შუახმელეთის ცხოველების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქვემოთ წარმოდგენილია ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ გამოგონილი შუახმელეთის ცხოველების სია.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მფრინავი არსებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებენები (ინგლ. Crebain) — შავი, დიდი ყორნები. ცხოვრობდნენ ფანგორნის ტყესა და დუნლენდში. გამოირჩეოდნენ საშინელი კივილით.

ბეჭდის ომის დროს სარუმანი მათ იყენებდა მზვერავებად, რათა ბეჭდის საძმო აღმოეჩინა. ჰოლინზე გადასვლისას, მესამე ეპოქის 3019 წლის 8 იანვარს, სემ გემჯიმ და არაგორნმა დაინახეს კრებენების დიდი რაოდენობა, რომელიც მოემართებოდა მათკენ. ყველა დაიმალა, ხოლო კრებენებმა გადაუფრინეს მთას და ჩრდილოეთ-დასავლეთით გაფრინდნენ. მთელი დღის განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, საძმომ ცეცხლის ანთებას თავი აარიდა, რადგან რამდენიმე კრებენმა კვლავ გადაუფრინა იქაურობას. სავარაუდოდ, სწორედ მათ მიუტანეს სარუმანს საძმოს ადგილსამყოფელის ამბები.[1]

კრებენების მხოლობითი რიცხვია სიტყვა კრებენი (craban). სინდარულად 'ყორანი' არის 'carach' ან 'corch'. ქუენიურზე - karko ან korko. სავარაუდოდ, სიტყვა craban არის დუნლენდის ხალხის ენაზე ადაპტირებული ამ სიტყვათა ნარევი.

დიდი არწივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არწივები — ფრინველები, რომლებიც მანუეს მაცნეები იყვნენ. დიდ არწივებს შორის იყვნენ არწივები, რომლებიც ადამიანებს, ელფებსა და ჯადოსნებს ეხმარებოდნენ ბოროტებასთან ბრძოლისას. სწორედ მათ უწოდებდნენ მანუეს არწივებს.

ეს არსებები შუახმელეთში ვალინორიდან გამოაგზავნეს, რათა თავდაპირველად გადასახლებული ნოლდორებისათვის ეყარაულათ, ისევე, როგორც მორგოთისათვის. ყველა მნიშვნელოვანი ამბავი მანუესთან მიდიოდა.

მანუეს ბრძანებით თორონდორი, არწივთა მბრძანებელი, თვალს ადევნებდა თანგოროდრიმს, ვულკანურ მთას ანგბანდის თავზე. თორონდორი დაეხმარა ფინგონს მაედროს გადარჩენაში. მოგვიანებით არწივები კრისაეგრიმს ადევნებდნენ თვალს, რომელიც ექორიდიას ნაწილი იყო, გონდოლინში. ისინი მეფე ტურგონის მეგობრები იყვნენ და ახლომდებარე მთებიდან მორგოთის მზვერავებს აძევებდნენ. მათი ძალისხმევით ორკები ვერც კი უახლოვდებოდნენ ახლო მთებსა  თუ ბრითიაქის ფონს, რომელიც სამხრეთით მდებარეობდა. ტუორის მოსვლის შემდგომ დაზვერვა გაორმაგდა და მტერი კვლავ ვერ პოულობდა გონდოლინს. ამგვარად გონდოლინმა ელფთა დამალულ სამეფოთა შორის ყველა დიდ ხანს იარსება. როდესაც გონდოლინი საბოლოოდ დამარცხდა, არწივები იცავდნენ გამოძევებულებს და აძევებდნენ ორკებს, რომლებიც ხალხს თავს დაესხნენ კირით თორონათზე.

თორონდორი იყო სწორედ ის არწივი, რომელმაც მორგოთის სახეს ფინგოლფინთან ბრძოლის შემდეგ ეცა და სამუდამო ნაიარევები დაუტოვა. მანვე ფინგოლფინის გვამი ექორიათში ჩაიტანა, სადაც გმირი ფინგონმა დაკრძალა.

