არაგორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაგორნი
Aragorn.png
სხვა სახელები ელესარი, დუნადანი, თორონგილი, ესტელი, მაწანწალა
რასები ადამიანი
წიგნები ბეჭდების მბრძანებელი

არაგორნ II, ძე არათორნისა (Aragorn) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ძირითადად, ფიგურირებს რომანში ბეჭდების მბრძანებელი.

არაგორნი არის ადამიანთა რასიდან. იგი არის გონდორის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე, რომელიც მრავალი წელია დაეხეტება და თავის ჟამს ელოდება. ბეჭდის ომის პერიოდში იგი ეხმარება ფროდო ბეგინსს და მის მეგობრებს და ბეჭდის საძმოს დაშლამდე მათთან ან მათ გარეშე მოგზაურობს. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების გზები იყოფა, არაგორნი დიდ როლს თამაშობს საურონთან ომში. რომანის ბოლოს მოთხრობილია, თუ როგორ გახდა იგი გაერთიანებული სამეფოების მმართველი.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგორნი იყო ისილდურის, ელენდილის ძის პირდაპირი მემკვიდრე. ისილდურის ყველა მემკვიდრე არნორს მართავდა, სანამ ეს სამეფო არ იქნა განადგურებული მესამე ეპოქის 861 წელს. ამის შემდეგ შტოს განაგრძობდნენ ართედაინის მეფენი, მოგვიანებით - მთავარი დუნადანები. არაგორნი ასევე მომდინარეობდა ანარიონისგან, რომელიც მემკვიდრეები უწინ გონდორს მართავდნენ (ფირიელის, გონდორის მეფე ონდოჰერის შტოთი, რომელიც მეფე არვედუის გაჰყვა).

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგორნი დაიბადა 2931 წლის 1 მარტს. ორი წლის თავზე მამამისი, დუნადანთა მე-16 მმართველი, არათორნ II მოკლული იქნა ორკთა მიერ. დედამ, გილრაენმა, დუნადანთა მომავალი იმედი დამალა რივენდელში, სადაც იგი ესტელის (იმედი) სახელით იზრდებოდა. 2961 წლამდე მან თავისი ნამდვილი სახელი არ იცოდა. მაგრამ შემდეგ ნახევარ-ელფმა ელრონდმა მას უჩვენა ბარაჰირის ბეჭედი და ხმალ ნარსილის ნატეხები.

მეორე დღეს არაგორნმა პირველად იხილა არვენი, რომელიც რივენდელში ლორიენიდან დაბრუნდა. მშვენიერება მისი ლუთიენის ტოლფასიც კი იყო. არაგორნს იგი შეუყვარდა, მაგრამ იცოდა, რომ ელრონდი მათი კავშირის წინააღმდეგი იქნებოდა - ვინაიდან არვენი ვერ გაწირავდა საკუთარ უკვდავებას, ვალართა დიდ ძღვენს, რომელიც ყველა ელფს ერგო.

წინ მრავალი გამოსაცდელი წელი ელოდა. არაგორნმა დატოვა რივენდელი და მოიარა შუახმელეთი. მივიდა რუნამდე აღმოსავლეთით და ჰარადამდე სამხრეთით, დაბნელებული ნაკადულის კარიბჭით - მორიაში და მორდორის მცირე ნაწილიც იხილა. მესამე ეპოქის 2956 წელს მან გაიცნო განდალფ რუხი და დამეგობრებულები ერთად მოგზაურობდნენ.

არაგორნი როჰირიმებთან ერთად მსახურობდა როჰანის მეფე თენგელთან, მეფე ეკთელიონ II-ს პერიოდში მეთაურობდა ჯარებს. მაგრამ თავის ნამდვილ ვინაობას ის არ ამხელდა. ამიტომ მას უწოდებდნენ თორონგილს (Thorongil, ვარსკვლავთარწივს) - თავისი გამოხედვის და საერთოდ, იერის გამო. ეკტელიონი მან გააფრთხილა, არ ჰქონოდა სარუმანისადმინდობა და უმბარელ მეზღვაურებთან ბრძოლაში თავად ჩაება. მეფე მას აფასებდა უფრო მეტად, ვიდრე თავის ძე დენეთორს, მაგრამ ერთ დღეს მოულოდნელად მაწანწალამგონდორი დატოვა.

