შინაარსზე გადასვლა

ჰობიტების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ჰობიტების, ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის პერსონაჟების სია.

სარჩევი

  • ადალდრიდა ბოლჯერ ბრენდიბაკი (2818–?): ჰობიტი ქალი შაირიდან. იგი იყო გუნდაჰარ ბოლჯერისა და დინა დიგლის შვილი და ადალგარ ბოლჯერის უმცროსი და. ცოლად გაჰყვა მარმადოკ ბრენდიბაკს. მათ ოთხი შვილი ეყოლათ: გორბადოკი, ორგულასი და ორი ასული.
  • ადელარდ ტუკი (2928–IV ეპოქის 2 წელს): ფლემბარდ ტუკის შვილი. ჰყავდა ორი ვაჟი - რეჯინარდი და ევერარდი, ასევე სამი ასული, რომელთა სახელები უცნობია. ეს იყო ჰობიტი, რომელსაც უცნაური მანერა ჰქონდა - თუკი სჭირდებოდა, ვინმეს ქოლგას სთხოვდა, მაგრამ არასოდეს აბრუნებდა. ბილბო ბეგინსმა მას საჩუქრად დაუტოვა ქოლგა. ანდერძში აღნიშნული იყო - „პირად საკუთრებაში“.
  • ანჯელიკა ბეგინსი (2981–?): შინაბერა ჰობიტი. დაიბადა პონტო ბეგინსის ოჯახში. ბილბო ბეგინსს „ძია ბილბოს“ უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნათესაური კავშირის მიხედვით ბილბოსგან უფრო შორს იმყოფებოდა. ესწრებოდა ბილბოს დაბადების დღეს მესამე ეპოქის 3001 წელს. ბილბომ მას აჩუქა მრგვალი სარკე, ვინაიდან ანჯელიკა ძალიან უფრთხილდებოდა საკუთარ გარეგნობას.
  • ბანგო ბეგინსი (2846–2926): ბილბო ბეგინსის მამა. დაიბადა მესამე ეპოქის 2846 წელს. იყო მანგო ბეგინსისა და ლორა გრაბ ბეგინსის ყველაზე უფროსი შვილი (სულ ხუთნი იყვნენ). და-ძმებს ერქვათ ბელბა, ლონგო, ლინდა და ბინგო. ბანგომ იქორწინა ბელადონა ტუკთან, რომელსაც ჰობიტონის ერთ-ერთ გორაკზე აუშენა ბეგ-ენდი, მოგვიანებით ქცეული ბეგინსების დიდ საგვარეულოდ. ჰყავდათ მხოლოდ ერთი შვილი, ბილბო, დაბადებული 2890 წელს. ბანგო გარდაიცვალა 2926 წელს.
  • ბანდობრას ტუკი (2704–2806): შაირის თაინ იზუმბრას III-ს მეორე ვაჟი, ტუკების გვარიდან. დაიბადა მესამე ეპოქის 2704 წელს. ცნობილი იყო თავისი საოცარი სიმაღლით (4 ფუტი, ხუთი დიუმი) და იმით, რომ თავისუფლად აჭენებდა ცხენს. ცნობილია აგრეთვე, რომ თავის ეს იყო ყველაზე მაღალი ჰობიტი, მაგრამ მერიადოკ ბრენდიბაკმა და პერეგრინ ტუკმა მას გარკვეული დროის შემდეგ თავად გაუსწრეს (ამაში „დამნაშავე“ იყო ენტებთან სტუმრობისას დალეული წყალი). ბანდობრასი ცნობილი გახდა მწვანე მინდორზე 2747 წელს ორკებთან შეჯახების შემდეგ, როდესაც უკანასკნელები გამოემართნენ ნისლიანი მთებიდან და ჩრდილოეთი კუთხე დალაშქრეს. ამ ბრძოლაში ბანდობრასმა ორკთა მეთაურ გოლფიმბულს თავი კეტის მოქნევით გააგდებინა. მან შორს გადაიფრინა და დაეშვა კურდღლის სოროში. ამბობენ, რომ სწორედ მაშინ გამოიგონეს გოლფის თამაში. ბანდობრასს ზედმეტსახელი „ჭრიალა“ (ინსტრუმენტის სახელი Bullroarer) შეერქვა. მისგან წარმოიშვა ჩრდილო ტუკების ხალხი, სწორედ მათი რიგებიდან იყო პერეგრინ ტუკის ცოლიც. აღსანიშნავია, რომ „ბეჭდის საძმოს“ პროლოგში ბანდობრასის მამას უწოდებენ იზენგრიმ II-ს, მაგრამ ტუკების გენეალოგიაში იგი აღნიშნულია, როგორც იზუმბრას III, იზენგრიმ II-ს ვაჟი. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე მინდვრების ბრძოლის თარიღი ორია - 1147 და 2747 წლები. „ბეჭდის საძმოს“ სხვადასხვა წყაროებში მითითებულია როგორც პირველი, ასევე მეორე. განსხვავება ის არის, რომ 1147 არის რიცხვი შაირის წელთაღრიცხვის მიხედვით.
