შინაარსზე გადასვლა

ბეატრიჩე დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დ’ესტე, ბეატრიჩე)
ბეატრიჩე დ’ესტე
მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 21 ოქტომბერი, 1494
მმართ. დასასრული: 3 იანვარი, 1497
წინამორბედი: იზაბელა არაგონელი
მემკვიდრე: ანა ბრეტონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივნისი, 1475
დაბ. ადგილი: ფერარა, იტალია
გარდ. თარიღი: 3 იანვარი, 1497, (21 წლის)
გარდ. ადგილი: მილანი, იტალია
მეუღლე: ლუდოვიკო სფორცა
შვილები: მასიმილიანო სფორცა
ფრანჩესკო II სფორცა
დინასტია: დ’ესტეები
მამა: ერკოლე I, ფერარას ჰერცოგი
დედა: ელეონორა ნეაპოლელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბეატრიჩე დ’ესტე (იტალ. Beatrice d'Este; დ. 29 ივნისი, 1475 — გ. 3 იანვარი, 1497) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. ფერარას ჰერცოგ ერკოლე I-ის ასული. ბარისა და მილანის ჰერცოგინია 1494-97 წლებში როგორც ლუდოვიკო სფორცას მეუღლე. რენესანსული იტალიის სილამაზით სახელგანთქმული ქალბატონი. ლეონარდო და ვინჩის მფარველი.

ადრეული ცხოვრება და ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრიჩე დაიბადა 1475 წლის 29 ივნისს ფერარაში. იგი იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე I-ისა და მისი ცოლის, ელეონორა ნეაპოლელის ასული. მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა დაახლოვება დაიწყო მილანის მმართველ სფორცებთან, იგეგმებოდა მისი მილანის კარზე გათხოვება, კიდევ უფრო დასაახლოვებლად. ამის გამო, 1490 წელს იგი დანიშნეს მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცოს ბიძაზე, ამ დროისათვის ბარის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცაზე. თავდაპირველად, ლუდოვიკოზე მისი უფროსი და, იზაბელა დ’ესტე იყო დანიშნული, თუმცა მისი მანტუას მარკიზზე ქორწინების შემდეგ ერკოლემ ბეატრიჩე დანიშნა. ბეატრიჩესა და ლუდოვიკოს ქორწინება 1491 წლის იანვარში შედგა.

ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება, რა დროსაც მათთან ერთად დაქორწინდნენ ლუდოვიკოს ძმისწული, ანა სფორცა და ბეატრიჩეს უფროსი ძმა — ალფონსო. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწილის დეკორაციები თვით ლეონარდო და ვინჩიმ დაამზადა.

მილანის ჰერცოგინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ბეატრიჩე იმ პერიოდის იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო აღიარებული, ლუდოვიკო მაინც ღალატობდა და უკანონო შვილებიც კი ჰყავდა. ბეატრიჩე ასევე მეტად განათლებული იყო, მას ძალიან უყვარდა ხელოვნება, რის გამოც თავის კარზე მფარველობდა უამრავ გამოჩენილ იტალიელ ხელოვანს, როგორებიც არიან ნიკოლო კორეჯო, დონატე ბრამანტე, ლეონარდო და ვინჩი, ბერნარდო კასტილიონე და მრავალი სხვა.

1492 წელს იგი ვენეციას ეწვია, როგორც მილანის სრულუფლებიანი ელჩი. მისმა ქმარმა იგი ვენეციაში იმიტომ გაუშვა, რათა იგი მილანელთა მოკავშირედ ექცია, რაშიც დიდ წარმატებას მიაღწია. სულ მალე, 1494 წელს ლუდოვიკომ ჰერცოგი ჯან გალეაცო მოწამლა და ტახტზე თავად ავიდა, რის შემდეგაც ბეატრიჩე მილანის ჰერცოგინიად გვევლინება. მისი ასეთი უზურპაციული ქმედება უამრავმა მონარქმა დაგმო, რასაც 1495 წელს ფორნოვოს ბრძოლა მოჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ VIII-თან. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ბეატრიჩემ დიდი პოლიტიკური ნიჭი გამოამჭღავნა და ფრანგებთან ვერჩელის მშვიდობა დაამყარა.

მისი ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა დიდხანს არ გაგრძელდა, რადგანაც 1497 წლის 3 იანვარს, 21 წლის ბეატრიჩე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკვდარი ვაჟი გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ლუდოვიკომ კიდევ დიდხანს იცოცხლა, მეორედ აღარ დაქორწინებულა, ამასთან მისი ცოლის პოლიტიკური ალღოს გარეშე, მან ძალიან მალე დაკარგა მილანის ტახტი, რის შემდეგაც ავსტრიაში წავიდა ემიგრაციაში.

  1. მასიმილიანო (დ. 25 იანვარი, 1493 — გ. 4 ივნისი, 1530), მილანის ჰერცოგი, ებრძოდა ჯერ საფრანგეთის მეფე ლუი XII-ს, შემდეგ კი ფრანსუა I-ს. ცდილობდა ცოლად შეერთო ინგლისის პრინცესა მერი ტიუდორი, თუმცა ქორწინება ვერ მოხერხდა, რის გამოც იგი გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;
  2. ფრანჩესკო (დ. 4 თებერვალი, 1495 — 2 ნოემბერი, 1535), მილანის ჰერცოგი და უკანასკნელი სფორცა მილანის ტახტზე, ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან II-ის ასული კრისტინა დანიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. მისი გარდაცვალების შემდეგ მილანი ჰაბსბურგებმა ჩაიგდეს ხელში;
  3. მკვდარშობილი ვაჟი (3 იანვარი, 1497)
  • Shell, Janice; Sironi, Grazioso (1992). "Cecilia Gallerani: Leonardo's Lady with an Ermine". Artibus et Historiae. 13 (25): 47–66 pp.57. doi:10.2307/1483456.
  • Cartwright (1903), pp. 307–308
  • Reimann, Sascha: "Ritratto di dama (Ambrosiana Milan) The Sitter – The Painter – New Evidences", s.l., December 2013; see also Kemp, Martin/Cotte, Pascal, 2010. La Bella Principessa. London: Hodder & Stoughton, p. 63.
  • Konigsburg, E.L. (1975). The Second Mrs. Giaconda. Atheneum Books. pp. 38, 51, 59, passim. ISBN 0-689-30480-3.