აინურნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აინურნი (Ainur, მხოლობითი – აინუ) — უკვდავი სულები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ისინი შექმნა ერუ ილუვატარმა.[1]

ძალაუფლებით აინურნი მხოლოდ ერუს ჩამოუვარდებიან. მათგან ყოველს ესმის მხოლოდ ერთი ნაწილი ილუვატარის აზრის. არც ერთ მათგანს არ შეუძლია ერუს აზრების სრულად გაგება. აინურნი ერუსთან ერთად არსებობდნენ უდროობის სასუფეველში. თავიდან ისინი მას უმღეროდნენ ცალ-ცალკე, მაგრამ მალევე მისი თხოვნით მათი ხმები გაერთიანდა ერთ მუსიკაში, აინურთა მუსიკაში, რომლისგანაც სამყაროს სიცარიელეში გაჩნდა ჩვენება. ერუმ აინურთა მუსიკისგან შექმნა რეალური სამყარო - ეა. აინურთა ნაწილმა ეაში შექმნა არდა - ილუვატარის შვილების სამფლობელო. ამ აინურებს ელფებმა უწოდეს ვალარები. აინურთა უმეტესობა მაინც დარჩა ერუსთან, სამყაროს დასასრულს, უდროობის სამფლობელოში, ვალარები კი ოდესღაც კვლავ გაერთიანდებიან სხვა აინურებთან და ერუს შვილებთან ერთად შექმნიან აინურთა მეორე მუსიკას.

„Valar“ ქუენიურად ნიშნავს „ღმერთს, ანგელოზს“. ვალარები აინურებიდან ყველაზე ძლიერები არიან. მათ შექმნეს არდა და დაეშვნენ მასზე, რათა მოემზადებინათ იგი ილუვატარის შვილებისთვის, ადამიანებისთვის და ელფებისთვის. როგორც ერუს შვილები, ისინი მის აზრებს ხორცს ასხამენ. ვალარების რიცხვი სულ თხუთმეტს აღწევს, მაგრამ მელკორი მათთაგანი აღარ არის, ასე რომ არდაში მხოლოდ თოთხმეტი ვალა არსებობს. რადგან ვალარები არდაზე დაეშვნენ, ისინი მიჯაჭვულნი არიან მასზე და დარჩებიან, სანამ ეს ერუს სურს. გარდა ამისა, ვალარების ძალა არდაზე შეზღუდულია.

როცა ვალარები არდაზე დაეშვნენ, მათ იცოდნენ, თუ როგორი წარმოედგინა ერუს ელფები და ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, მიიღეს ასეთივე სახე. არის შვიდი მამრობითი და შვიდი მდედრობითი - ვალა და ვალიე. ისინი ასევე დონეებად იყოფიან - შვიდი მათგანი შედარებით მაღალ დონეზე დგას და არატარი ეწოდება. ყოველ ვალას და ვალიეს თავისი თვისება აქვს, რომლითაც არდა არსებობს.

ვალარებთან ერთად არდაში მათი მხლებლები - მაიარები ჩამოვიდნენ. ერთად ისინი არდას აძლევდნენ ფორმას და ალამაზებდნენ, მაგრამ მელკორი ამ უკანასკნელებს გზადაგზა დაჰყვებოდა და ყველაფერს ანადგურებდა. ეაში მოსვლის შემდეგ, ვალარები ცხოვრობდნენ არდაში, სწორედ აქ მათ ააგეს თავიანთი მანათობლები, ხოლო როდესაც ისინი განადგურებულ იქნენ მელკორისა და უნგოლიანტის მიერ, ვალარები გადასახლდნენ ამანზე, სადაც დააარსეს ვალინორი. მოგვიანებით მათ შექმნეს მზე და მთვარე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ. რ. რ. (1977), სილმარილიონი, ნიუ-იორკი: Houghton Mifflin, ISBN 0-618-12698-8