პირველი ეპოქის ბოლოს მომხდარი დიდი ომისას არწივები იბრძოდნენ ვალარებთან, ელფებთან და ედანებთან ერთად. დრაკონების გამოჩენის შემდეგ ყველა დიდი ფრინველი თორონდორის მეთაურობით ეარენდილს შეუერთდა და ასე განადგურდა დრაკონთა დიდი ნაწილი.

მნიშვნელოვანი არწივი იყო დიდი არწივი — არწივების მბრძანებელი მესამე ეპოქაში და თორონდორის შესაძლო შთამომავალი. ცხოვრობდა ნისლიანი მთების მიდამოებში, ბუდეში, 15 ბელადთან ერთად. მას შემდეგ, რაც დაჭრილი იქნა, განკურნებული იქნა განდალფის მიერ, რამაც ისინი მეგობრებად აქცია.

დიდმა არწივმა, სხვა არწივებთან ერთად, გადაარჩინა თორინი და კომპანია, როდესაც მათ გობლინების-ქალაქი დატოვეს და ორკებს შეხვდნენ. მოგვიანებით მათ ითამაშეს დიდი როლი ხუთი ლაშქრის ბრძოლაში (მესამე ეპოქის 2941). დიდი არწივი გახდა ყველა ფრინველის მეფე და ატარებდა ოქროს გვირგვინს.

ხოლმე ფიქრობენ, რომ დიდი არწივი იგივე გვაიჰირია. რამდენიმე მიზეზს შორის, თუ რატომ არ არის ასე, არის ის, რომ დიდი არწივი ატარებდა გვირგვინს, მაგრამ „ბეჭდების მბრძანებელში“ არ წერია, რომ გვაიჰირს გვირგვინი ჰქონდა.

კირინკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირინკები — ფრინველების სახეობა, გავრცელებული ნუმენორში. შეფერილობა ალისფერი ჰქონდათ, ზომით კი დაახლოებით ნარჩიტას მსგავსები იყვნენ. მათ სასაცილო ჭიკჭიკი ჰქონდათ, რომელიც ხშირად ადამიანებს არც ესმოდა[2]. ასე თუ ისე, მათი დახასიათების მიხედვით ჩანს, რომ კირინკები სამოთხის ჩიტების ანალოგს წარმოადგენდნენ.

სიტყვის Kirinki წარმოშობა უცნობია. ამბობენ, რომ ფუძე არის ქუენიური kir - გაპობა, გაჭრა. აქედან წარმოიშვა სიტყვა kirya - გემი და კნინობითი დაბოლოება inkë.

ცალკეული ფრინველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როაკი — ერებორის ყორანთა უხუცესი. იგი პირველად და უკანასკნელად ჩნდება „ჰობიტში“. როაკი ჯუჯებთან მიიყვანა შაშვმა. ყორანი საერთო ენას ფლობდა და სწორედ მან ამცნო ჯუჯებს, რომ სმაუგი მოკლული იქნა.

როაკი, კარკის შვილი, სხვებთან ერთად დარჩა მარტოსულ მთაში საცხოვრებლად, მაშინაც კი, როდესაც დრაკონმა სმაუგმა იქიდან ყველა გააგდო. როაკი საკმაოდ ბებერი იყო. მამამის კარკს ჯერ კიდევ ახსოვდა ის დრო, როდესაც სმაუგი იპყრობდა მარტოსულ მთას. როაკი კი არანაკლებ 153 წლისა იყო (კვერცხში ჯდომა რომ არ ჩაეთვალათ, როგორც თავად ამბობდა), როდესაც ის თორინსა და ბილბოს შეხვდა. სწორედ როაკის დახმარებით დაინ II და თორინის რაზმი მოემზადნენ იმ ხიფათისათვის, რომელიც შეიქმნა ნისლიან მთებთან.

მწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭრიჭკრიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭრიჭკრიკები (ინგლ. Neekerbreekers) — ჭრიჭინების მსგავსი მომაბეზრებელი მწერები, რომლებიც ქინქლების ჭაობში ბინადრობენ. სემუაიზ გემჯიმ მათ უწოდა ჭრიჭკრიკები, რადგან ისინი გამოსცემდნენ უცნაურ ხმებს - ჭრიჭ-კრიკ, ჭრიჭ-კრიკ. ჭაობზე ასეთი ათასობით ცხოვრობდა და ჰობიტებს ღამით მოსვენებას არ აძლევდა.

სხვა არსებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუმაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუმაკები — ვეებერთელა არსებები, რომელიც შუახმელეთის მესამე ეპოქაში ჰარადის სამხრეთ მიდამოებში ცხოვრობდნენ. ბევრს ისინი თანამედროვე სპილოების წინაპრებად მიაჩნია. მაგრამ ასევე ამტკიცებენ, რომ დღევანდელი სპილოები მათზე ბევრად უფრო მცირე ზომის არიან.ბეჭდის ომის დროს ჰარადის მეომრები გონდორში საურონის ბრძანებით შეიჭრნენ. მათ თან გიგანტური მუმაკები მოიყვანეს, რომლებსაც საბრძოლველად იყებდნენ. ისინი ეზიდებოდნენ საბრძოლო იარაღს, მორთულები იყვნენ წითელი ნაჭრებით, ლენტებით და ოქროსფერი საკიდებით. მათ ზურგებზე მოთავსებული იყო დიდი კოშკები, სადაც, როგორც წესი, დაოსტატებული მსროლელები ისხდნენ, მშვილდ-ისრებით.

მუმაკებს ბრძოლის ნამდვილი სურვილი ჰკლავდა და არაერთი მტერიც გაანადგურებულა მათ ფეხქვეშ. ხორთუმებით ისინი სასტიკად ყრიდნენ აქეთ-იქით ყველას, ხოლო ეშვებით - საბრძოლო ველს სისხლიან ზღვად აქცევდნენ და ამდენი ბრძოლის შემდეგ ეშვებიც სამუდამოდ გაწითლებული ჰქონდათ.

ცხენზე ამხედრებულისათვის შერკინება მათთან შეუძლებელი იყო, რადგან ცხენებს მათი ეშინოდა. და საერთოდ - ნებისმიერი მებრძოლისათვის მათთან მიახლოვება ფატალური იყო, ვინაიდან მუმაკის ფეხს თუ არ გაექცეოდა, ზევიდან ნასროლ ისარს მაინც შეეწირებოდა. ამ ცხოველების შეპყრობაც შეუძლებელი იყო. ნებისმიერი კედელი მათ წინაშე ინგრეოდა, ჯარები კი გარბოდნე

მუმაკების განადგურება ისრებითაც შეუძლებელი იყო - მათი სქელი კანის გამო. არსებობდა ერთადერთი ადგილი, რომელიც სუსტი ჰქონდათ - თვალები. ამ შემთხვევაში, დიდი მანძილიდან ნასროლი ისარი შესაძლებელია, მუმაკისათვის ფატალურიც ყოფილიყო. დაბრმავებული მუმაკები ხშირად შეშლილები აქეთ-იქით დარბოდნენ და თავიანთ პატრონებს ანადგურებდნენ, მტრებთან ერთად. ერთ-ერთი სასტიკი ბრძოლა მათ და შუახმელეთის ხალხთა შორის გაიმართა პელენორის მინდორზე, ბეჭდის ომის დროს.

