უნგრეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნგრეთის ტოპოგრაფიული რუკა

უნგრეთის რესპუბლიკა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში-შუა დუნაის დაბლობზე. მისი ფართობია 93 030 კმ². 2 258 კმ. საერთო სიგრძით დასავლეთით ესაზღვრება ავსტრიას, ჩრდილოეთით სლოვაკეთს, აღმოსავლეთით უკრაინას, სამხრეთ-აღმოსავლეთით რუმინეთს, სამხრეთით სერბეთს და ხორვატიას, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით სლოვენიას. უნგრეთი თანამედროვე საზღვრებში ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. უნგრეთს ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთის ტერიტორიის აბსოლუტურად უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 200 მეტრზე დაბლა იმყოფება. ქვეყნის უმაღლესი წერტილია მწ. კეკესი 1 014 მ. ზ. დ. აბსოლუტური სიმაღლით მატრას მთებში, ბუდაპეშტის ჩრდილო-დასავლეთით. უმდაბლესი წერტილი კი 77.6 მ.ზ.დ. აბსოლუტური სიმაღლით სამხრეთ უნგრეთში-სერბეთის საზღვარზე მდ. ტისას ხეობაში, ქალაქ სეგედთან მდებარეობს.

ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალატონი

ქვეყნის უმთავრესი მდინარეებია დუნაი (უნგრულად-დუნა) და ტისა. დუნაი ავსტრიიდან და სლოვაკეთიდან გამოივლის, გადაკვეთს დასავლეთ უნგრეთსდა სერბეთ-ხორვატიაში გაედინება. ტისა სათავეს უკრაინაში იღებს, გადაკვეთს აღმოსავლეთ უნგრეთს და სერბეთში გაედინება. როგორც დუნაი 418 კმ-იანი მონაკვეთით, ასევე ტისა 444 კმ-იანი უნგრული მონაკვეთით სანაოსნო მდინარეებია. აღსანიშნავია აგრეთვე მდინარე დრავა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, რომელზეც გადის საზღვარი ხორვატიასთან. სხვა პატარა მდინარეებია რაბა, სამოსი, სიო სლოვაკეთის საზღვართან.

უნგრეთი მდიდარია ტბებით. უნგრეთში მდებარეობს ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი-ცენტრალური ევროპის რივიერად წოდებული, დიდი ტურისტულ-რეკრეციული მნიშვნელობის მქონე ტბა ბალატონი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელს მოკლებული უნგრელები უნგრეთის ზღვასაც უწოდებენ. მისი ფართობია 592 კმ². შედარებით პატარა ტბებია ველენცე (26 კმ²) და ფერტიო (82 კმ² უნგრეთში), რომელსაც უნგრეთი ავსტრიასთან იყოფს, სადაც მას ნოიზიდლერ-ზეე-ს უწოდებენ.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთი სამ დიდ ბუნებრივ რეგიონად იყოფა (რომლებიც თავის მხრივ უფრო პატარა შვიდ რაიონად იყოფიან). ესენია: ნოგი ალფიოლდი (დიდი უნგრეთის ვაკე) რომელიც ქვეყნის ნახევარზე მეტს მოიცავს-უკავია რა თითქმის მთელი აღმოსავლეთ უნგრეთი ჩრდილოეთ რეგიონების გარდა და სამხრეთ უნგრეთი; დუნანტული, იგივე ტრანსდუნაი-რომელიც ქვეყნის დასავლეთს იკავებს და ესზაკი-ქიოზეფეგისეგი, ჩრდილოეთ უნგრეთის მთიანეთი-რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს გასდევს დუნაიდან უკრაინამდე.

უნგრეთი მდიდარია აგრორესურსებით. ქვეყნის ტერიტორიის 70% ვარგისია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.

რელიეფის დაწვრილებითი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორტობაგის ეროვნული პარკი ნოგი ალფიოლდის (დიდი უნგრეთის) ვაკეზე

დუნანტულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კისალ ფიოლდი-მცირე უნგრეთის ვაკე. ეს ტექტონიკური აუზი დაახლ. 8 000 კმ² საერთო ფართობით მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთს, სამხრეთ-დასავლეთ სლოვაკეთს და აღმოსავლეთ ავსტრიას. აქ გაედინება მდინარე რაბა, რომლის ხეობა ცნობილია ნაყოფიერი ნიადაგებით.