  • ბებერი ძირმუხა (Old Noakes): წყლისპირეთელი ჰობიტი, ბებრუხანა გემჯის ნაცნობი. 3001 წლის სექტემბერში, ბილბოსა და ფროდოს დაბადების დღემდე იგი ჩვეულებისამებრ ეწვია ფუნდუკ „მწვანე დრაკონს“ გემჯისთან, დედი ორტერფთან და მეწისქვილე სენდიმენთან ერთად. იგი ფროდოზე საკუთარ ეჭვებს გამოთქვამდა, შიშობდა, ვინაიდან დედამისი ბრენდიბაკი იყო: „ვერ გამიგია, ჰობიტონელი რატომ უნდა წასულიყო ბაკლენდში ცოლის სათხოვნელად, იქაურები ხომ ცოტა ვერ არიან“. მან აგრეთვე ახსენა, რომ გაუგია, თითქოს ფროდოს მშობლები დაიღუპნენ იმის გამო, რომ დროგო ბეგინსმა თავად გადააყირავა ნავი. სიტყვა noakes მომდინარეობს ძველი ინგლისურიდან, მისი მნიშვნელობაა „მუხისძირი“.
  • ბებრუხანა გემჯი (1326–1428): სემუაიზ გემჯის მამა. დაიბადა 2926 წელს. მისი მამა ჰობსონი ცნობილი იყო, როგორც მეთოკე გემჯი. მაგრამ თუ ჰემფასტის უფროსი ძმა ენდუაიზი გაჰყვა მამის ხელობას, ჰემმა აირჩია მებაღის საქმე. ბავშვობის წლებიდან ჰემფასტი გახდა მემწვანე ჰოლმენის, ბილბო ბეგინსის მებაღის შეგირდი. 2942 წელს, როდესაც ბილბოს ქონება იყიდებოდა აუქციონზე, ჰემი იცავდა ბეგ ენდს ზედმეტი მნახველებისგან. ბილბო გაქრა და ყველამ ჩათვალა, რომ ის მოკვდა, მაგრამ ის მოულოდნელად, 22 ივნისს დაბრუნდა. ჰემფასტი ჰოლმენთან ერთად ბაღებს 20 წლის განმავლობაში უვლიდა, შემდეგ კი დამატებით 40 წელი ბეგ ენდის მთავარი მებაღე იყო. ბელ გუდჩაილდთან ქორწინებისგან მას ექვსი შვილი ჰყავდა - ჰემსონი, ჰალფრედი, დეიზი, მეი, სემუაიზი და მერიგოლდი. აქედან მხოლოდ სემი გახდა მისი შეგირდი. ბილბოს 111ე დაბადების დღიდან მოყოლებული, ბეგ ენდის მებაღეობა მთლიანად სემის საქმედ იქცა.შაირის დატოვებისას ბილბომ ჰემფასტს უანდერძა რამდენიმე ნივთი საკუთარი ქონებიდან. 3018 წელს ფროდო ბეგინსმა ბეგ ენდი სეკვილ-ბეგინსებს მიჰყიდა. მოხუცი ჰემი უკმაყოფილო იყო, თუმცა უხაროდა, რომ სემი გაჰყვა ფროდოს. მათი წასვლის ღამით გემჯის სახლს მიუახლოვდა ხამული, ერთ-ერთი ნაზგულებიდან. მოხუცმა თავიდან მოიცილა იგი, თუმცა უამბო, რომ ფროდო ბაკლენდში გადავიდა. ერთი კვირის თავზე მას ეწვია განდალფი, რომელმაც შეიტყო ფროდოს გამგზავრების შესახებ. თავისი მოგზაურობისას სემი ხშირად იხსენებდა მამის მის წარმოთქმულ ბრძნულ ფრაზებს. შაირში დაბრუნებისთანავე მან აღმოაჩინა, რომ ჰემი გაგდებული იქნა საკუთარი სახლიდან, ხოლო მათი ქუჩა იქცა ქვიშის კარიერად, მოხუცი კი ცხოვრობდა ერთ-ერთ ქოხში. მასზე ფერმერი კოტონი ზრუნავდა. ჰემფასტი წუწუნებდა, რომ ფროდომ ბეგ ენდის გაყიდვით ბევრი უსიამოვნება გამოიწვია და აინტერესებდა, პატიოსნად ემსახურებოდა თუ არა მას სემი. მისთვის მოულოდნელი იყო, რომ სემი შუახმელეთის ერთ-ერთ დიდ გმირად შერაცხეს. მას შემდეგ, რაც გემჯის ოჯახის ქუჩა აღდგა, ის დაბრუნდა საკუთარ სახლში. სემი და როზი კოტონი (რომლებიც დაქორწინდნენ), ფროდოს უკვდავი მიწებში გამგზავრების შემდეგ გადავიდნენ ბეგ ენდში. მოხუცს უვლიდა ქვრივი რამბლი. ჰემმა რამდენიმე წელი იცხოვრა და მშვიდად გარდაიცვალა მეოთხე ეპოქის 7 წელს. სიტყვა Hamfast ძველ ინგლისურში იწერებოდა, როგორც hámfoest და აღნიშნავდა „შინ ყოფნას“. გემჯი არის ცნობილი ინგლისური გვარი და აღნიშნავს „ბამბას“. ტოლკინს ეს სახელი ახსოვდა ბირმინგემში გატარებული დღეებიდან. ამით იგი გემჯის უკავშირებდა კოტონების ოჯახს. როგორც ჰობიტების სახელი, „გემჯი“ მომდინარეობს „გემუიჩიდან“, შაირის სოფლიდან. გემუიჩის ჰობიტური ვერსიაა „გალაბასი“ - „თამაშების სოფელი“. გვარისათვის იგი გარდაიქმნა და მიღებული იქნა „გალბასი“. გვარის სხვა ვერსიებია: გემიჯი (Gammidge), გემუიჩი (Gamwichy) და გემიჯი (Gammidgy). სიტყვა Gaffer (როგორც უწოდებენ ჰემს) ნიშნავს „მოხუც კაცს“, ბებრუხანას. „ბებრუხანა გემჯი“ ტოლკინმა და მისმა ბიჭებმა პირადად იხილეს ერთხელ, როდესაც ისვენებდნენ და შეხვდნენ ასეთ მოხუცს. ცნობილია, რომ იგი განთქმული იყო ჭორებისადმი ინტერესითა და ამინდის წინასწარმეტყველობით. სწორედ მაშინ შეარქვეს მას ეს სახელი.
  • ბელადონა ტუკი (ბეგინსი) (2852–2934): ბილბო ბეგინსის დედა. დაიბადა მესამე ეპოქის 2852 წელს. იყო მოხუცი ტუკის, გერონტიუსისა და მისი მეუღლის, ადამანტა ჩაბ ტუკის ერთ-ერთი 12 შვილს შორის. ჰობიტებში ბელადონა და მისი დები გარკვეული დროის მანძილზე, გათხოვებამდე მეტად სასურველ სარძლოებად ითვლებოდნენ ბანგო ბეგინსთან ქორწინების შემდეგ ბელადონა საცხოვრებლად გადავიდა მდიდრულ ბეგ ენდში, რომელიც ბეგინსმა მას აუშენა. ტუკებისათვის დამახასიათებელი მოგზაურობებისადმი მიდრეკილება მისგან ბილბოს გადაეცა, რომელიც 2890 წელს დაიბადა. ბელადონას დიდ პატივს სცემდა განდალფ რუხი. გარდაიცვალა 2934 წელს.
  • ბილბო ბეგინსი (დ. 2890): იხილეთ ბილბო ბეგინსი
  • ბრუნო ბრეისგირდლი: იყო ბლანკო და პრიმროუზ ბრეისგირდლების შვილი. ჰყავდა ორი შვილი, ჰუგო და ჰილდა ბრეისგირდლები. ბრუნოს ცნობილი და იყო ლობელია სეკვილ-ბეგინსი.
  • ბობი (დ. 3018): ჰობიტი, ბარლიმენ ბატერბერის ერთ-ერთი მოახლე, „ყალყზე შემდგარ პონიში“.
  • ბოდო ზორბტერფი (დ. 2860): ბილბო ბეგინსის ბიძა. დაქორწინდა ლინდა ბეგინსზე, ბილბოს მამის ბანგოს დაზე. ბოდოსა და ლინდას ჰყავდათ შვილი ოდო (დ. 2904).
  • ბრუნო ბრეისგირდლი (1313–1410): შაირელი ჰობიტი. იგი იყო ბლანკო და პრიმროუზ ბრეისგირდლების შვილი. ჰყავდა ორი შვილი, ჰუგო და ჰილდა ბრეისგირდლები. ბრუნოს ცნობილი და იყო ლობელია სეკვილ-ბეგინსი.
