შუახმელეთის იარაღების და ჯავშნების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იარაღი და ჯავშანი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ნახსენებია სხვადასხვა ნაწარმოებში, ძირითადად – „ჰობიტში“, „ბეჭდების მბრძანებელში“ და „სილმარილიონში“. ომები და ბრძოლები ტოლკინის ნაშრომებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეგლოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეგლოსი იყო გილ-გალადის შუბი. იგი გამოიყენებოდა ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი ალიანსის პერიოდში და საურონის ჯარებს მისი ეშინოდა. უცნობია, თუ რა ბედი ეწია მას გილ-გალადის დაღუპვის შემდეგ.

Aeglos ნიშნავს ყინულის ლოლუას ან თოვლიან წვეტს. ელემენტი aeg - წვეტი მომდინარეობს ayak-იდან - წვეტიანი. ელემენტი los თოვლს აღნიშნავს. Aeglos-ს აგრეთვე წარმოთქვამდნენ, როგორც Aiglos-ს.

ბელერიანდში არსებობდა ბუჩქები, რომელზეც იზრდებოდა თეთრი ყვავილები. ამ მცენარესაც „აეგლოსი“ ერქვა, რაც ითარგმნებოდა, როგორც თოვლის ეკალი.

ანგლახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგლახელი, იგივე გურთანგი — ხმალი, რომელიც ეკუთვნოდა ბელეგს. როგორც ბელეგის, ასევე ტურინის სიცოცხლე სწორედ ამ ხმლით აღესრულა. იგი იყო შავი ფერის და ჩვეულებრივი რკინის გაჭრაც შეეძლო.

ხმალი შექმნა ეოლმა, ბნელმა ელფმა და სწორედ მისი ფიქრები ტრიალებდა ამ ნაკეთობაში. იგივე მასალისგან ეოლმა გამოჭედა ხმალი ანგუირელი.

ანგლახელი ეოლმა გადასცა მეფე თინგოლს, დორიათში ყოფნისას, სანაცვლოდ კი ნან ელმოთში ცხოვრების უფლება ითხოვა. როდესაც ბელეგი ტურინს ეძებდა, ეს ხმალი თან წაიღო. თუმცა დედოფალმა მელიანმა იგი გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ბელეგი შეუერთდა ტურინს, რომელიც ამონ რუდზე ჯუჯა მიმთან ერთად დასახლდა. პირველი ეპოქის 489 წელს მიმმა გასცა ისინი და ტურინი ორკებმა შეიპყრეს. ბელეგმა მიაგნო მათ კვალს და ტურინი უგონოდ იპოვა. ანგლახელით მან გადაჭრა თოკები. ხმალი შემთხვევით მოხვდა ტურინის ფეხებზე. ტურინს მოეჩვენა, რომ მის წინ მტერი იყო. მან აღმართა ანგლახელი და მოკლა ბელეგი - ეს იყო მორგოთის წყევლის ერთ-ერთი შედეგი.

მას შემდეგ, რაც ბელეგი დასაფლავებული იქნა, გუინდორმა, ნარგოთრონდელმა ელფმა გადასცა ტურინს ხმალი. ნარგოთრონდში, სადაც ტურინი დროებით დასახლდა, ელფებმა ხმალი გადაჭედეს. ტურინმა მას ამჯერად გურთანგი, სიკვდილის რკინა უწოდა. ამ ხმლით იგი ცნობილი გახდა, როგორც მორმეგილი, შავი ხმალი.

499 წელს ტურინმა სასიკვდილოდ დაჭრა დრაკონი გლაურუნგი. მაგრამ როდესაც ამოიღო ხმალი, დრაკონის სისხლი შეესხა ხელზე და დაუწვა იგი. მაშინ უამბო გლაურუნგმა სიმართლე მისი დის, ნიენორის შესახებ. მას ეს დაუდასტურა ბრანდირმა, მაგრამ ტურინი დარწმუნებული იყო, რომ იგი ცრუოდა და ბრანდირი მოკლა. როდესაც მიხვდა, რომ ბრანდირი მართალი იყო, მან თავად მიმართა ხმალს.