ჰობიტებში დადიოდა ლეგენდები იდუმალ შორეულ ქვეყნებზე, რომლებიც შუახმელეთის აღმოსავლეთით მდებარეობდნენ. ამბობდნენ, რომ იქ ცხოვრობენ გიგანტური ოლიფანტები , საბრძოლო მხეცები, რომლებიც ეშვებით არიან შეიარაღებული და სვეტების მსგავსი დიდი ფეხები აქვთ. ამასთან, ბევრი ჰობიტი ამტკიცებდა, რომ თავად ჰყავდა ნანახი ეს ცხოველები (თუმცა, ალბათ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჰობიტებს ასე შორს არასოდეს უმოგზაურია). სემუაიზ გემჯი ნამდვილად ბედნიერად გრძნობდა თავს, როდესაც ლეგენდებში აღწერილი არსება თავისი თვალით იხილა ფარამირთან, ბორომირის ძმასთან შეხვედრისას. გონდორელებისგან მან პირველად შეიტყო მათი მეორე სახელის, 'მუმაკის' შესახებ. 'ორ ციხე-კოშკში' აგრეთვე ვკითხულობთ ძველ ლექსს, რომელსაც სემი ღიღინებს, როდესაც პირველად უხსენებენ ოლიფანტს. ლექსი ოლიფანტზე ასევე გამოვიდა ცალკე, ილუსტრირებული წიგნის სახით.

ვარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარგები (ინგლ. Wargs) — ველური მგლები, სასტიკი მონადირეები. განსაკუთრებულად ცნობილები იყვნენ ველური მიწების ვარგები. ეს მგლების მსგავსი არსებები ხშირად ეხმარებოდნენ ბოროტ ძალებს. ორკთა გარკვეული რაოდენობა სპეციალურად მზადდებოდა ვარგთა სამართავად. ისევე როგორ ცხენოსნობა ჩვეულ ხალხში წესად იყო ქცეული, ვარგის მოთვინიერება და მასზე ჯირითი ნამდვილ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მგლები ცხოვრობდნენ შუახმელეთის ჩრდილოეთით. ერიადორის მიწებს ისინი ლაშქრავდნენ ჯერ კიდევ მშვიდობიან დროს, ხოლო 2327 წელს მათ მოკლეს არაგორნ I, დუნედაინების მმართველი. ერიადორი კვლავ ქცეულა მათი თავდასხმების სამიზნედ, მრავალი წლის შემდეგაც კი. 2911 წლის მძიმე ზამთრის დროს, თეთრმა მგლებმა ჩრდილოეთიდან გადმოკვეთეს ბრენდივაინის გაყინული მდინარე და შევიდნენ მაზრაში. ბაკლენდიდან გაისმა საყვირის ხმა, რომელმაც ჰობიტები გააფრთხილა ამის შესახებ. 3018-19 წლებში, ბეჭდის ომის დროს, მგლები სერის გარეთ დაძრწოდნენ, მის კედლებთან ახლოს. ქრონოლოგიურად ვარგები პირველად ჩნდებიან 'ტინუვიელის ამბავში', რომელიც იყო 'ბერენისა და ლუთიენის' პირველი ვერსია, მოგვიანებით შეტანილი 'შუახმელეთის ისტორიაში'.

სარუმანი მგლებს იზენგარდის სიღრმეებში მალავდა, ხოლო ბეჭდის ომის დროს მათზე ამხედრებულ ორკებს ომში აგზავნიდა. სარუმანის მგლების მხედრები მომაკვდინებელი და საშიშები იყვნენ. ცხენები განსაკუთრებით უფრთხოდნენ ვარგებს. მხედრები რომელიმე მსხვერპლს ხოლმე თავს ეულად ესხმოდნენ, მაგრამ მათ ასევე იერიშის მიტანა დიდ ჯგუფებზეც შეეძლოთ.