  • გორბადოკ ბრენდიბაკი (2860–2963): ფროდო ბეგინსის პაპა და მერიადოკ ბრენდიბაკის დიდი დიდი პაპა. დაიბადა მესამე ეპოქის 2860 წელს. იგი იყო მარმადოკ ბრენდიბაკისა დაადალდრიდა ბოლჯერ ბრენდიბაკის შვილი. ჰყავდა ორი და და ძმა სახელად ორგულასი. დაინიშნა ბაკლენდის მმართველად მესამე ეპოქის 2910 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ. სახელი გაითქვა ჩინებული სუფრებით და ზედმეტსახელად ეწოდა განიერქამარი (Broadbelt), ალბათ მისი ფიზიკური ფორმების გამო. იქორწინა მირაბელა ტუკთან. ეყოლათ შვიდი შვილი: რორიმაკი, ამარანთი, სარადასი, დოდინასი, ასფოდელი, დინოდასი და ფურისულა. უფროსი ძე რორიმაკი იყო მერი ბრენდიბაკის პაპა, ხოლო მათი ასული ფურისულა - ფროდო ბეგინსის დედა. გორბადოკი მესამე ეპოქის 2963 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების წლად მითითებულია ეს წელი (ბრენდიბაკების გენეალოგიაში). თუმცა, „ბეჭდის საძმოში“ ნახსენებია, რომ დროგო და ფურისულა მას მესამე ეპოქის 2980 წელს სტუმრობდნენ - სწორედ მაშინ, შინისაკენ მოგზაურობისას, დაიხრჩვნენ მდინარეში.
  • დეაგოლი: სმეაგოლის მეგობარი და მთავარი ბეჭდის მპოვნელი. იხილეთ დეაგოლი.
  • დონამირა ბოფინი (ტუკი) (2856–2948): გერონტიუს ტუკის ერთ-ერთი შვილი.
  • დრუდა ბეროუზი: ცნობილი ჰობიტი-ქალი. იყო როლო ბოფინის მეუღლე. მათი შვილების ვინაობა უცნობია.
  • ევერარდ ტუკი (დ. 2980): ადელარდ ტუკის შვილი. ჰყავდა უფროსი ძმა რეჯინარდი და კიდევ სამი და. ესწრებოდა ბილბოს დაბადების დღეს. მოეჩვენა, რომ ბილბომ დაასრულა სიტყვა, ამიტომ მელილოტ ბრენდიბაკთან ერთად აძვრა მაგიდაზე და ცეკვა დაიწყო.
  • ლოთო სეკვილ-ბეგინსი (2964–3019): ოთო და ლობელია სეკვილ-ბეგინსების ერთადერთი შვილი. იხილეთ ლოთო სეკვილ-ბეგინსი.
  • ლობელია (ბრეისგირდლი) სეკვილ-ბეგინსი (2918–3020): ბილბო ბეგინსის ერთ-ერთი ახლო ნათესავი. დაბადებული ბრეისგირდლების - ბლანკოსა და პრიმროუზის ოჯახში, ჩრდილოეთ კუთხიდან. ჰყავდა ძმა სახელად ბრუნო. მესამე ეპოქის 2941 წელს ბილბო მოულოდნელად გაქრა ჰობიტონიდან და ერთი წლის განმავლობაში არ დაბრუნებულა. ლობელია დარწმუნებული იყო, რომ როგორც იქნა, ბეგ ენდი მის ხელში გადავიდა (ვინაიდან ბილბოს მერე სწორედ სეკვილ-ბეგინსები ითვლებოდნენ ბეგინსთა გვარის გამგრძელებლებად). მაგრამ მოულოდნელად ბილბოც დაბრუნდა და ლობელია შინ დაბრუნდა. მეტიც - ისეთი გაბრაზებული, რომ ბეგ ენდიდან რამდენიმე ვერცხლის კოვზი გაიყოლა. საპასუხოდ, ანდერძით ბილბომ მას მხოლოდ ვერცხლის კოვზების კოლექცია შეუთვალა. მესამე ეპოქის 3018 წელს ბეგ ენდი, როგორც იქნა, ლობელიასი გახდა - როდესაც ფროდო ბეგინსმა იგი მას მიჰყიდა. ოთო სეკვილ-ბეგინსი, ლობელიას ქმარი, მესამე ეპოქის 3012 წელს გარდაიცვალა, ასე რომ ბეგ ენდში მხოლოდ ორნი, ლობელია და მისი შვილი ლოთო დასახლდნენ. მოგვიანებით სარუმანმა დაიპყრო შაირი და ბეგ ენდში თავად დაიდო ბინა. ლოთო მოკლეს, ხოლო ლობელია საპყრობილეში შეაგდეს, საიდანაც უკვე ძალიან დაუძლურებული გამოვიდა. როდესაც შეიტყო, რომ შვილი მკვდარი იყო, ტრაგედიის განცდის ფონზე ფროდოს ბეგ ენდი დაუბრუნა. მესამე ეპოქის 3020 წელს, გარდაცვალების წინ, მთელი თავისი ფული დაუტოვა ბეჭდის ომის დროს დაზარალებულ ჰობიტებს. „ლობელია“ არის ლურჯი, ვარსკვლავისებური ყვავილის სახელწოდება.