სალამი, გურთანგ! მხოლოდ მისი ერთგული და მორჩილი ხარ, ვისაც უპყრიხარ. არავის სისხლი არ გეზიზღება. მაშ, მოუსწრაფე სიცოცხლე ტურინ ტურამბარს! ხომ მოკლავ მასაც?“

ხოლო მახვილიდან ცივი ხმა მოისმა: „ჰე, სიხარულით შევსვამ სისხლს შენსას, რათა დავივიწყო სისხლი ბელეგისა, ჩემი ბატონისა, და სისხლი ბრანდირისა, უსამართლოდ მოკლულისა. შენც სწრაფად მოგკლავ!“

ტურინმა ვადით დაასო გურთანგი მიწაში და თავად ზედ წამოეგო. შავმა ხმალმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე.[1]

გურთანგი კი გადატყდა და მისი ნარჩენები დამარხეს ტურინთან ერთად. მანდოსის მეორე წინასწარმეტყველების მიხედვით („სილმარილიონის“ ადრეული ვერსიები), დაგორ დაგორათის, უკანასკნელი ბრძოლის დროს ტურინი განგმირავს მორგოთს თავისი შავი ხმლით.

„სილმარილიონში“ ნათქვამია, რომ გურთანგი აღმოჩნდა ბელეგის ხელთ მას შემდეგ, რაც მან ტურინი იპოვა მიმის გამოქვაბულში. „ჰურინის შვილებში“ ეს შეცდომა შესწორებულია - ბელეგს ანგლახელი გადაეცა, როდესაც იგი გაემგზავრა დორიათიდან ტურინის საძებნელად.

სახელი Anglachel შეიცავს სინდარულ სიტყვებს ang (რკინა), lach (მოხტუნავე ალი) და el (ვარსკვლავი). სახელს კავშირი აქვს მეტეორიტთან, რომლისგანაც ხმალი დამზადდა. ტურინმა მას უწოდა გურთანგი (Gurthang), რაც ნიშნავდა რკინის სიკვდილს. სიტყვა gurth ნიშნავს სიკვდილს.

ბრეთილის ტყის ხალხი ხმალს უწოდებდა „ბრეთილის შავ ეკალს“.

ანგრისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგრისტი — დანა, რომელიც ტელხარ ნოგროდელმა ელფთა-ბატონ კურუფინისთვის პირველ ეპოქაში დაამზადა. ამბობდნენ, რომ იგი ჭრიდა რკინას ისე, თითქოს უბრალო ხე ყოფილიყო.

ბრეთილში კურუფინი და კელეგორმი დაესხნენ ბერენსა და ლუთიენს. დანა მათ ბერენმა წაართვა. სილმარილების მოსაპოვებლად მოგზაურობისას ბერენმა იგი გამოიყენა მორგოთის გვირგვინიდან სილმარილის ამოსაღებად. თუმცა, დანა გადატყდა მეორე სილმარილის ამოღებისას, ნამსხვრევი კი მორგოთს სახეში მოხვდა. გაქცევისას ბერენმა ანგრისტი მორგოთის სამფლობელოში მიაგდო.

სინდარულად Angrist ნიშნავს რკინის მჭრელს (ang - რკინა, crist - მჭრელი, ხმალი).

„ქუენტა ნოლდორინვაში“, სილმარილიონის მეორე ვერსიაში, ნახსენებია, რომ კურუფინის დანა უსახელო იყო, მას უბრალოდ „მუხანათური ჯუჯების დანას“ უწოდებდნენ. აღნიშნულია, რომ იგი შექმნა ჯუჯამ ბელეგოსტიდან და არა ნოგროდიდან.

ანდურილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. ნარსილი

არანრუთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არანრუთი — დორიათის მეფის, თინგოლის ხმალი. სავარაუდოდ, იგი გამოჭედეს ბელეგოსტელმა ან ნოგროდელმა ჯუჯებმა. თინგოლის დაღუპვის შემდეგ, არანრუთი გადამალული იქნა - პირველი ეპოქის დაახლოებით 506-507 წელს.

თინგოლის შვილთაშვილმა ელუინგმა ხმალი გადასცა თავის ძე ელროსს, რომელიც იქცა ნუმენორის პირველ მეფედ. არანრუთი გადაეცემოდა თაობიდან თაობას. 3319 წელს ნუმენორის განადგურების შემდეგ იგი დაიკარგა. უცნობია, იყო თუ არა ის კუნძულზე ამ მოვლენების დროს ან არ-ფარაზონთან (როდესაც ეს უკანასკნელი უკვდავი მიწებისკენ გაემართა). თუკი ეს უკანასკნელი თეორია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ხმალი დარჩა დავიწყებულთა გამოქვაბულებში, არ-ფარაზონთან ერთად - მორგოთთან უკანასკნელ ბრძოლამდე.

