მითრილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მითრილი — იშვიათი და ძვირფასი ლითონის ნაირსახეობა ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. თავის მხრივ ის ვერცხლთან ახლოს უფრო არის, მაგრამ მასზე ბევრად მძლავრ, ყველაზე მყარ ლითონს წარმოადგენს.

მითრილი ჭედვადიც იყო, ასე რომ მისგან ბევრი რამის დამზადება შეიძლებოდა. ბილბო ბეგინსს ჰქონდა დაწერილი ლექსი ეარენდილის გემის შესახებ[1], რომელიც მითრილისგან ახლებურად გამოჭედეს ვალარებმა და ცაში გაუშვეს. მას შემდეგ ის დილისა და საღამოს ვარსკვლავის სახით ჩნდებოდა.

როგორც ამბობენ, მითრილი პირველად მოიპოვეს ნუმენორში. მაგრამ მესამე ეპოქისთვის კჰაზად-დუმი რჩებოდა ერთადერთ ადგილად მთელ შუახმელეთში, სადაც მისი მოძიება შესაძლებელი იყო.

მეორე ეპოქის 750 წელს ელფი კელებრიმბორი, ჯუჯების დახმარებით (რომლებიც მორიაში მითრილს მოიპოვებდნენ) იქცა მითრილის დამუშავების ნამდვილ ოსტატად. სწორედ კელებრიმბორმა შექმნა ნენია - ერთ-ერთი სამი ბეჭდიდან, რომელიც შემდგომში გადაეცა ელფებს (1590 წელი, მეორე ეპოქა).

კელებრიმბორმა მითრილიდან აგრეთვე მოიპოვა ერთგვარი ნივთიერება ითილდინი, რომლითაც მოპირკეთებული იყო მორიის დასავლეთი კარიბჭე. მასზე ამოტვიფრული ნაწერების ხილვა მხოლოდ ვარსკვლავების ნათებაში ხდებოდა შესაძლებელი, მაგრამ თავდაპირველად საჭირო იყო ხელის შეხება და ერთგვარი შელოცვის წარმოთქმა. კჰაზად-დუმის ჯუჯები მითრილით გონდორთან ვაჭრობდნენ. მაგალითად, მინას ტირითის მცველთა მუზარადები, მითრილისგან იქნა დამზადებული.

მესამე ეპოქის 1980 წელს მორიაში დიდი ბალროგი დასახლდა. მას შემდეგ ჯუჯების კვალი იქიდან გაქრა. ორკებმა დაიტაცეს მთელი მითრილი, რაც კი მოიძიებოდა მაღაროებში, მაგრამ ეშინოდათ იმ ადგილებისა, სადაც ბალროგი ცხოვრობდა. მითრილი საურონს გადაეცა, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ის იარაღის დასამზადებლად გამოიყენა.

2941 წელს სმაუგის საგანძურიდან ბილბო ბეგინსმა თავისთვის აირჩია მითრილისგან დამზადებული პერანგი. წლების შემდეგ მან იგი ფროდოს გადასცა. მორიაში ფროდოს ესროლეს შუბი, მაგრამ მითრილმა იგი საიმედოდ დაიცვა. როდესაც შუახმელეთის ლაშქრები მიადგნენ მორდორს, საურონის ბაგედ წოდებულმა არსებამ მათ მითრილის პერანგი უჩვენა, ნიშნად იმისა, რომ ფროდო მორდორში იყო გამომწყვდეული.

მაზრაში დაბრუნების შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ იქაურობას უკვე სარუმანი მართავდა, პერანგმა ფროდო გადაარჩინა, როდესაც საზარელმა ჯადოსანმა სცადა მისი სატევარით დაჭრა[2].

ბეჭდის ომის შემდეგ მინას ტირითის ახალი კარიბჭე შეიქმნა მითრილისგან, გიმლისა და მისი ხალხის მიერ. ექთელიონის კოშკზე ფრიალებდა დიდი ალამი, შეკერილი დედოფალ არუენის მიერ და მასზე გამოსახული იყო გონდორის სამეფოს სიმბოლო - ოქროს და მითრილის გვირგვინი. მზის შუქზე ეს ალამი ლამაზად ანათებდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა მითრილი (Mithril) ნიშნავს ნაცრისფერ ნათებას ან ნაცრისფერ სიკაშკაშეს, სინდარულიდან mith (ნაცრისფერი, რუხი). მითრილს ასევე უწოდებდნენ ნამდვილ ვერცხლს, ვერცხლის ლითონს და მორიის ვერცხლს. თუ რას უწოდებდნენ მას ჯუჯები თავიანთ ენაზე, უცნობია. ნივთიერება ითილდინი (Ithildin) ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც ვარსკვლავთმთვარე. სიტყვა ითილდინი სინამდვილეში ნიშნავს მთვარის ვარსკვლავს (ithil - მთვარე, din - ნაწარმოებია სიტყვისგან tin, ანუ ნათება, მცირე ვარსკვლავი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "შეხვედრები", ISBN 0-395-08254-4
  2. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "მაზრის გათავისუფლება", ISBN 0-395-08256-0