სომხეთის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხეთი.
მთა არაგაწი - სომხეთის უმაღლესი წერტილი

სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭალოდა ვულკანური მთები, ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90 % მდებარეობს 1000 მეტრზე მაღლა (საშუალო სიმაღლე — 1830 მ.). უმაღლესი წერტილია მთა არაგაწი (4090 მ).

რელიეფი[რედაქტირება]

სომხეთის ფიზიკური რუკა

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს ყოფენ ოთხ ნაწილად:

  1. ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე — მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
  2. ცენტრალური ვულკანური მხარე — უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაქის, აშოცის, სევანის ქვაბულები)
  3. სამხრეთი მხარე — მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობის ქსოვილს;
  4. შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე — 800—1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 ნაწილი დაბარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.


სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება]

სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი, და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდანი, სვარანაცი, და სხვა). პოლიმეტალებისა, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი) ბეტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდოდარია მინერალური წყლებით.

კლიმატი[რედაქტირება]

სომხეთი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში. ქვეყნის მთიანი რელიეფი განაპირობებს ჰავის ტიპების მრავალფეროვნებას. ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს შავი და კასპიის ზღვების სიახლოვე, აგრეთვე გვალვიანი ირანისა და მცირე აზიის მთიანეთებთან მეზობლობა. მზის რადიაციის ინტენსივობა შუადღისას მაის-ივნისში არაგაწზე 1,16 კვტ/მ²-ს აღწევს. მზის ნათების ხანგრძლივობის მაქსიმუმი (2800 სთ წელიწადში) არარატის ვაკესა და სევანის ტბის აუზშია. ვაკესა და მთისწინეთში ჰავა მშრალი, კონტინენტურია, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24-26°C, მაქსიმალური 42 °C; იანვარში — −5 °C. ნალექები 200—400 მმ წელიწადში. საშუალმთიანეთში ზომიერი ჰავაა, ივლის-აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18 °C, იანვრისა — −2, −8 °C. ნალექები 600—800 მმ წელიწადში. მაღალმთიანეთში ცივი ჰავაა. ზაფხული გრილია ზამთარი ცივი. მეღრისა და ნოემბერიანის რაიონებში მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, ნალექები — 300 მმ წელიწადში.

წყლები[რედაქტირება]

სომხეთის მდინარეები კასპიის ზღვის აუზს განეკუთვნება. უდიდესია სასაზღვრო მდინარე არაქსი. მისი შენაკადებია: ახურიანი, მეწამორი, რაზდანი, არფა, ვოროტანი და სხვა. მტკვრის შენაკადებია: დებედა, აღსტევი, ჰახუმი და სხვა. მდინარეები ჭორომიანია, არასანაოსნო. გამოყენებულია სარწყავად და ჰიდროენერგიის წყაროდ. მდინარე რაზდანზე შექმნილია სევან-რაზდანის, ხოლო მდინარე ვოროტანზე - ვოროტანის ჰესების კასკადი. სომხეთში 100-ზე მეტი მთის ტბაა, უდიდესია სევანი. არარატის, შირაკის, ვოროტანისა და სევანის არტეზიულ აუზში წყლის მნიშვნელოვანი მარაგია. სომხეთში 8000-ზე მეტი წყაროა.

ნიადაგები, ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

უმეტესად გავრცელებულია მთის შავმიწა ნიადაგები. არის უდაბნოს მურა-თიხნარი, მურა-ქვიანი, წაბლა, მთა-მდელოსა და სხვა ნიადაგები. მცენარეულობა გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებითა და ენდემების სიმრავლით. ბარში ჰალოფიტური მცენარეულობაა, მთისწინეთში - ფრიგანოიდული; სტეპში ვაციწვერიანი წივანიანი მცენარეულობაა გავრცელებული. სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები შემოსილია ფოთლოვანი ტყით (აღმოსავლური წიფელი, რცხილა, მუხა), რომელსაც ტერიტორიის 13% უკავია. მთის ზონაში მარცვლოვანი და ალპური მდელოებია.

მთისწინეთში ბინადრობს გარეული ღორი, ლელიანის კატა, ტურა, ქვეწარმავლებიდან - გიურზა, კავკასიური გველგვესლა; მღრღნელების სხვადასხვა სახეობა. სამხრეთი ნაწილის მთებში გვხვდება ნიამორი, მუფლონი; ტყეში - შველი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, ფრინველებიდან გავრცელებულია თოლია, ტოროლა, ოფოფი, კოდალა, კაკაბი, წიწკანა, ვალდშნეპი და სხვა. თევზებიდან სევანის კალმახი (იშხანი), სიგი და სხვა. შექმნილია დილიჯანისა და ხოსროვის ნაკრძალები.