სიტყვა Aranruth ნიშნავს მეფის რისხვას (სინდ.) - aran (მეფე) და rûth (რისხვა).

ბელთრონდინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელთრონდინგიბელეგის კუთვნილი მშვილდი. ეს იყო მასიური მშვილდი, რომელიც ურთხელისგან იყო დამზადებული. მას ბელეგი თან დაატარებდა, როდესაც ტურინთან ერთად ამონ რუდს იცავდა. მოგვიანებით ამ მიწებს ეწოდა „მშვილდისა და მუზარადის მიწა“ (ბელთრონდინგისა და დრაკონიანი მუზარადის მიხედვით).

პირველი ეპოქის 489 წელს ტურინმა ბელეგი შეცდომით მოკლა, როდესაც მტრად ეჩვენა. ბელეგი დასაფლავებული იქნა ტურინისა და გუინდორის მიერ და მშვილდიც მასთან ერთად იქნა დამარხული.

Belthronding შეიცავს სიტყვებს bel (ძლიერი), thrôn (მაგარი) და ding (მშვილდის თოკის ხმა). თავად სიტყვა წარმოშობილია ილკორინიდან - ეს იყო ადრეული ენა, რომელიც ტოლკინმა ბელერიანდის ელფებისთვის შეიმუშავა, თუმცა იგი შეცვალა სინდარულმა.

გლამდრინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლამდრინგი.

გლამდრინგიგანდალფის ხმალი. გამოჭედილი იქნა გონდოლინში, პირველ ეპოქაში. ოდესღაც ეკუთვნოდა ტურგონს, გონდოლინის მეფეს. უცნობია, როგორ გადაურჩა გონდოლინის დანგრევას.

2941 წელს, მესამე ეპოქაში, იგი ნაპოვნი იქნა განდალფის მიერ – ტროლების გამოქვაბულში. მასთან ასევე ნაპოვნი იქნა ორი ხმალი. ერთ-ერთი მათგანი, ორკრისტი, თორინ მუხისფარის გახდა, ხოლო მეორე, ნესტარი - ბილბო ბეგინსის.

გლამდრინგს აღწერენ, როგორც მშვენიერ, ძვირფასი ქვებით მორთული ტარის მქონე იარაღს, რომელიც მოხატული იყო რუნებით. იგი ამოიცნო ელრონდმა, როდესაც ჯუჯები მასთან შუაველში სტუმრობდნენ. ისევე როგორც ნესტარი, გლამდრინგიც ანათებდა ლურჯად, როდესაც ორკები ახლოს იყვნენ.

გლამდრინგით განდალფმა მთებში გაანადგურა დიდი გობლინი. სხვა ორკებმა ამოიცნეს ლეგენდარული ხმალი და უკან დაიხიეს უწოდეს და გაიქცნენ. ხმლით განდალფმა გაჭრა ჯუჯებისა და ბილბოს თოკები. მოგვიანებით, ხუთი ლაშქრის ბრძოლისას, განდალფმა იგი სავარაუდოდ, კვლავ გამოიყენა.

გლამდრინგი განდალფს თან ბეჭდის ომშიც ჰქონდა. მორიაში მან იგი მაზარბულის ოთახში, ორკთა წინააღმდეგ აღმართა, ისევე როგორც კჰაზად-დუმის ხიდზე, ბალროგის წინააღმდეგ. მან თეთრად გაიელვა და ბალროგის ხმალი ნაწილად გააპო. როდესაც განდალფი მორიის სიღრმეში ჩავარდა, იგი ურტყამდა ბალროგს გლამდრინგით მანამ, სანამ არსება არ დაეცა უსასრულო კიბეზე. საბოლოო ბრძოლისას ჯადოსანი ბალროგი დაამარცხა.

როდესაც დაბრუნდა როგორც განდალფ თეთრი, ჯადოსანი გლამდრინგს კვლავ ატარებდა. უცნობია, წაიყოლა მან თუ არა იგი უკვდავ მიწებში.

სახელი გლამდრინგი მომდინარეობს სიტყვისგან Glamhoth, სინდარული ტერმინისგან, რომელიც ნიშნავს ალიაქოთის ურდოს. glam ნიშნავს ხმაურს, ხოლო dring - დარტყმას. ორკები ხმალს უწოდებდნენ მომრეკს, ხოლო საერთო ენაზე მას მტერთა-ურო ერქვა.

გრონდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრონდიმორგოთის იარაღი, ვეებერთელა კვერთხი, ცნობილი როგორც მიწისქვეშა სამყაროს ურო. მორგოთმა იგი აღმართა ფინგოლფინთან, ნოლდორთა უმაღლეს მეფესთან შერკინებისას (უეცარი ცეცხლის ბრძოლის შემდეგ, პირველი ეპოქის 456 წელს)[2].

ფინგოლფინი დასუსტებული იქნა და დაეცა გრონდისგან დაბზარულ მიწაზე. მორგოთმა დააბიჯა მას და მოკლა, მაგრამ ფინგოლფინმა მოასწრო რინგილით, თავისი ხმლით, მტრის ფეხი დაეჭრა და შავმა სისხლმა მიწა მორწყა. თუმცა მორგოთი გადარჩა, იგი დამარცხებული იქნა პირველი ეპოქის ბოლოს. უცნობია, თუ რა ბედი ეწია გრონდს.

სიტყვა grond სინდარულად ნიშნავს კეტს, კომბალს. runda ნიშნავს ხეს.

გონდორის ალყისას, მესამე ეპოქაში გამოიყენებოდა გიგანტური ტარანი, რომელსაც ასევე ერქვა გრონდი - მორგოთის იარაღის პატივსაცემად. ეს იყო საბრძოლო ტარანი, 100 ფუტის სიგრძის. თავი დამზადებული იყო შავი რკინისგან და ატარებდა მგლის ფორმას.

გრონდი ჩამოკიდებული იყო დიდ კონსტრუქციებზე მძლავრი ჯაჭვებით. მას მიათრევდნენ დიდი მხეცები და მთის ტროლები. გრონდი გამოჭედილი იქნა მორდორში და მასში ჩადებული იქნა დამანგრეველი შელოცვები.

3019 წლის 15 მარტს, განთიადამდე, გრონდი გამოტანილი იქნა პელენორის მინდვრებზე, მინას ტირითის დიდ კარიბჭესთან. მის პირველ დარტყმას კარმა გაუძლო. ანგმარის გრძნეული მეფის კივილთან ერთად გრონდით კვლავ დაარტყეს ქალაქს. მესამედ კარიბჭე დაემხო.

გუთვინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუთვინიეომერის ხმალი. გრიმა ენაგესლის ბრძანებით დაპატიმრების შემდეგ, რა გამოვიდა საპყრობილედან, ეომერმა წასვლის წინ სწორედ ეს ხმალი ითხოვა.

ეომერმა და არაგორნმა საკუთარი ხმლები ჰელმის ხრამის ბრძოლისას აღმართეს, ჰორნბურგის კარის დაცვისას.

პელენორის მინდვრებზე ბრძოლისას, როდესაც გამოჩნდნენ უმბარელ მეკობრეთა გემები, ეომერმა კვლავ აღმართა გუთვინი, მაგრამ გულიანად გაიცინა, როდესაც გემზე არაგორნის დროშა იხილა.

Gúthwinë ძველ ინგლისურად ნიშნავს ბრძოლის მეგობარს - guð (ბრძოლა, ომი) და winë (მეგობარი).

ნარსილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარსილი ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“.

ნარსილი უფრო ცნობილია, როგორც არაგორნის ხმალი. იგი გამოჭედეს ელენდილის ხმლის ნარჩენებისგან და ეწოდა ახალი სახელი, ანდურილი.

ნარსილი გამოჭედილი იქნა პირველ ეპოქაში ტელხარის, ნოგროდელ ჯუჯებს შორის ყველაზე საუკეთესო მჭედლის მიერ. მისი ზედაპირი ანათებდა მზისა და მთვარის ნათებით.

არაფერია ცნობილი ხმლის პირველი მფლობელისა თუ ადრეული ისტორიის შესახებ. ნარსილი გადავიდა ელენდილის ხელში, რომელიც გადარჩა ნუმენორის დანგრევის შემდეგ და შუახმელეთში დააარსა გონდორისა და არნორის სამეფოები. ნარსილი მასთან ერთად ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი ალიანსის პერიოდში იყო და საურონის ლაშქარს შიშის ზარს სცემდა.

ამ ომის მიწურულს, მესამე ეპოქის 3341 წელს საურონი გამოვიდა ბარად-დურიდან და ებრძოდა ელენდილსა და გილ-გალადს. ალიანსის ორი მეთაურა დაეცა. ნარსილი გადატყდა ორ ნაწილად და მისი ნათება გაქრა. ელენდილის ძემ ისილდურმა ხმლის ერთი ნაწილით საურონს მოჰკვეთა თითი ძალაუფლების ბეჭდით და საურონის სულმა დატოვა სხეული და მრავალი წლის მანძილზე იმალებოდა.

