შინაარსზე გადასვლა

ბოსტნის კომბოსტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსტნის კომბოსტო

თავიანი კომბოსტო
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brassica oleracea L.
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 170110

ბოსტნის კომბოსტო[1] (ლათ. Brassica oleracea) — მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ველური სახით გვხვდება ხმელთაშუაზღვისპირეთში. აქვს შიშველი ვეჟან-მწვანე ფოთლები, ქვედები — ყუნწიანი, ზედები — მჯდომარე. ბოსტნეული, საკვები კულტურაა. ბოსტნის კომბოსტოს ნაირსახეობები (ზოგიერთს მეცნიერები ცალკე სახეობადაც თვლიან), რომლებიც კულტურაში მოჰყავთ, ძირითადად ორწლოვანი მცენარეებია. ცხოვრების პირველ წელს კომბოსტო წარმოქმნის ღეროს, აყალიბებს ვეგეტატიურ ორგანოებს, რომელთა გამოც ისინი მოჰყავთ (თავი, ღერონაყოფი, ფოთლების როზეტი), მეორე წელს კი (იშვიათად პირველივეზე) ყვავის და იძლევა თესლს. მოჰყავთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[2]

ბოსტნის კომბოსტოს კულტივირებული ნაირსახეობები წარმოშობის მიხედვით განეკუთვნებიან ხმელთაშუაზღვიურ-ევროპულ და აღმოსავლეთაზიურ ჯგუფებს. ხმელთაშუა-ევროპულ ჯგუფში შემავალი ნაირსახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია თეთრთავიანი (B. oleracea convar. capitata Alef. var. alba), წითელთავიანი (B. oleracea convar. capitata Alef. var. rubra) [იხ. თავიანი კომბოსტო], სავოიის, ბრიუსელის კომბოსტოები, კოლრაბი, ყვავილოვანი, რომელსაც საშემოდგომო ფორმებიც აქვს. შედარებით იშვიათად მოჰყავთ ბროკოლი, ფოთლოვანი, მ.შ. დეკორატიული, კომბოსტო. აღმოსავლეთაზიური ჯგუფიდან (მათ აკუთვნებენ სხვა სახეობას — B. rapa-ს, თუმცა მათაც „კომბოსტო“ ეწოდება) უმთავრესად კულტივირებულია პეკინური (B. rapa ssp. pekinensis), იშვიათად — ჩინური (B. chiinensis, B. rapa ssp. chiinensis), შეზღუდულად (ძირითადად ჩინეთში და იაპონიაში) — იაპონური (B. rapa subsp. nipposinica). სინათლის მოყვარული და სიცივეგამძლეა: ფოთლოვანი კომბოსტო უძლებს –13°С-მდე დაცემულ ტემპერატურას, თეთრთავიანის გვიანი ჯიშები — –10°С-მდე; ყველაზე მეტად გამძლეებია ბრიუსელის და წითელთავიანი. ყველა სახეობა ცუდად იტანს სიცხეს. მომთხოვნია ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობის მიმართ (განსაკუთრებით თეთრთავიანი, ყვავილოვანი, ფოთლოვანი), ტენის ნაკლებობას ყველაზე მეტად ბრიუსელის კომბოსტოა შეგუებული.[2]

მოჰყავთ მსუბუქი გრანულომეტრიული შემადგენლობის სუსტმჟავე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. კომბოსტო შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს (U, С, K, PP, B ჯგუფის), კაროტინს, მინერალურ მარილებს და სხვ. განასხვავებენ თავიან და ფოთლიან ფორმებს. თავიანებს მიეკუთვნება თეთრ- და წითელთავიანი, სავოიის (არის მცირედ გავრცელებული ფოთლოვანი ფორმებიც) და პეკინური (არის ფოთლოვანი და ნახევრადთავიანი ფორმები). ამ ნაირსახეობების ფოთლები წარმოქმნიან ე.წ. თავს, ამ დროს ღერო იზრდება ნელა, ხოლო მჯდომარე ფოთლები — ინტენსიურად, თავის შიგნით. სხვადასხვა ნაირსახეობას თავისებური ფორმის (მრგვალ-ბრტყელიდან კონუსურამდე), ზომის (0,5-დან 16 კგ-მდე), სიმკვრივის, ფოთლების აგებულებისა და ფერის, შენახვისათვის ვარგისიანობის თავი ახასიათებს. ანალოგიურად ყალიბდება ბრიუსელის კომბოსტოს მცირე ზომის (მ0 გრამამდე), კაკლისოდენა თავაკები: მცენარე აღწევს 40–80 სმ-ს და უფრო მეტს, არ იკეთებს გვერდითა ყლორტებს და თავს, და წარმოქმნის 60 ცალამდე თავაკს ფოთლის უბის კვირტებისაგან.[2]

ყვავილოვანი კომბოსტოს ვეგეტატიური ორგანო ყალიბდება დამოკლებული და გამსხვილებული მრავალრიცხოვანი ყლორტებისაგან. ბროკოლი წარმოქმნის მწვანე, თეთრი, მეწამული, იასამნისფერი და შავი შეფერილობის თავებს, ყლორტების ხორცოვანი წანაზარდებითა და დაუსრულებელი კოკრებით. კომბოსტოს ფოთლოვან ფორმებს მიეკუთვნება, როგორც წესი, ფოთლოვანი, პეკინურის რამდენიმე ჯიში, ჩინური და იაპონური. წარმოქმნიან სწორად მდგომ ან აწეულ როზეტებს, რომლებიც აგებულებითა და ფერით განსხვავდებიან. კოლბარი ივითარებს ღეროს ქვედა ნაწილის თალგამისებურ შესქელებას, ე.წ. ღერონაყოფს, ფერად მწვანეს ან იასამნისფერს; მისგან იზრდება გრძელყუნწიანი ფოთლები. ვეგეტატიური ორგანოს შემოსვლის მიხედვით განასხვავებენ ადრეულ, საშუალო და საგვიანო ჯიშებს. სხვადასხვა ნაირსახეობას განსხვავებული ხანგრძლივობა ახასიათებს: ფოთლოვნებს ძირითადად 40–50 დღე, თავიანებს 85-დან (ადრეული ჯიშები) 180 დღემდე (საგვიანოები), კოლბარის — 60-დან 150 დღემდე.[2]

  1. კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 601.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Мухин В. Д. КАПУСТА // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 45.