ყვავილოვანი მცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვავილოვანი მცენარეები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ყვავილოვნები
ლათინური სახელი
Magnoliophyta
Anthophyta
Angiospermae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 18061
NCBI 3398

ყვავილოვანი მცენარეები (ლათ. Magnoliophyta) — უმაღლესი მცენარეების განყოფილება. მოიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათ. სახეობას. ყვავილოვნები ერთ-ერთია თესლოვან მცენარეების ორი ჯგუფიდან და მათ ფარულთესლოვნები (ლათ. Angiospermae) ეწოდებათ. ისინი განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე დგანან მცენარეთა სამყაროში, მათ განაყოფიერების სისტემა უფრო დახვეწილი აქვთ, ვიდრე დანარჩენ თესლოვან მცენარეებს — შიშველთესლოვნებს.

ფარულთესლოვნები მრავალგვაროვნობით და რაოდენობრივად მცენარეთა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატებიან. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის (ევკალიპტი) სიმაღლე 100 მ აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ ტყეებიდან ტუნდრამდე, ჭაობებიდანუდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ ბიოსფეროს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის არსებობას.[1]

ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — ალკალოიდების, ეთერზეთების, გლიკოზიდების და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით ფოთლების), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი ყვავილი, რომელიც შიშველთესლოვნების სტრობილებისაგან იმით განსხვავდება, რომ ნაყოფფოთლების ანუ მეგასპოროფილებისს შეზრდით დახურული ღრუ სათავსი — ნასკვია განვითარებული.

ნასკვის კედლებზე ვითარდებიან თესლკვირტები. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — ფარულთესლოვანები. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.[1]

ყვავილოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული საჩანასახე პარკი და ორმაგი განაყოფიერება, რაც გამოიხატება სპერმიების კვერცხუჯრედთან მეორეულ ბირთვთან ერთდროულად შერწყმაში. სამტვრე მილს აკისრია ახალი ფუნქცია — გამანაყოფიერებელი ელემენტების გადატანა თესლკვირტამდე. განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება ტრიპლოიდური ენდოსპერმი, რომლის ჰიბრიდული ბუნება და პლოიდურობა პროგრესული ნიშანია ყვავილოვანი მცენარეებისათვის. ყვავილოვან მცენარეებში მკვეთრადაა გამოსახული მდედრობითი (საჩანასახე პარკის) და მამრობითი გამეტოფიტის (მტვრის მარცვალი გენერაციული და ვეგეტატიური უჯრედებითურთ) რედუქცია, მძლავრადაა განვითარებული სპოროფიტი.[1]

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ღვინიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 635-636, თბ., 1986 წელი.