შინაარსზე გადასვლა

მანუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუე
სხვა სახელები მანაუენუზი (ვალარულად), სულიმო, უფროსი მეფე, არან ეინიორი, მანუეგი
წოდებები არდა
ბიოგრაფიული ცნობები
ადგილი ილმარინი, ტანიქუეტილი
მოკავშირე(ები) ეონუე, ოლორინი და არწივები
ოჯახი
და-ძმა მელკორი
მეუღლე ვარდა
ფიზიკური მონაცემები
სქესი მამრობითი
თვალების ფერი ლურჯი
ჩაცმულობა ლურჯი

მანუე (Manwë, „სილმარილიონის“ ქართულ გამოცემაში "მანუე") — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, შუახმელეთის მთავარი ვალა.

მანუე ლურჯ სამოსს ატარებდა და ცისფერი თვალები ჰქონდა. აგრეთვე ატარებდა ნოლდორთა მიერ მისთვის ნაჩუქარ საფირონის კვერთხს.

მანუე დანიშნული იყო ვალართა მბრძანებლად. მისი მეწყვილე იყო ვარდა ელენტარი. მანუე იყო მელკორის (მორგოთის) ძმა და არდის მეფე. ცხოვრობდა ტანიქუეტილის ილმარინის დარბაზებში, მთის მწვერვალზე, რომელიც იყო სამყაროს უმაღლესი წერტილი. მას ემსახურებოდნენ ჰაერი და ქარები, ასევე დიდი არწივები.

მანუე და მელკორი ითვლებოდნენ აინურთა შორის ყველაზე ძლიერ არსებებად. „სილმარილიონის“ მიხედვით, სამყაროს შექმნამდე, სწორედ ისინი მიხვდნენ ერუს ჩანაფიქრს. როდესაც მელკორმა აინურთა მუსიკაში დისონანსი შეიტანა, მანუემ საკუთარ თავზე აიღო სიმღერის მართვა. არდის ჩამოყალიბების შემდეგ მანუე დანიშნული იქნა მის მმართველად. იგი კეთილი მმართველი იყო, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ზედმეტად გამოყენებას ერიდებოდა. ელფებიდან ყველაზე ძლიერ უყვარდა ვანიარები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ მას არ ესმოდა ბოროტების და სწორედ მისი ინიციატივით მოხდა მანდოსის მიერ დატყვევებული მელკორის გათავისუფლება. ამას მოჰყვა ფეანორის ამბავი, ორი ხის განადგურება, ფინუეს მოკვლა, სილმარილთა მოპარვა და ნოლდორთა დიდი აჯანყება.

ელდართა გასამხნევებლად მანუემ აულეს შეაქმნევინა ჭურჭელი, რომლითაც ცის კაბადონზე მზე და მთვარე იყო გამაგრებული. მანუემ იცოდა, რომ ატანთა (ადამიანთა) გამოჩენის ჟამი მალე დადგებოდა და მისი დავალებით თორონდორი და სხვა არწივები მათ თვალს ადევნებდნენ. რისხვის ბრძოლაში მორგოთის დაცემის შემდეგ მანუემ ძმა სიცარიელეში გადაისროლა. ამბობენ, რომ უკანასკნელ ბრძოლაში (წინასწარმეტყველება) მანუე და მორგოთი/საურონი ვალინორში ერთმანეთს შეერკინებიან, მაგრამ ერთმანეთს ვერ მოკლავენ, ვინაიდან მორგოთი ტურინ ტურამბარის მიერ იქნება განადგურებული.

მანუე (Manwë) ნიშნავს „კურთხეულს“. მანუეს სრული სახელი იყო მანუე სულიმო. Súlimo ნიშნავს ქართა მბრძანებელს. მას აგრეთვე უწოდებდნენ უფროს მეფეს, არდის დიდ მეფეს, არდის მეფეს, არდის სუნთქვის მბრძანებელს და დასავლეთის მბრძანებელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მანუე. არდის ენციკლოპედია. მარკ ფიშერი (19 ივლისი 1998).