ანა სფორცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა სფორცა
Anna Maria Sforza.jpg
დაბ. თარიღი 21 ივლისი, 1476
მილანი, იტალია
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1497, (21 წლის)
ფერარა, იტალია
ეროვნება იტალიელები
წოდება ფერარას, მოდენასა და რეჯოს მემკვიდრე პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ალფონსო I დ’ესტე
მშობლები მამა: გალეაცო მარია სფორცა
დედა: ბონა სავოიელი

ანა სფორცა (იტალ. Anna Sforza; დ. 21 ივლისი, 1476 — გ. 20 ნოემბერი, 1497) — სფორცას დინსატიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცასა და ბონა სავოიელის ასული. ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო I-ის პირველი ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1476 წლის 21 ივლისს. იგი იყო მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცასა და მისი მეორე ცოლის, ბონა სავოიელის ნაბოლარა ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია მილანის ჰერცოგი ფრანჩესკო I და ბიანკა მარია ვისკონტი, ხოლო დედის მხრიდან სავოიის ჰერცოგი ლუდოვიკო სავოიელი და ანა კვიპროსელი ერგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დეიდამისი იყო საფრანგეთის დედოფალი შარლოტა სავოიელი და მაშასადამე, საფრანგეთის მეფე შარლ VIII მისი დეიდაშვილი იყო. მას სამი ღვიძლი და-ძმა ჰყავდა: მილანის ჰერცოგი ჯან გალეაცო, ტორტონას მარკიზი ერმესი და საღვთო რომის იმპერატრიცა ბიანკა მარია სფორცა. ამას გარდა, მისი ნახევარ-და იყო ე.წ. „ფორლელი ვეფხვი“ კატერინა სფორცა. ასევე ჰყავდა მამიდა, იპოლიტა მარია სფორცა, რომელიც ნეაპოლის მეფეს გაჰყვა ცოლად და ერთი ბიძაც, მომავალში მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა, რომელმაც ანას მულზე, ბეატრიჩე დ’ესტეზე იქორწინა.

მისი დაბადებიდან სულ ერთ თვეში, შეთქმულებმა მამამისი მოკლეს, რის გამოც მილანის ჰერცოგი მისი შვიდი წლის ძმა, ჯან გალეაცო გახდა, რომლის ნაცვლადაც ფაქტიურად ლუდოვიკო სფორცა მართავდა. 1477 წელს ანა დანიშნეს ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე I-ის ვაჟ ალფონსოზე. მისი და ალფონსოს ქორწილი 1491 წლის 12 იანვარს შედგა, რა დროსაც ანა თოთხმეტი წლის იყო. საქორწინო ცერემონიალს მოჰყვა დიდი ბანკეტი, ზეიმი და თეატრალური პრეზენტაციები. ამის მიუხედავად, ქორწინება უიღბლო იყო. ქერა და ნაკლებად ქალური ანა, თითქმის ყოველთვის კაცივით იცვამდა და ქმართან სარეცელს არ იყოფდა. იგი ყოველთვის ქალთა კომპანიაში ყოფნას ამჯობინებდა, ღამეებს კი პატარა შავკანიან მონასთან ერთად ატარებდა.

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ, საბოლოოდ ანა დაფეხმძიმდა. 1497 წლის 20 ნოემბერს, ანამ ვაჟი გააჩინა, რომელზე მშობიარობასაც გადაჰყვა 21 წლის ასაკში. ზოგი წყარო მოგვითხრობს, რომ ახალშობილი მონათლეს და მალევე დაიღუპა, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ვაჟს ალესანდრო დაარქვეს და იგი მხოლოდ 1514 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სან ვიტოს მონასტერში. ალფონსომ ვერ შეძლო თავისი ცოლის დაკრძალვაზე დასწრება, რადგანაც ამ დროს იგი სიფილისისგან იტანჯებოდა და სახე იმდენად ჰქონდა დამახინჯებული, რომ გარეთ არ გადიოდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მემკვიდრის გაჩენის მიზნით, 1502 წელს ალფონსო მეორედ დაქორწინდა, მთელს იტალიაში, თავისი სილამაზით სახელგანთქმულ, ორჯერ დაქვრივებულ და შვილებიან ქალზე, ეს იყო რომის პაპ ალექსანდრე VI-ის უკანონო ასული ლუკრეცია ბორჯია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alessandro d'Este in: Genealogy Database by Herbert Stoyan Archived December 18, 2014, at the Wayback Machine [retrieved 17 December 2014].
  • Sarah Bradford, Lucrezia Borgia, Milano, Mondadori, 2005.