იზენთან, 3019 წლის 25 თებერვალს მგლების მთელმა ნაკადმა გაანადგურა როჰირიმთა არაერთი ცხენი. შემდეგ ბრძოლაში, 2 მარტს მგლების დახმარებით ელფჰელმისა და გრიმბოლდის ლაშქრები ორ ნაწილად იქნა დაყოფილი. სარუმანმა მხედრები ჰელმის ხრამისკენ გაუშვა - იქ, სადაც ისინი დამარცხდნენ 3-4 მარტს. ვარგები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, დემონური ხასიათით. ამასთან, ისინი განსაკუთრებულად ჭკვიანებიც იყვნენ და ამბობენ, რომ საკუთარი ენაც კი ჰქონდათ. მაგრამ ერთი რამის ეშინოდათ - ცეცხლის.

უფრო მეტად ვარგები ცხოვრობდნენ ველურ მიწებში, ნისლიანი მთების აღმოსავლეთით. 2941 წელს ისინი, ორკებთან ერთად აპირებდნენ ბნელტევრის ხისმჭრელებისგან გაწმენდას. მაგრამ შეხვედრის ადგილზე ისინი გადაეყარნენ განდალფს, ბილბო ბეგინსსა და 13 ჯუჯას. განდალფმა მგლებს ალმოკიდებული გირჩები დააყარა, რამაც, რა თქმა უნდა, ისინი განდევნა.

მაგრამ შურისძიებით აღსავსე ვარგებმა ორკებთან ერთად მარტოსულ მთას მიაშურეს. იქ მათ მიიღეს მონაწილეობა ხუთი ჯარის ბრძოლაში, სადაც დამარცხდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ოდესღაც ორკთა და ვარგთა მიერ მითვისებული მიწები ადამიანებს ერგო.

3019 წლის იანვარში რამდენიმე ვარგი ნისლიანი მთების დასავლეთით თავს დაესხა ბეჭდის საძმოს. მთის წვერზე საძმო შეებრძოლა მგლებს. განდალფმა ხეებს ცეცხლი წაუკიდა, ხოლო ელფმა ლეგოლასმა დაჭრა ერთ-ერთი მათგანი ალმოკიდებული ისრით. უცნობი არის, თუ ვინ გამოგზავნა ისინი - სარუმანმა თუ საურონმა.

სახელის 'ვარგი' (warg) წარმოშობაზე ჯ.რ.რ.ტოლკინი წერს: „ეს არის სიტყვის wolf (მგელი) ძველი ფორმა, რომელსაც ასევე გააჩნია ყაჩაღის მნიშვნელობაც. ინგლისური სიტყვა wearg აღნიშნავსწყეულს, ყაჩაღს, დამნაშავეს. ძველ ნორვეგიულ ენაში vargr არის იგივე, რაც მგელი და კანონგარეშე, ხოლო ძველ გერმანულ ენაში warg ნიშნავს 'ბოროტმოქმედს'“.

როგორც წესი, ვარგებს უწოდებენ მგლებს. მაგრამ განდალფი მათ ასევე უწოდებდა 'საურონის ძაღლებს'.

ცალკეული ცხენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეპოქის ცალკეული ცხენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აროხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აროხი (Arroch) — ჰურინის ცხენი. მასზე ამხედრებული ჰურინი იბრძოლა ურიცხვი ცრემლის ბრძოლაში, პირველი ეპოქის 472 წელს. ამ ბრძოლაში ჰურინი დატყვევებული იქნა მორგოთისმიერ. აროხი ან მოკლული იქნა, ან დაიკარგა. როდესაც ჰურინი არ დაბრუნდა შინ, მორუენი ელოდა, რომ აროხის ხმას გაიგონებდა, რაც იქნებოდა მისი ქმრის გამოჩენის მანიშნებელი.

სიტყვა Arroch სინდარულად აღნიშნავდა „დიდსულოვან ცხენს“.

სხვა ცალკეული ცხენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასფალოთი — ელფ გლორფინდელის თეთრი ცხენი. მისი უნაგირი ძვირფასი ქვებით იყო მორთული.

