მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

აკრის ალყა
თარიღი 1189 წლის 11 მაისი — 1192 წლის 2 სექტემბერი
მდებარეობა ლევანტი და ანატოლია
შედეგი

იაფის ხელშეკრულება

  • ჯვაროსნების სამხედრო გამარჯვება, სამწლიანი ზავი
  • სტატუს-კვოს შენარჩუნდა ლაშქრობის შეწყვეტის მომენტისათვის, მუსლიმებს დარჩათ იერუსალიმი.
  • ქრისტიანი და მუსლიმი პილგრიმების უსაფრთხოების გარანტი ლევანტში.
ტერიტორიული
ცვლილებები

 

მხარეები
ჯვაროსნები:

ლევანტის ჯვაროსნული სახელმწიფოები:

აღმოსავლელი ქრისტიანი მოკავშირეები:

სუნიტური სახელმწიფოები:

აღმოსავლელი ქრისტიანი მოწინააღმდეგეები:

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა ვიკისაწყობში

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა — წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წლის 2 ოქტომბერს იერუსალიმის დაპყრობა.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალადინი

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.

ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც ევროპაში სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვიპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იღებს აიუბიდების დინასტია.

ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედავად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს, 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბოლდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა რენო დე შატიიონი, კაცი, რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას. შატიიონი ძალიან ხშირად ესხმოდა თავს არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

1185 წელს ბოლდუინი გარდაიცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბოლდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბოლდუინ V-ის დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიღო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა. აქედან იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.

სრულიად დეზორგანიზებული ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, მეფემ ჭიქა გამოართვა და რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმაც წყალი შესვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.

ომის დაწყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ I ლომგული

როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცვალა. მის მაგივრად პაპი გახდა გრიგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვაროსნული ომისაკენ მოუწოდა.

პაპის მოწოდებას პირველი, საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისკენ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით ფეხით გაემართა პალესტინისკენ.

ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა, ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის, რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატებიდან მალევე ლაშქარი ანტიოქიისკენ დაიძრა, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი - ანტიოქიისაკენ დაიძრა.

ამასობაში 1189 წელს სალადინმა გი დე ლუზინიანი გაათავისუფლა. იგი ჯვაროსანთა პორტ ტვიროსს მიადგა, თუმცა იქ არ შეუშვეს. ამის შემდეგ გი აკრისკენ გაემართა და ალყაში მოაქცია ის. სალადინი დასავლეთიდან ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარსაც ელოდა.

ახლო აღმოსავლეთი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დასაწყისში

მართლაც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.

ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.

1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისკენ, სადაც 20 მაისს ჩავიდა კიდეც. რიჩარდის არმადა ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებისკენ გააქანა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს შეხვდა. კომნენოსმა რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა, მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით აკრისკენ გაემართა. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე ჯვაროსანთათვის ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი მოხდა. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად სალადინი მოვიდა და მოალყე ჯვაროსნები ალყაში მოაქცია. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა, რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.

რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.

აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა, ნადავლი ვერ გაიყვეს, რის გამოც მათ შორის შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.

რიჩარდს 3000 მუსლიმი მეომარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავის მხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვე სიკვდილით დასაჯა და იაფასაკენ გაემართა.

სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი იყო. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეეჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცი იყო, სალადინის კი – 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, სხვებს მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი თავის სიძესა და სალადინის ძმას, ალ-ადილს შეხვდა.

ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ, რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო არ ჩქარობდა. მან კონრადს სთხოვა დახმარება, თუმცა უარი მიიღო. კონრადი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ კურთხევას ვერ მოესწრო. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიროსის ქუჩებში მოკლეს. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ალყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა შესაძლებლობა აეღო ქალაქი, მაგრამ მერე ქალაქით დაცვას ვეღარ შესძლებდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.

ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო კიდეც. 31 ივლისს რიჩარდმა იაფა გაათავისუფლა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მან ეს 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა რიჩარდსა და სალადინს შორის 1192 წლის 5 აგვისტოს გაიმართა. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.

2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისკენ.

იერუსალიმის სამეფოს მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში, 1193 წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reston, James Jr.: Warriors of God: Richard the Lionheart and Saladin in the Third Crusade. Anchor, 2001.
  • Runciman, Steven: Historia de las cruzadas. Tomo 3. Madrid, Alianza Editorial, 1973. ISBN 84-206-2061-0.
  • Williams, Paul L.: The Complete Idiot's Guide to the Crusades. Editorial Alpha, 2002.
ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.