  • ლოთო სეკვილ-ბეგინსი (2964–3019): ჰობიტი, რომელმაც ბეჭდის ომის დროს თავი შაირის მმართველად გამოაცხადა. დაიბადა 2964 წელს (მესამე ეპოქაში), ოთო სეკვილ-ბეგინსის ოჯახში (რომელიც ბილბო ბეგინსის ბიძაშვილი იყო). ოთო და მისი მეუღლე ლობელია ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ ერთ დღეს ბეგ ენდი, ბილბოს კუთვნილი დიდი საგვარეულო ტერიტორია მათი გახდებოდა, მაგრამ 2989 წელს ბილბომ ფროდო საკუთარ მემკვიდრედ გამოაცხადა და ეს საკითხი დროებით გადაიდო (როგორც მოგვიანებით გაირკვა). მიუხედავად იმისა, რომ უფროს ბეგინსს მათ მიმართ სიმპათია არ ჰქონდა, ოჯახი დაესწრო მის დაბადების დღეს 3001 წელს. 3012 წელს ოთო გარდაიცვალა და ლოთო გახდა მისი საჩიხუხე მცენარის პლანტაციების მემკვიდრე. მან დაიწყო ფოთლების ექსპორტი. ძირითადად მისი მომხმარებელი სარუამნი იყო, რომელმაც ამ მცენარის არსებობის შესახებ განდალფისგან შეიტყო. მას შემდეგ ჯადოსანმა ჰობიტებისგან სხვა ნაწარმის შეძენასაც მიჰყო ხელი. მისი მხრიდან ეს შაირის დაპყრობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყო. ლოთო ამ ექსპორტის შემდეგ გამდიდრდა, შეიძინა უფრო მეტი პლანტაცია და დასახლებები. 3018 წლის სექტემბერში იგი საბოლოოდ გადავიდა ბეგ ენდში (რომელიც ფროდომ მას და დედას მიჰყიდა ჰობიტონიდან იდუმალ გაუჩინარებამდე). მან დაანგრია ძველი წისქვილი და აგურებისგან ააშენა ახალი შენობა, რომელშიც მოთავსდა უცნაური მექანიზმი, შემდგარი მრავალი ბორბლისგან (კვლავ და კვლავ სარუმანის გავლენის შედეგი). 3018 წლის შემოდგომაზე შაირიდან საჩიბუხე მცენარე კვლავ დიდი რაოდენობით გაედინებოდა და ზამთრისათვის ჰობიტების ოჯახებში იგი პრაქტიკულად აღარ იყო. შაირში ამ პერიოდში გამოჩნდნენ უხეში იერის მქონე ადამიანები, რომლებმაც ხეები მოჩეხეს და საკუთარი სახლები აიშენეს. თავდაპირველად ისინი ამ დაზიანების გამო ჰობიტებს ხარკს უხდიდნენ, მაგრამ მოგვიანებით სულ დაავიწყდათ მოვალეობა და თამამად ართმევდნენ ყველას ყველაფერს. ჰობიტონის მერი უილ უიტფუტი მიემართებოდა ბეგ ენდისაკენ, როდესაც აყვანილი და დამწყვდეული იქნა. 3019 წლის დადგომის შემდეგ ლოთომ ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა. ჰობიტების ზურგებს დააწვა არაერთი ახალი კანონი. ყველა, ვინც მათ უგუვებელყოფდა, საპყრობილეში ამოყოფდა თავს. ჰობიტებისათვის ასე საყვარელი ლუდი და საჩიბუხე მცენარე ამიერიდან მხოლოდ ადამიანებისათვის იყო განკუთვნილი. 3019 წლის 22 სექტემბერს ბეგ ენდში დასახლდა სარუმანი - რომელიც სინამდვილეში ადამიანებს მართავდა. ამიერიდან ყველაფერი ცუდიდან უფრო უარეს მდგომარეობაში გადავიდა. ადამიანებმა უმატეს სახლების, ხეებისა და ფერმების მასიური განადგურება. ლობელია სეკვილ-ბეგინსი დაიჭირეს როდესაც იგი ცდილობდა ბეგ-ენდის დაცვას და ადამიანებს საკუთარ ქოლგას უქნევდა. ფროდო და მისი მეგობრები შაირში ნოემბრისკენ დაბრუნდნენ და 3 ნოემბერს ჰობიტები ადამიანების წინააღმდეგ ააჯანყეს. ახალგაზრდა ბეგინსს სურდა ლოთოს გადარჩენა (ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ იგი სარუმანმა მოატყუა). მაგრამ უკვე გვიანი იყო: ლოთო დაჭრა გრიმა ენაგესლმა, სარუმანის ლაქიამ. სარუმანი თვლიდა, რომ გრიმამ იგი შეჭამა, თუმცა ამის დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს.