ასფალოტი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი გმირობით, რომელიც უკავშირდება ფროდო ბეგინსის ნაზგულებისგან გადარჩენას. მან მიიყვანა ჰობიტი ბრუინენამდე, სადაც წყლის ტალღებმა მტერი წალეკეს.

სახელის Asfaloth წარმოშობა უცნობია. ვარაუდობენ, რომ ფუძეს წარმოადგენდნენ სიტყვები phal, იგივე phalas, ანუ ქაფი და loth - ყვავილი.

ცალკეული პონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილი

სემუაიზ გემჯის პონი, რომელიც ბარლიმენ ბატერბერიმ სერში ბილ გვიმრასგან შეიძინა.

ბილი (რომელსაც ალბათ სახელიც არ ჰქონდა) იყო ბილ გვიმრას მფლობელობაში, სერში. მას ცუდად ეპყრობოდნენ. პონი მშიერი ჩანდა. ეს იყო ერთადერთი ცხოველი მთელ ქალაქში, ვინაიდან ბილმა ან მისმა მოკავშირეებმა „ყალყზე შემდგარი პონის“ თავლის კარი გააღეს და ყველა პონი გაუშვეს.

მეორე დილით ბილმა პონი ბილი ჰობიტებს 12 ვერცხლის პენის სანაცვლოდ მიჰყიდა (რაც მის რეალურ ფასს სამჯერ აღემატებოდა).

არსება ჰობიტებთან და შემდგომში ბეჭდის საძმოსთან ერთად ერიადორში მოგზაურობდა . მორიასთან სემმა იგი გაუშვა და პონი სერში დაბრუნდა.

გზად შინისაკენ სემმა ბილი იპოვა „ყალყზე შემდგარი პონიში“ . ბილ გვიმრამ მერიადოკის მისამართით გასაღებები ისროლა და პონიმ მას ფლოქვი ჰკრა. ბილ გვიმრა წყვდიადში გაუჩინარდა. სემი ბილს აჭენებდა, როდესაც ფროდოს რუხი ნავსადგურისკენ მიჰყვებოდა.

ზანტ-ნელო

მერიადოკ ბრენდიბაკის პონი, ერთ-ერთი იმ ხუთიდან, რომელიც ჰობიტებმა კრიკორმოდან წამოიყვანეს. გადახდა იგივე ამბავი, რაც ჰობიტების კუთვნილ სხვა პონებს. ორიგინალურ ნაწარმოებში ჰქვია Bumpkin.

თეთრფლოქვა

მერიადოკ ბრენდიბაკის პონი, ერთ-ერთი იმ ხუთიდან, რომელიც ჰობიტებმა კრიკორმოდან წამოიყვანეს. გადახდა იგივე ამბავი, რაც ჰობიტების კუთვნილ სხვა პონებს. ორიგინალურ ნაწარმოებში ჰქვია White-socks.

კუდფარფარა

მერიადოკ ბრენდიბაკის პონი, ერთ-ერთი იმ ხუთიდან, რომელიც ჰობიტებმა კრიკორმოდან წამოიყვანეს. გადახდა იგივე ამბავი, რაც ჰობიტების კუთვნილ სხვა პონებს. ორიგინალურ ნაწარმოებში ჰქვია Swish-tail.

სქელუა ბაკუნა

ტომ ბომბადილის კუთვნილი პონი. ორიგინალურ ნაწარმოებში ჰქვია Fatty Lumpkin. იგი გაიცნეს ფროდოს, სემის, მერის და პიპინის პონებმა. როდესაც შეშინებულები, გაიქცნენ სერიდან, სქელუამ ისინი ტომთან მიიყვანა.

სტიბა

მერიადოკ ბრენდიბაკის პონი. ეს იყო პატარა, რუხი ფერის პონი, რომელიც მერის აჩუქა მეფე თეოდენმა. როდესაც მეფემ მერის უბრძანა დუნჰაროუში დარჩენა, ჰობიტმა დატოვა პონი და თავად გაჰყვა ეოვინს. გზად მაზრაში ის კვლავ იჯდა პონიზე, მაგრამ უცნობია, იყო თუ არა ეს სტიბა. სიტყვა stybb ნიშნავს მორს. უეჭველია, რომ პონის სახელი პირდაპირ კავშირში იყო მის ზომასთან.

