი მოგზაურობის თემა მომდინარეობს ირლანდიური/კელტური ისტორიიდან. ტუათა დე დანანის თქმულებებს გართიც უდიდებს, როდესაც თვლის, რომ ტოლკინმა მოტივების სახით გამოიყენა ირლანდიური ხალხური შემოქმედება.

კელტური სიტყვის „fairy“ გამოყენება ტოლკინის შემოქმედებაში ხშირია[4].

ესქატოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ელფები აგრეთვე შთაგონებულები არიან ტოლკინის ქრისტიანული საფუძვლებით - ისინი წარმოადგენენ ხალხს, რომელიც ჯერ არ დაცემულა. სულიერად ელფები უფრო ძლიერნი არიან, უყვართ ბუნება, არ აქვთ ადამიანებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები, არიან უკვდავები.[5]

ფერიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორიანული ეპოქის ტრადიციული მოცეკვავე ფერიები და ელფები ჩნდებიან ტოლკინის ადრეულ ლექსებში და გავლენა იქონიეს მის გვიანდელ ნაშრომებზე[6] – ნაწილობრივ ბირმინგემში ჯონის მიერ ნანახი ჯეიმზ მეთიუ ბარის „პიტერ პენის“ დადგმის[5] და კათოლიკური მისტიკური პოეტ ფრენსის თომპსონის[5] შემოქმედების შთაგონებით - უკანასკნელის ნაწარმოებს ავტორი 1914 წელს გაეცნო.

„დაკარგული მოთხრობების წიგნში“, რომელშიც ლეგენდარიუმის ადრეული, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ვერსიაა წარმოდგენილი, ბავშვები სიზმარში ვალინორს სტუმრობენ. ელფები, თავის მხრივ, ღამით ბავშვებს ეწვევიან და ამშვიდებენ, თუმცა შემდგომში ჩანაფიქრზე უარი საერთოდ ითქვა.

მიუხედავად ადრეულ ხელნაწერებში ტრადიციული ელფების გამოყენების, „ბეჭდების მბრძანებლის“ გამოცემის შემდეგ ტოლკინი გამოხატავდა უკმაყოფილებას იმით, რომ სიტყვა „ელფი“ დაკავშირებულია „ზაფხულის ღამის სიზმრის“ ტიპის პერსონაჟებთან, რომლებიც პეპლის ფრთებს ატარებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ. რ. რ.; ანდერსონი, დაგლას ა. (რედ.); „ანოტირებული ჰობიტი“, გვ. 120
  2. გართი, ჯონ, ტოლკინი და დიდი ომი, გვ. 222
  3. განელი, ტერი, "Tívar in a Timeless Land: Tolkien's Elves" conference lecture delivered on 13 September 2002
  4. ბერნსი, მარჯერი ჯ., Perilous Realms: Celtic and Norse in Tolkien's Middle-earth, გვ. 22
  5. 5.0 5.1 5.2 კარპენტერი, ჰამფრი, ჯ. რ. რ. ტოლკინი: ბიოგრაფია
  6. ფიმი, დიმიტრა, "Come sing ye light fairy things tripping so gay: Victorian Fairies and the Early Work of J. R. R. Tolkien". Working With English: Medieval and Modern Language, Literature and Drama. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი, 2008