  • მეი გემჯი (2976–?): ბებრუხანა გემჯისა და ბელ გუდჩაილდის მეორე ქალიშვილი და მეოთხე შვილი, სემუაიზ გემჯის და.
  • მილო ბეროუზი (დ. 2937): ფროდო ბეგინსის ბიძაშვილი. დაიბადა მესამე ეპოქის 2947 წელს, რუფუს ბეროუზისა და ასფოდელ ბრენდიბაკ ბეროუზის ოჯახში. იქორწინა პეონი ბეგინსთან, ბილბო ბეგინსის დიდი ბიძის, პონტო ბეგინსის შვილთაშვილთან. ჰყავდა ოთხი შვილი: მოსკო, მორო, მირტლი და მინტო. მილო და მისი სამი შვილი ესწრებოდნენ ბილბო ბეგინსის დაბადების დღეს მესამე ეპოქის 3001 წელს. მილო არასოდეს სწერდა ბილბოს წერილებს, ამიტომ ბეგინსმა მას აჩუქა ოქროს კალამი და სამელნე.
  • მირაბელა ტუკი (ბრენდიბაკი) (2860–2960): შაირელი ჰობიტი, გერონტიუს ტუკის ერთ-ერთი შვილი. იგი იყო გორბადოკ ბრენდიბაკის ცოლი. ჰყავდა შვიდი შვილი: რორიმაკი,ამარანთი, სარადასი, დოდინასი, ასფოდელი, დინოდასი, ფურისულა.
  • მუნგო ბეგინსი (2807–2900): ბილბო ბეგინსის პაპა. ბალბო ბეგინსის და ბერილა ბოფინის შვილი. მისი ცოლი იყო ლორა გრაბი. ჰყავდათ ხუთი შვილი - ბანგო (ბილბოს მამა), ბელბა, ლონგო, ლინდა და ბინგო.
  • ნობი: ჰობიტი, რომელიც ცხოვრობდა სერში. იგი მსახურობდა „ყალყზე შემდგარ პონიში“, ქერიმან ქონდართან. მესამე ეპოქის 3019 წლის 29 სექტემბერს, როდესაც შაირელი ჰობიტები ფუნდუკში მოვიდნენ, მერიადოკ ბრენდიბაკი ღამით სადღაც გაქრა. ნობმა იგი გვიმრა ბილის სახლთან დაინახა და აცნობა ჰობიტებს საშიშროების შესახებ. ღამით ფუნდუკს თავს დაესხნენ შავი მხედრები. შემდეგი წლის 28 ოქტომბერს, როდესაც ჰობიტები დაბრუნდნენ სერში, ნობი იქვე მუშაობდა.
  • ოდო ზორბტერფი (2904–3005): ბილბო ბეგინსის ბიძაშვილი. იგი დაიბადა მესამე ეპოქის 2904 წელს. მშობლები - ბოდო ზორბტერფი / ლინდა ბეგინს-ზორბტერფი (ბილბოს დეიდა). მათ ჰყავდათ შვილი ოლო. თავად ოდო გამოირჩეოდა დიდი და ბალნიანი ფეხებით. ოდო ესწრებოდა ბილბოს დაბადების დღეს 3001 წლის 22 სექტემბერს. მას არ მოეწონა, რომ ბილბო არასწორად წარმოთქვამდა მის გვარს, როგორც Proudfoots. სინამდვილეში იგი ჟღერდა Proudfeet (ანუ სიტყვა „ფეხის“ მრავლობითი ფორმა ინგლისურად ჟღერდა ისე, როგორც ეს ინგლისურ ენაშია მიღებული და არა უბრალოდ s-ით გამდიდრებული). მნიშვნელოვანია, რომ მას ორივე ფეხი ამ წვეულებაზე მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი. გარდაიცვალა მესამე ეპოქის 2406 წელს. ოდო (Odo) მომდინარეობს თანამედროვე ჰობიტური ვესტრონიდან. სინამდვილეში სახელი იყო Oda.