დუნანტული, რომელიც მთელ დასავლეთ უნგრეთს მოიცავს (უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში წარმოდგენილ კისალ ფიოლდის გარდა) შედარებით მაღალი რელიეფით გამოირჩევა. სწორედ აქ მდებარეობს ბაალტონის და ფერტიოს ტბები. დუნანტული ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეა კარგად განვითარებული მიწთმოქმედებით, მესაქონლეობით და მევენახეობით. ცნობილია სხვადასხვა საბადოები, მათ შორის ნავთობიც ზალას რეგიონში, ხორვატიის საზღვართან ახლოს.


ნოგი ალფიოლდი უნგრეთის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი მხარეა. აქ ტყეები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქვიშრობები და ჭაობები ერთმანეთს ენაცვლებიან. აქ მდებარეობს პუსტა-უნგრეთის ყველაზე დიდი ცარიელი სივრცე-რომელიც მოკლებულია ანთროპოგენურ ზეგავლენას. აქ მდებარეობს ევრაზიის კონტინეტზე სტეპების გავრცელების უკიდურესი დასავლეთი წერტილი-ჰორტობაგის ეროვნულ პარკში. სწორედ პუსტას რეგიონს უკავშირდება უნგრული ფოლკლორის აბსოლუტური უმეტესობა. პუსტას რეგიონის ასეთი მაქსიმალური ბუნებრივი პირველქმნილობა აიხსნება ისტორიული მიზეზებით. კერძოდ, ისტორიულ პერიოდში მდინარე ტისაზე კაშხლების აგებამდე დაურეგულირებელი ჩამონადენი ხშირ მასიურ წყალდიდობებს იწვევდა-ამდენად აქ ადამიანი დასახლებას ერიდებოდა-რაც დადებითად აისახა ბუნებრივ ეკოსისტემებზე. სწორედ აქ, ჰორტობაგის ეროვნულ პარკში შემორჩენილია უკანასკნელი დასავლეთ ევრაზიული, ევროპული დომბები და ლოსები, რომელთაც საუკუნეების მანძილზე ადამიანისგან საბინადრო გარემოს შევიწროვება არ განუცდიათ. თუმცა დღესდღეობით ჰორტობაგის ეროვნული პარკის გარეთ პუსტას რეგიონი უკვე ინტენსიურ ანთროპოგენურ სტრესს განიცდის.

მატრას ქედი

ავსტრიის საზღვართან გადაჭიმულია მცირე სიმაღლის ბორცვთა სერია-ალპოკალია, სიტყვასიტყვით ალპების მთისწინეთი. უმაღლესი წერტილის, მწ. იროთ-კიოს სიმაღლე 882 მ.ზ.დ. დუნანტულის ბორცვთა სერია, რომელიც ბალატონიდან ბუდაპეშტამდეა გადაჭიმული, სიმაღლით მაქსიმუმ 757 მ.ზ.დ. აღწვეს მწ. პილზე. მეცსეკი-სამხრეთ უნგრეთის პატარა ბორცვნარი, მწ. ზენგოზე მაქსიმალურ სიმაღლეს, 682 მ.ზ.დ. აღწევს.

ესზაკი-ქიოზეფეგისეგი, ჩრდილოეთ უნგრეთის მთიანეთი ბუდაპეშტიდან უკრაინის საზღვრამდე უნგრეთს სლოვაკეთისგან მიჯნავს. მთიანეთი ცნობილია ტყის მდიდარი რესურსებით და რკინის და ნახშირის დიდი საბადოებით-ამდენად კაპიტალიზმის ჩამოყალიბებისას ეს რეგიონი უნგრეთის ეკონომიკის საფუძვლად იქცა. აღსანიშნავია მევენახეობაც-სწორედ აქ წარმოებს მთელ მსოფლიოში ცნობილი უნგრული ღვინის, ტოკაის ჩამოსხმა. მთიანეთის უმაღლესი წერტილია კეკესი, მატრას ქედზე 1 014 მ. ზ.დ აბსოლუტური სიმაღლით, რომელიც ამავდროულად მთელი უნგრეთის უმაღლეს წერტილსაც წარმოადგენს.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთის ჰავა კონტინენტურია, ცივი ზამთრით და თბილიდან ცხელისკენ გარდამავალი ზაფხულით. საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა დაახლ. 10 გრადუსია. ზაფხულში 30, ხოლო ზამთარში -10 გრადუსი. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600 მმ-ია. დასავლეთ უნგრეთი ბევრად უფრო ნალექიანია აღმოსავლეთთან შედარებით, სადაც დამახასიათებელია გვალვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]