ყურცქვიტა

მერიადოკ ბრენდიბაკის პონი, ერთ-ერთი იმ ხუთიდან, რომელიც ჰობიტებმა კრიკორმოდან წამოიყვანეს (მეხუთე ტვირთს ზიდავდა).

ტომ ბომბადილთან სტუმრობისას პონებმა გაიცნეს სქელუა ბაკუნა (Fatty Lumpkin). ნისლიანი ყორღანებიდან შეშინებული პონები სწორედ მას ესტუმრნენ. შემდეგ ტომ ბომბადილმა ისინი ჰობიტებს დაუბრუნა. ყურცქვიტა ასევე გაქრა სერიდან, ნაზგულების გამოჩენის ღამით, მაგრამ ბომბადილმა ყველა პონი დააბრუნა ბატერბერის ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონიში“, რათა ჰობიტებს ისინი შინ დაბრუნებისას ენახათ.

ორიგინალურ ნაწარმოებში ჰქვია Sharp-Ears.

ცხვირა

მერი ბრენდიბაკის პონი, ერთ-ერთი იმ ხუთიდან, რომელიც ჰობიტებმა კრიკორმოდან წამოიყვანეს (მეხუთე ტვირთს ზიდავდა). გადახდა იგივე ამბავი, რაც ჰობიტების კუთვნილ სხვა პონებს. ორიგინალურ ნაწარმოებში ჰქვია Wise-nose.

ცალკეული ძაღლები და მგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეორნის ძაღლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეორნს, რომელსაც ბილბო ხვდება თავისი მოგზაურობისას, ჰყავდა რამდენიმე რუხი ფერის, გრძელტანიანი ძაღლი, რომლებსაც შეეძლო უკანა თათებზე სიარული, ხოლო წინა თათებით - რომელიმე საგნის ტარება. ბილბოს გაუკვირდა, როდესაც მათ მოართვეს მოგზაურებს სადილი და კარგად ესმოდათ, რას ეუბნება ბეორნი.

ელფების მონადირე ძაღლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბნელტევრის მეფე თრანდუილი და მისი ელფები ირმებზე ამ ძაღლებით ნადირობდნენ.

როჰანის ძაღლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როჰირიმებს ასევე ჰყავდათ ძაღლები. როდესაც განდალფი, მეფე თეოდენი და სხვები მიუახლოვდნენ დანგრეულ ორთანკს, სარუმანმა თეოდენს მწარედ მიმართა - „რა არის ეორლის სახლი, თუ არა ჩალის ბეღელი, სადაც ავაზაკები ნარწყევში იგუდებიან, ხოლო მათ ნაშიერებს ძაღლებთან ერთად სძინავთ?“

სერის ძაღლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერის ძაღლებიც შეშინებულები იყვნენ, როდესაც გამოჩნდა „მისტერ ბეგინსის“ მაძებარი ნაზგული.

ფერმერ მეგოტის ძაღლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეშვი, ბღაუჭა და მგელი - ფერმერ მეგოტის (ქართულ თარგმანებში მეგუთნი) თითქმის მგლების მსგავსი ძაღლები. ისინი იცავდნენ მის ფერმას ბამფერლონგს, რადგან იგი მაზრის საზღვართან მდებარეობდა და იქვე ხშირად ბევრი უცნობი მიდი-მოდიოდა. 3018 წლის 25 სექტემბერს ფერმას მიუახლოვდა ნაზგული, რომელიც ეძებდა ვინმე ბეგინსს. ბღაუჭა მიუახლოვდა მას და შეშინებული გაიქცა. იმავე დღეს ფროდო ბეგინსი, სემ გემჯი და პერეგრინ ტუკი მოხვდნენ მეგოტთან. ეშვმა და ბღაუჭამ პიპინს ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა სემსა და ფროდოს უყეფდნენ, სანამ მეგოტი არ გამოვიდა. საგულისხმოა, რომ ბავშვობაში ფროდო მეგოტის ფერმის ტერიტორიაზე იპარავდა სოკოებს და ასევე გადაეყარა ძაღლებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს სხვა ძაღლები იყვნენ.

ჰუანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუანი (Huan) — დიდი ძაღლი ვალინორიდან. ვალა ორომემ იგი კელეგორმს გადასცა, ფეანორის ერთ-ერთ ძეს. ჰუანი იყო ცხენივით ვეებერთელა და კელეგორმს ნადირობებისას ახლდა. მნიშვნელოვანია დახმარება, რომელიც მან ბერენსა და ლუთიენს გაუწია. გზად იგი გაუმკლავდა მაქცია დრაუგლუინსა და თურინგვეთილს, რომელიც ღამურის სახით ჩნდებოდა – ორივე საურონის მსახური იყო. ჰუანმა აგრეთვე სახელი გაითქვა გიგანტურ მგელთან, კარხაროთთან ბრძოლაში.

სხვა ძუძუმწოვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატები — არსებები არდაში.

ბერუთიელი ტარანონ ფალასტურის, გონდორის მეთორმეტე მეფის ცოლი იყო. ცნობილია, რომ მას ჰყავდა ცხრა შავი და ერთი თეთრი კატა. ეს ჩუმი არსებები დედოფლის მიერ გამოიყენებოდა ჯაშუშური დანიშნულებით - მას სურდა ბევრი რამ სცოდნოდა გონდორის მოსახლეობაზე, ამიტომ მათი საიდუმლოებების მოსასმენად კატებს აგზავნიდა, თავად კი თავისუფლად ესმოდა მათი აზრების. გონდორელებს ეზიზღებოდათ კატები, მაგრამ კატებსაც ეზიზღებოდათ პატრონი. ბერუთიელმა აწამა ისინი, საბოლოოდ კი თავად თეთრი კატა უთვალთვალებდა შავებს.

ამბობენ, რომ ტარანონმა საბოლოოდ ბერუთიელი და მისი კატები ზღვაში გადააგდო. იმ დროიდან მათი კვალი გაქრა.

შუახმელეთის სხვა კატებს შორის აღსანიშნავია მეჯინიბის კატა, ნახსენები ფროდოს სიმღერაში, რომელიც მან „ყალყზე შემდგარ პონიში“ იმღერა. ფუნდუკის მეჯინიბე ბობს ასევე ჰყავდა კატა. კატა ნახსენებია ბილბოსა და გოლუმის შეჯიბრში, რომელიც გამოცანებზე იყო აგებული.

მელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიები — არსებები არდაში.

პირველ ღამეს, როდესაც ჰობიტები ბეგ ენდიდან გადიან და იძინებენ ტყეში, მათ ჩაურბენს მელა. იგი გაიფიქრებს: „ჰობიტები! ნეტავ, კიდევ ვინ გამოივლის? აქ ბევრი რამ მინახავს, მაგრამ თითქმის არ გამიგონია, რომ ჰობიტს ეძინოს გარეთ, ხის ქვეშ. თან სამი! ეს ძალიან უცნაურია“. კიდევ ერთი მელა არაგორნს შეხვდა, როდესაც მოგზაურებმა სერი დატოვეს.

ქუენიურად მელას rusco ჰქვია. (სინდარულად - rusc).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბეჭდის საძმო, წიგნი II, თავი 3
  2. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1980), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., დაუსრულებელი მოთხრობები, ბოსტონი: Houghton Mifflin, "ნუმენორის აღწერა", ISBN 0-395-29917-9