  • ოთო სეკვილ-ბეგინსი (Otho Sackville-Baggins) (2910–3012): ბილბო ბეგინსის ბიძაშვილი (ლონგო ბეგინსის შვილი). დაიბადა მესამე ეპოქის 2910 წელს. დედას კამელია სეკვილი ერქვა. ფლობდა მიწას სამხრეთ კუთხეში, სადაც იზრდებოდა საჩიბუხე მცენარე. იქორწინა ლობელია ბრეისგირდლთან. მათ ერთი შვილი, ლოთო ჰყავდათ. ბეგინსებში ოთო ბილბოს შემდგომ მოდიოდა, მათ შორის, ვინც ბეგინსთა გვარის თავი და თავი იქნებოდა. 2941 წელს ბილბო მოულოდნელად გაქრა შაირიდან. იგი ყველამ გარდაცვლილად ჩათვალა. ლობელიამ და ოთომ გადაწყვიტას დაუკითხავად ბეგ ენდში გადასახლება, თუმცა ბილბოს დაბრუნებამ ყველა მეტად გააკვირვა. 2989 წელს ოთოს კიდევ ერთხელ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში - როდესაც ბეგ ენდი ფროდოს დარჩა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ლობელიაც და ოთოც ესწრებოდნენ ბილბოს დაბადების დღეს (კარგი კერძების დაგემოვნების იმედით), საიდანაც ბეგინსი გაუჩინარდა. მეორე დღეს სეკვილ-ბეგინსები ბეგ ენდს ეწვივნენ და ითხოვდნენ ბილბოს ანდერძის ჩვენებას, თუმცა მისი ხილვისას თავად დარწმუნდნენ, რომ იქ არაფერი ეწერა მათთვის ბეგ ენდის გადაცემაზე. ოთო სეკვილ-ბეგინსი გარდაიცვალა 3012 წელს, 102 წლის ასაკში. ექვსი წლის თავზე მისმა მეუღლე ლობელიამ შეიძინა ბეგ ენდი ფროდოსგან. მაგრამ მოგვიანებით ისინი სარუმანმა გამოასახლა და თავად დაიდო ბინა ამ ულამაზეს სოროში. ლობელია დაიჭირეს, ხოლო ლოთო, მისი შვილი, მოკლეს. ლობელია გათავისუფლებული იქნა საპყრობილედან. საბოლოოდ მან ბეგ ენდი ისევ ფროდოს დაუბრუნა.
  • პერეგრინ (პიპინ) ტუკი (დ. 2990): ფროდო ბეგინსის მეგობარი. პალადინ და ეგლანტინ ტუკების შვილი. იხილეთ პერეგრინ ტუკი.
  • როლო ბოფინი (დ. 1260): ოტო ბოფინისა და ლავანდა გრაბის შვილი. მისი ცოლი იყო დრუდა ბეროუზი. ჰყავდა მრავალი შთამომავალი.
  • რუფუს ბეროუზი (დ. დაახ. 2910): იქორწინა ასფოდელ ბრენდიბაკთან. მესამე ეპოქის 2947 წელს დაიბადა მათი შვილი მილო. რუფუსი და მისი ოჯახი ასევე ესწრებოდნენ ბილბოს დაბადების დღეს, მესამე ეპოქის 3001 წელს.
  • ტედ ქვიშენი (Ted Sandyman): მეწისქვილე ჰობიტონში. მესამე ეპოქის 3018 წლის აპრილის ერთ საღამოს იგი სტუმრობდა ფუნდუკ „მწვანე დრაკონს“, სემ გემჯისთან ერთად. სემი საუბრობდა შაირში მიმდინარე უცნაურ ამბებზე და ახსენა, რომ მისმა ბიძაშვილმა ჰელმა ჩრდილოეთით იხილა ხის მსგავსი არსება. ტედი ამ ისტორიებს სერიოზულად არ აღიქვამდა და მათ საბავშვო ზღაპრებს უწოდებდა. არც ის ადარდებდა, რომ ელფები შუახმელეთს ტოვებენ. იგი ასევე არასერიოზულად თვლიდა, რომ სემის ამბების მთავარ წყაროს ბილბო და ფროდო ბეგინსები წარმოადგენდნენ. მას შემდეგ, რაც ფროდომ და სემმა შაირი 3018 წლის სექტემბერში დატოვეს, სენდიმენების ძველი წისქვილი ლოთო სეკვილ-ბეგინსმა შეიძინა და დაანგრია. მან ააგო ახალი, უხეში შენობა, რომელიც მრავალი ბორბლისგან შედგებოდა. შემდეგ, მესამე ეპოქის 3019 წელს, სარუმანი დაეუფლა შაირს და ახალ წისქვილს იყენებდნენ ინდუსტრიული მიზნებისათვის. ტედს ტექნიკური პროგრესი მოსწონდა და ახალ წისქვილზე მუშაობასაც განაგრძობდა. ის ადამიანების ბრძანებებს ასრულებდა და მონაწილეობდა შაირის დიდ დანგრევაში, რაც გამოიხატებოდა მრავალი ხის ამოჩეხვაში. 3019 წლის 3 ნოემბერს წყალპირეთთან მოხდა დიდი შეტაკება. ფროდომ, სემმა, მერიმ და პიპინმა შემოაღწიეს ჰობიტონში და გზად ტედს შეხვდნენ. მას ჩაეცინა იმის გაგონებაზე, თითქოს ჰობიტონს საშინელი ზიანი მიაყენეს. იგი დაემუქრა მათ, რომ ყველაფერს ბელადს უამბობდა. მაგრამ როდესაც მერიმ უთხრა, რომ ადამიანები დამარცხდნენ და მათი ბელადი მალე აღარ იქნებოდა, სენდიმენი შეშინებული ჩანდა. მან განგაში ატეხა, მაგრამ მერიმ კიდევ უფრო ხმაურიანი განგაშით უპასუხა და იხმო მთელი ჰობიტონის მოსახლეობა. ახალი წისქვილი დაანგრიეს. რა ბედი ეწია ტედ სენდიმენს - უცნობია.