ნარსილის ნარჩენებს ისილდური ინახავდა. როდესაც ზამბახის ველებზე მას თავს დაესხნენ, ხმლის ნარჩენები გადაეცა აზნაურ ოჰტარს.

შემდეგ ეს ნარჩენები შუაველში გადაეცა ისილდურის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ ძე ვალანდილს. ნახევარ-ელფმა ელრონდმა იწინასწარმეტყველა, რომ ხმალი არ აღდგებოდა მანამ, სანამ არ იპოვიდნენ ძალაუფლების ბეჭედს და არ დაბრუნდებოდა საურონი.

2951 წელს ხმლის ნარჩენები გადაეცა არაგორნს. ელროდნმა უამბო მას წარმომავლობის შესახებ. დუნადანი ამ ნაწილებს სიმბოლურად დაატარებდა მთელ შუახმელეთში. ფროდოსთან შეხვედრისას მან ასევე გამოაჩინა თავისი ვინაობის დამადასტურებელი ეს ნიშანი - ფროდო დარწმუნდა არაგორნის კეთილ ზრახვებში მას შემდეგ, რაც იხილა განდალფის წერილი ხმლის ხსენებით.

ელრონდის საბჭოზე ნარსილი კვლავ გამოჩნდა - მას შემდეგ, რაც ბორომირმა უამბო ყველას თავისი სიზმრის შესახებ, სადაც ნახსენები იყო იმლადრისში დასვენებული ხმალი.

ელფმა მჭედლებმა ნარსილი გადაჭედეს და მასში დაბრუნდა ძველი ნათება. მასზე გამოსახული იყო სხივებიანი მზე და ნამგალა მთვარე შვიდი ვარსკვლავის თანხლებით, აგრეთვე მრავალი რუნი. არაგორნმა ხმალს უწოდა ანდურილი, „დასავლეთის ალი“.

ანდურილი იყო ერთადერთი იარაღი, რომელსაც არაგორნმა თან წაიღო შუაველიდან. გალადრიელმა მას საჩუქრად გადასცა ქარქაში, რომელზეც ძვირფასი ქვებით იყო დაწერილი ხმლის სახელი და წარმომავლობა. იგი აგრეთვე მორთული იყო ვერცხლისა და ოქროს ყვავილებით და ფოთლებით. ქარქაში განსაკუთრებულ თვისებებს ატარებდა და ხმალს საიმედოდ იცავდა ომში დამტვრებისგან ან ჭუჭყისგან.

ანდურილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეომერზე, რომელმაც გამოხატა იმედი, რომ ერთ დღეს არაგორნთან ერთად ხმალს მტრის წინააღმდეგ იშიშვლებდნენ. როდესაც საურონის წინაშე პალანტირში წარდგა, არაგორნმა აღმართა ანდურილი, რამაც ბნელი მბრძანებელი განცვიფრებული დატოვა.

ანდურილი ასევე გამოჩნდა მორანონთან ბრძოლისას, სანამ არ განადგურდა ბეჭედი.

Narsil-ის ელემენტები ნიშნავს ცეცხლს და თეთრ ნათებას. (nar და thil). Anduril, დასავლეთის ალი, მომდინარეობს სიტყვებისგან andúnë (მზის ჩასვლა, დასავლეთი) და ril (სიკაშკაშე).

ხმალს ასევე ერქვა გატეხილი პირი, გატეხილი ხმალი, ელენდილის ხმალი.

ნესტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტარი (ინგლ. Sting) — ბილბო ბეგინსის და შემდგომში ფროდო ბეგინსის კუთვნილი ხმალი. სინამდვილეში, ის შეიძლება ჩაითვალოს დანად, რომელიც ჰობიტის ზომებთან შედარებით ხმლად გამოიყურებოდა.

ბილბომ ეს ხმალი მოძებნა მესამე ეპოქის 2941 წელს, გაქვავებული ტროლების, ტომის, ბერტისა და უილიამის გამოქვაბულში. იქვე იდო კიდევ ორი ხმალი - გლამდრინგი და ორკრისტი. სამივე დამზადებული იქნა შუახმელეთის პირველ ეპოქაში, ელფთა მიერ.

