თალგამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თალგამი
Brassica rapa plant.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: კომბოსტოსებრნი
ლათინური სახელი
Brassica rapa

თალგამი (Brassica rapa) — კომბოსტოს გვარის ორწლოვანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახისა. პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ყლორტებს და იძლევა თესლს. ყვავილედი ფარისებრია, ყვითელხორციანი ჯიშების გვირგვინის ფურცლები მოყვითალო-ოქროსფერია, თეთრხორციანისა და მოყვითალო-ლიმონისფერი. ნაყოფი თვითხსნადი გრძელი ჭოტია. თესლი წვრილი და მრგვალია, ფერად ღია ან მუქი. თალგამი ყინვაგამძლეა (უძლებს 4-5°C ყინვას), ტენის მოყვარულია, ამასთან საკმაოდ სიცხეგამძლეცაა. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 12-20°C, სავეგეტაციო პერიოდი მოკლეა — 60-85 დღე. მოჰყავთ ყველანაირ ნიადაგზე. მოსავლიანობა 150-350 ც/ჰა. ძირხვენა შეიცავს 8,5-16,9% მშრალ ნივთიერებას (მათგან ნახევარი შაქრებია). C (22-73 მგ%), B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, მდოგვის ზეთს, რომელიც აძლევს თალგამს სუნსა და გემოს.

თალგამი იჭმება ნედლი, მოხარშული და შემწვარი. არსებობს თალგმი სუფრისა და პირუტყვის საკვები ჯიშები. სუფრის ჯიშებიდან ცნობილია პეტროვსკაია 1, მაისის ყვითელი მწვანეთავიანი 172, მილანის თეთრი წითელთავიანი 283. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში „მესხური“, რომელსაც მოიისფრო ძირხვენა და გემრიელი, ნაზი, წვნიანი რბილობი აქვს. საკვები ჯიშებიდან, რომლებსაც „ტურნეფსს“ ეძახიან, ცნობილია ოსტერზუნდოვსკი და ბორტფელდსკი. საქართველოში ითესება „სკოროსპელი ვიკი“ და მოსკოვური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]