  • ფერმერი მეგოტი (ქართულ თარგმანში - მეგუთნი): ჰობიტი, განთქმული თავისი სოკოებით. იხილეთ ფერმერი მეგოტი.
  • ფილიბერტ ბოლჯერი (1342–1443): ადალბერტ ბოლჯერისა და გერდა ბოფინის შვილი. იქორწინა პოპი ჩაბ-ბეგინსთან. ცნობილია, რომ ორივე მიწვეული იყო ბილბოს დაბადების დღეზე, მესამე ეპოქის 3001 წელს.
  • ფრედეგარ (სქელო) ბოლჯერი (დ. 2980): ფროდო ბეგინსის მეგობარი. იხილეთ ფრედეგარ ბოლჯერი.
  • ფროდო ბეგინსი (დ. 2968): ბილბო ბეგინსის დისშვილი, დროგო ბეგინსის და ფურისულა ბრენდიბაკის შვილი. იმოგზაურა მორდორისკენ, სადაც გაანადგურა ძალაუფლების მთავარი ბეჭედი. იხილეთ ფროდო ბეგინსი.
  • ფურისულა ბრენდიბაკი (2920–2980, Primula Brandybuck, ფურისულა ბრენდირემი) — ფროდო ბეგინსის დედა. დაიბადა მესამე ეპოქის 2920 წელს. იყო გორბადოკ ბრენდიბაკის (ბაკლენდის მმართველის) და მირაბელა ტუკ ბრენდიბაკის ყველაზე უმცროსი შვილი. მირაბელა თავად ბელადონა ტუკის, ბილბო ბეგინსის დედის და იყო. ფურისულას ჰყავდა ექვსი და-ძმა: რორიმაკი, ამარანთი, სარადასი, დინოდასი, ასფოდელი და დოდინასი. უფროსი ძმა რორიმაკი შემდგომში იყო მერი ბრენდიბაკის პაპა. დროგო ბეგინსთან ფურისულას ეყოლა ერთი შვილი, ფროდო. ქორწინების შემდეგ დროგო და მისი ოჯახი ბაკლენდს, საიდანაც მისი ცოლის ოჯახი წარმოშობით იყო, ხშირად სტუმრობდნენ. გორბადოკ ბრენდიბაკი (ფურისულა და რორიმაკ ბრენდიბაკების მამა) განთქმული იყო ჩინებული სუფრებით, დროგო კი სუფრის დიდი მოყვარული იყო. 2980 წლის ერთ-ერთ საღამოს დროგო და ფურისულა ბრენდივაინის (ბრენდივინოს) მდინარეს ნავით მიუყვებოდნენ და წყალში დაიხრჩვნენ. ჰობიტებში ამის შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა. ფროდო ბეგინსი დაობლდა, თუმცა მოგვიანებით ბილბომ იგი ბეგ ენდში გადმოისახლა და მოგვიანებით მთელი თავისი ქონებაც დაუტოვა. ფურისულა (primula) ყვავილის ნაირსახეობა.
  • ჰუგო ბრეისგირდლი (დ. 2950): წიგნების მოყვარული ჰობიტი. იყო ბრუნო ბრეისგირდლის, ლობელია სეკვილ-ბეგინსის უფრო ძმის შვილი. ჰყავდა უმცროსი და, ჰილდა ბრეისგირდლ-ბრენდიბაკი. მათი ოჯახი წარმოშობით ჩრდილოეთ კუთხის სოფელ ჰარდბოთლიდან იყო. ჰუგოს ხშირად მიჰქონდა წიგნები და არ აბრუნებდა მათ. 3001 წელს ბილბო ბეგინსმა დატოვა შაირი და ჰუგოს უანდერძა ცარიელი თარო, რათა მას შეენახა მთელი კოლექცია, სადაც ბილბოსგან მითვისებული წიგნებიც ინახებოდა. ბრეისგირდლი თავად ბილბოს დაბადების დღესაც დაესწრო. სიტყვა bracegirdle (მიუხედავად იმისა, რომ რეალურ გვარს წარმოადგენს რეალურ სამყაროშიც), ამ შემთხვევაში უკავშირდება ჰობიტების ხშირ სიმსუქნეს და დაჭიმულ ქამრებს.