ბროკოლი,[1] სატაცურა კომბოსტო[1] (ლათ. Brassica oleracea var. italica) — კომბოსტოს ნაირსახეობა. ზრდიან საკვებად ვარგისი ყვავილის კვირტისა და ღეროს მისაღებად. მისი წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი და მცირე აზია; იტალიის ტერიტორიაზე ძველი რომის დროიდან მოჰყავთ, ინგლისსა და აშშ-ში შეტანილია 1700-იან წლებში. შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს და რიგ მინერალებსა და ვიტამინებს, მ.შ. კალიუმს, ფოლიუმის მჟავას,[2] ვიტამინ A, B1, B2, PP, E, C,[3] და K-ს;[2] საკვებად გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ისე დამუშავებული — აკონსერვებენ, შუშავენ, წვავენ.[4] ნედლი ბროკოლი მუქი მწვანე ფერისაა, აქვს მაგარი ღერო და მჭიდრო კვირტების კონა.[2] ძირითადად კულტივირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ევროპაში, იაპონიაში.[4]
ბროკოლი სწრაფად მზარდი ერთწლოვანი მცენარეა, სიმაღლეში 60–90 სმ-ს აღწევს. სწორადმდგარი და დატოტვილია, აქვს ტყავისებრი ფოთლები, ცენტრალური ღერძისა და ტოტების ბოლოებზე ივითარებს მწვანე ყვავილის კვირტების კონებს. მოსავლის აუღებლობის შემთხვევაში, ეს კვირტები იკეთებენ 4-ფურცლიან ყვითელ ყვავილებს და იძლევიან ჭოტაკებს. იზრდება ზომიერი და გრილი ჰავის პირობებში. მრავლდება თესლით. თესენ უშუალოდ მინდვრებში ან სპეციალურ კვლებში შემდგომი გადარგვისათვის. ბროკოლის თავი (ყვავილედი) 60-დან 150 დღემდე პერიოდში ასრულებს ზრდას, ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშსა და ამინდზე.[2]
ბრკოლის მოყვანისათვის ნიადაგის ტენიანობა 70 % უნდა იყოს, ჰაერისა — 80 %. შედარებით უკეთ უძლებს ყინვასა (-4-დან -7 °С-მდე) და სიცხეს. საუკეთესო ტემპერატურაა 18-დან 22 °С-მდე. სინათლის მოყვარული მცენარეა, რგავენ მზიან ნაკვეთებში. საქართველოს პირობებში ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. გავრცელებული ჰიბრიდებია აგასი, ლორდი, მონტერეი,[3] ლინდა, ტონუსი, ფიესტა და სხვ. (სულ 18). სეზონზე შესაძლებელია 2 და მეტი მოსავლის მიღება.[4] ბროკოლის დაავადებები: კილა, ფომოზი, ფუზარიოზული ჭკნობა, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლები: კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს გაზაფხულის ბუზი, კომბოსტოს ღეროს მალულხორთუმა, კომბოსტოს ბუგრი.[3]