ტრუმენის დოქტრინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარი ტრუმენი

ტრუმენის დოქტრინა - ზოგადი სახელწოდება ცივი ომის დროინდელი სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის ექსპანსიონიზმის შეჩერებას. ეს დოქტრინა საჯაროდ იქნა გაცხადებული პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვაში 1947 წლის 12 მარტს.

1946 წელს ჯორჯ კენანმა დაწერა ე.წ. გრძელი დეპეშა, სადაც ის აცხადებდა, რომ საბჭოთა საფრთხესთან გამკლავება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეკავების გრძელვადიანი სტრატეგიით. ტრუმენი სირთულეებს წააწყდა სსრკ-ს მხრიდან პოტსდამის კონფერენციაზე (სსრკ უარს ამბობდა დათქმულ ვადაში ირანიდან ჯარის გაყვანაზე) და ამან დააჩქარა აშშ-ს სტრატეგიის ტრანსფორმაცია. რამდენიმე დღის შემდეგ შედგა ჩერჩილის სიტყვით გამოსვლა და უკვე ოფიციალურად გაჟღერდა ევროპის რკინის ფარდით გაყოფა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს დიპლომატიურ ზეწოლას სსრკ-ზე და ასევე ეხმარება ირანს, რათა შეამციროს სსრკ-ს გავლენა და აიძულოს ჯარების გაყვანა. თუმცა, მალე იგივე ვითარება შეიქმნება თურქეთსა და საბერძნეთში.

1947 წლის მარტში პრეზიდენტი ტრუმენი წარდგა კონგრესის წინაშე. კენანის გაფრთხილება, რომელიც "გრძელ დეპეშაში" იყო გამოთქმული, საფუძვლად დაუდო შემდგომში საყოველთაოდ ცნობილ ტრუმენის დოქტრინას. "გრძელ დეპეშაზე" დაყრდნობით 1947 წლის ივლისში გამოაქვეყნა სტატია ფსევდონიმით "X". სტატიამ ცხარე დებატები გამოიწვია. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აშშ-ს წამყვანმა ჟურნალისტმა ვოლტერ ლიპმანმა მკაცრად გააკრიტიკა "X" სტატია. პრეზიდენტმა ტრუმენმა, რომელსაც მხარს უჭერდა სენატორი არტურ ვანდერბერგი და კონგრესი, თავისი დოქტრინა საჯაროდ გამოაცხადა 1946 წლის დეკემბერში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ცალდარისის ვაშინგტონში სტუმრობის შემდეგ. საბერძნეთი დამატებთ დახმარებას ითხოვდა. აშშ-ს მთავრობა მზად იყო დახმარებოდა არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ თურქეთსაც. ეს იყო პირველი საპასუხო ქმედება, რომელიც განხორციელდა თურქეთ-საბერძნეთში წამოწყებული კომუნისტური მოძრაობების წინააღმდეგ. თუ აშშ საბერძნეთს დაკარგავდა, თურქეთი გახდებოდა თავდაცვისუუნარო კომუნიზმის წინაღმდეგ, ასევე თუ თურქეთი შეასრულებდა საბჭოთა მოთხოვნებს, საბერძნეთიც დიდი საფრთხის წინაშე დადგებოდა. ეს იყო რეგიონული დომინოს ეფექტი, უფრო სწორედ კი საშიშროება, რომელიც წარმართავდა აშშ-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

დასავლეთის მარცხი საბერძნეთის კომუნისტებისგან დაცვის საკითხში, არამარტო საფრთხეს შეუქმნიდა თურქეთს, არამედ კიდე უფრო გააძლიერებდა საბჭოთა კავშირის შესაძლებლობას ახალი ომის შემთხვევაში და თავისათავად დაასუსტებდა დასავლეთს. ტრუმენის დოქტრინა იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც შეკავების პოლიტიკის კუთხით გადაიდგა, მას მოჰყვა ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ამოქმედება, რისი განხორციელებაც მარშალის გეგმითა და ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის შექმნით გახდა შესაძლებელი. ტრუმენის სიტყვებით, ამერიკის პოლიტიკა მიმართული იყო იმ თავისუფალი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ შეიარაღებულ უმცირესობებს ან მათ მიერ გარედან განხორციელებულ ზეწოლას, რომელიც მათი დამორჩილებისკენ იყო მიმართული. ტრუმენი განმარტავდა, რომ ეს პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ თავისუფალ ხალხებზე, (რაც დღესაც გრძელდება) წარმოადგენდნენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ტრუმენმა 1947 წლის 12 მარტს მიმართა კონგრესს, ამ დროს საბერძნეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა (1946-1949). ტრუმენი აცხადებდა, რომ თუ საბერძნეთი და თურქეთი არ მიიღებდნენ საკმარის დახმარებას, კომუნიზმი გაიმარჯვებდა და ეს მთელს რეგიონზე აისახებოდა.

1950 წელს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა გასაიდუმლოებულ სამოქმედო გეგმას NSC-68, რომელმაც საგარეო პოლიტიკა აქტიური შეკავებისკენ შეცვალა. ეს დოკუმნეტი უფრო მკაცრ ანტიკომუნისტურ რიტორიკას შეიცავდა ამით განსხავდებოდა კენანის შეკავების ცნებიდან, რომელიც "X" სტატიაში იყო გადმოცემული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]