მონტენეგროს გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტენეგროს რუკა

მონტენეგრო (მონტენ. Црна Гора, Crna Gora) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. მონტენეგრომ სახელწოდება მიიღო მთა ლოვჩენისგან (1749 მეტრი), რომელიც ქვეყნის ისტორიულ ცენტრში, კოტორის ყურეში მდებარეობს.[1]

საზღვრები და სანაპირო ზოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტორის ყურის და ნავსადგურის ხედი

ქვეყნის სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძე 625 კილომეტრია. მონტენეგრო დასავლეთით ესაზღვრება ხორვატიას (25 კმ), ჩრდილო-დასავლეთით — ბოსნია და ჰერცეგოვინას (225 კმ), ჩრდილო-აღმოსავლეთით — სერბეთს (124 კმ), აღმოსავლეთით — კოსოვოს (79 კმ), სამხრეთ-აღმოსავლეთით — ალბანეთს (172 კმ).[2]

მონტენეგროს სანაპირო ზოლის სიგრძე 293,5 კილომეტრს შეადგენს, ტერიტორიული წყლები — 12 საზღვაო მილი.[2] ქვეყნის ტერიტორიის შემადგენლობაში შედის 14 კუნძული, რომელთა სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე 15,6 კილომეტრია. ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ყურე ბოკა კოტორსკა, რომლის წყლის ზედაპირის ფართობია 87,3 კმ² და ხმელეთის სიღრმეში 29.6 კილომეტრით იჭრება. ბოკა კოტორსკას ყურის სამხრეთით, ბუდვის რაიონში, მდებარეობენ მცირე ზომის ყურეები: ტრაშტე, ჟუკოვაც-ლუკა, ტრსტენო-ლუკა, იაზი-ლუკა და მალა-ლუკა. მთავარი საზღვაო კურორტები ბუდვის რივიერაზე მდებარეობს.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ტერიტორია პირობითად შეიძლება სამ რეგიონად დაიყოს: ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიანეთი, ადრიატიკის ზღვის სანაპორო, ასევე სკადარის ტბის შედარებით ბრტყელი ღრმული და მასში ჩამდინარე მდინარეების ხეობები, სადაც მდებარეობს ქვეყნის ორი დიდი ქალაქი: პოდგორიცა და ნიკშიჩი.

მთა ლოვჩენი

მონტენეგროს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მდებარეობს დინარის ზეგანი, რომლის უმაღლესი წერტილია (მონტენეგროს მხარეს) — მთა ბობოტოვ კუკი (2522 მეტრი) დურმიტორის მასივში. მონტენეგროს უმაღლესი მწვერვალია — ზლა-კოლატა (ზღვის დონიდან 2534 მეტრი) პროკლეტიეს მთებში. ალბანეთთან და კოსოვოსთან საზღვრის გასწვრივ მდებარეობს ჩრდილო-ალბანური ალპები (პროკლეტიე). უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში, ნახევარკუნულის მთებს შორის მონტენეგროს მთები ყინულის ეროზიის დიდი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს მონტენეგროს კარსტული პლატო — ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ რეგიონის კარსტული ნაწილი. პლატოს საშუალო სიმაღლე — ზღვის დონიდან 900 მეტრი, თუმცა ზოგიერთ ადგილზე 1 800 მეტრამდე აღწევს. მაღალმთიანი ზონის უმდაბლესი წერრილია — მდინარე ზეტის ხეობა (450 მეტრი), რომელიც ნიკშიჩის სიახლოვეს, დამრეცი ველის შუაგულში მდებარეობს.

სასარგებლო წიაღისეულო: ბოქსიტები, სპილენძი, ტყვია, მარილი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული სვეტი-ნიკოლა, ბუდვის სიახლოვეს, 2008 წლის დეკემბერი

ჩრდილოეთ მონტენეგროში კლიმატი ზომიერ-კონტინენტურია, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე — ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ზღვისპირა რაიონებში ზაფხული ჩვეულებისამებრ ხანგრძლივი, ცხელი (23-25 °C) და საკმაოდ მშრალია, ზამთარი — მოკლე, მსუბუქი (+3-7 °C) და წვიმიანია. მთიან რაიონებში ზომიერად თბილი ზაფხულია (19-25°C) და შედარებით ცივი ზამთარია (−10 -დან +5°C-მდე), ნალექები ძირითადად თოვლოს სახით მოდის.

რესურსეფი ინტერნეტის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Montenegro — Britannica Online Encyclopedia
  2. 2.0 2.1 Montenegro დაარქივებული 2020-05-05 საიტზე Wayback Machine.  — The World Factbook, CIA