ნესტარს ერთი საინტერესო თვისება ჰქონდა - როდესაც ახლოს ორკები ჩნდებოდნენ, იგი ანათებდა. გოლუმთან შეხვედრისას ბილბომ გაიფიქრა მისი მოკვლა, მაგრამ გადაიფიქრა. ხმალს თავისი სახელი ეწოდა მას შემდეგ, რაც ბილბომ მოკლა გიგანტური ობობა - ერთ-ერთი იმ რამდენიმე ობობიდან, რომლებმაც მისი თანმხლები ჯუჯები შეიპყრეს და ხეზე ჩამოჰკიდეს. ასეთი სახელი იარაღმა შეიძინა თავისი ზედაპირის გამო.

მრავალი წელი ხმალი ბილბოს სახლის კედელზე ეკიდა. ბეგ ენდის დატოვებისას მან იგი შუაველში თან წაიღო, მაგრამ 3018 წლის 25 დეკემბერს გადასცა ფროდოს.

ფროდომ ნესტარი პირველად მორიაში გამოიყენა, შეასო რა იგი გამოქვაბულის ტროლის ფეხში. ემინ მუილზე მას და სემს თავს დაესხა გოლუმი, რომელსაც მხოლოდ ამ იარაღის შეეშინდა.

გიგანტური ობობის, ბაბაჭუის შეშინება ფროდომ მხოლოდ ხმლით და გალადრიელის მიერ მოცემული ეარენდილის ნათების მატარებელი ფიალით შეძლო, თუმცა მოგვიანებით ბაბაჭუამ იგი საკუთარი ნესტარით მოწამლა. მაგრამ სემმა მთელი სიმამაცე გამოაჩინა და ბაბაჭუა ნესტარით რამდენიმეჯერ დაჭრა. ტოლკინის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ფროდომ უკვდავ მიწებში წასვლისას ნესტარი სემს დაუტოვა.

ორკრისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორკრისტითორინ მუხისფარის ხმალი. ნაპოვნი იქნა ტროლების გამოქვაბულში. სახელი სინდარულიდან მომდინარეობდა და ნიშნავდა „გობლინმჩეხს“. „ჰობიტში“ აღნიშნულია, რომ გობლინები მას უწოდებდნენ „კბენიას“.

შავი ისარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ისარი — დრაკონ სმაუგისთვის მშვილდოსან ბარდის მიერ ნასროლი საბედისწერო ისარი. იგი გამოჭედეს მარტოსული მთის ჯუჯებმა. ისარი მემკვიდრეობით გადაეცა ბარდს, ვინაიდან იგი ქალაქ ველის მბრძანებელთა შთამომავალი იყო, გირიონის საგვარეულოდან.

როდესაც მესამე ეპოქის 2941 წელს სმაუგი თავს დაესხა ტბისპირა ქალაქს, ერთადერთი ისარი, რომელიც შემორჩა, ბარდმა მის წინააღმდეგ გამოიყენა. შაშვისგან მან შეიტყო, რომ სმაუგის ჯავშანზე იყო ერთი დაუცველი წერტილი და სწორედ ამ წერტილში გასროლით განგმირა დრაკონი. ისარი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ სმაუგი დაემხო ქალაქზე.

პიტერ ჯექსონის ფილმში „სმაუგის ნაოხარი“ ნაჩვენებია დიდი ზომის რკინის შავი ისარი, რომელსაც დრაკონს ესვრიან.

ჰერუგრიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერუგრიმი — მეფე თეოდენის ხმალი. ეს იყო უძველესი ნაკეთობა, მორთული ოქროთი და მწვანე ქვებით.

მას შემდეგ, რაც თეოდენი მოექცა გრიმა ენაგესლის გავლენის ქვეშ, ჰერუგრიმი გრიმამ საკუთარ სკივრში გადამალა. როდესაც თეოდენი, განდალფის დახმარებით, გონს მოეგო, ჰამამ გრიმას წაართვა სკივრის გასაღები და მეფეს ხმალი მიართვა.

ჰერუგრიმით თეოდენი ჩაება ჰელმის ხრამის ბრძოლაში და აღმართა იგი პელენორის მინდვრებზეც. თეოდენის დასაფლავებისას მერიადოკ ბრენდიბაკი ამ ხმალს მოაბრძანებდა, თუმცა არ არის ნათქვამი, დამარხეს თუ არა იარაღი მეფესთან ერთად.

Herugrim ნიშნავს მრისხანე ხმალს. ძველ ინგლისურად heoru ნიშნავს ხმალს, ხოლო grim - მრისხანეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]