2980 წელს არაგორნი დაბრუნდა რივენდელში და კვლავ შეეცადა, განემტკიცებინა საკუთარი პოზიცია არვენთან მიმართებაში, მაგრამ ელრონდმა მიუგო, რომ არვენი მხოლოდ გონდორისა თუ არნორის მეფეს თუ გაჰყვებოდა. მაშინ არაგორნმა კვლავ დატოვა ადგილები, სადაც აღიზარდა.

იგი ეწვია დედას ერიადორში, მაგრამ გილრაენი აღელვებული იყო, ვინაიდან გრძნობდა წყვდიადის მოახლოებას და სიკვდილსაც. არაგორნმა სცადა მისი დამშვიდება, მაგრამ პასუხად მიიღო „დუნადანებმა ჩემგან იმედი მიიღეს, მაგრამ ჩემთვის იმედი არ დამიტოვებია“. იგი გარდაიცვალა 3007 წლის გაზაფხულამდე.

3001 წელს ბილბომ ფროდოს თავისი ბეჭედი დაუტოვა და განდალფმა არაგორნს გაუზიარა თავისი მწუხარება და ღელვა ამ ნივთის შესახებ. წლების მანძილზე არაგორნი ამაოდ ეძებდა გოლუმს, რომელიც მთავარ ბეჭედს ბილბომდე ფლობდა, დაიჭირა იგი, მაგრამ არსება საბოლოოდ გაიქცა ელფების ტყვეობიდანაც, 3018 წლის ივნისში.

3018 წლის 1 მაისს არაგორნმა შეიტყო, რომ ფროდო მაზრას სექტემბერში ტოვებდა. ამიტომ მან მშვიდად განაგრძო ცალკე ხეტიალი, დარწმუნებულმა, რომ ბილბოს მემკვიდრეს განდალფიც მიხედავდა. მაგრამ ამ ხეტიალისას მან ელფ გილდორისგან შეიტყო, რომ ფროდომ უკვე დატოვა მაზრა, ხოლო განდალფი სადღაც იყო გამქრალი.

30 სექტემბერს მან მოისმინა, რომ ჰობიტებზე ტომ ბომბადილმა იზრუნა და ისინი აღმოსავლეთის გზას გაუდგნენ. ამიტომ არაგორნი ჩავიდა სერში და მათ სწორედ იქ ელოდებოდა. სწორედ მან გადაარჩინა ისინი ნაზგულებისგან. ხოლო ფუნდუკ „მონავარდე პონის“ პატრონმა ფროდოს გადასცა წერილი, სადაც ეწერა ბილბოს მიერ დატოვებული იდუმალი ლექსი გონდორის მომავალი ხელმწიფის შესახებ, ერთგვარი წინასწარმეტყველება მასზე.

თავდაპირველად არაგორნი არ იჩენდა დიდ აქტიურობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ნათელი ხდებოდა, რომ მას სულ უფრო მეტად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ იგი იყო გონდორის კანონიერი მემკვიდრე. ბეჭდის ომის მთელი დარჩენილი პერიოდი მან დაუთმო მეგობრებზე, საკუთარ ხალხზე ზრუნვას და მტრის ძალებთან ღირსეულ შერკინებას.

არვენი მასთან ერთად საბოლოოდ გახდა გონდორისა და არნორის გაერთიანებული სამეფოების დედოფალი. მოგვიანებით, არაგორნმა (იგივე მეფე ელესარმა) თავად გააცილა მეგობრები და დაუბრუნდა გონდორს.

გარდა სხვადასხვა სამართლიანი რეფორმისა, მან არ დაივიწყა ჰობიტებიც და მაზრა იქცა თავისუფალ მიწად, რომელსაც ჩრდილოეთი იცავდა. მოგვიანებით, ჰობიტები მერი და პიპინი დასახლდნენ გონდორში და იქ არაგორნთან, უკანასკნელის გარდაცვალებამდე მსახურობდნენ.

მეოთხე ეპოქის 120 წელს ელესარმა იგრძნო, რომ მისი დღეებიც წარმავალი იყო და სამეფო გვირგვინი თავის ძე ელდარიონს გადასცა. არვენი მასთან გარდაცვალებამდე დარჩა. არაგორნ II 210 წლის ასაკში აღესრულა.

გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბეჭდის საძმოში“ მითითებულია, რომ არაგორნს ჰქონდა მუქი ფერის თმა, რომელსაც ჭაღარა დაჰკრავდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]