იქს-ადამიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იქს-ადამიანები (მრავალმნიშვნელოვანი).
შემზარავი იქს-ადამიანები #505.
მარჯვნიდან მარცხნივ: დაზლერი (ზემოთ), ნაითქროლერი (ქვემოთ), ემა ფროსთი, ციკლოპი, პიქსი (ზემოთ), ვულვერინი (ქვემოთ) და კოლოსუსი.
ტერი დოდსონის ნამუშევარი.

იქს-ადამიანები (ინგლ. X-Men) — სუპერგმირთა გუნდი მარველის კომიქსების სამყაროში. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მხატვარი ჯეკ კირბის მიერ. პირველად გამოჩნდნენ კომიქსში The X-Men #1 (1963 წლის სექტემბერი). მზარდი ანტი-მუტანტური ტალღის დროს, პროფესორმა იქსევიერმა შექმნა თავშესაფარი ვესტჩესტერის ოლქში, რათა იქ გაეწვრთნა ახალგაზრდა მუტანტები თავიანთი ძალების კაცობრიობის სასიკეთოდ გამოყენებაში, და რათა დაემტკიცებინა, რომ მუტანტებს შეუძლიათ გახდნენ გმირები. იქსევიერმა ერთად შეკრიბა ციკლოპი, ყინულის კაცი, ანგელოზი, მხეცი, ჯინ გრეი და უწოდა მათ ”იქს-ადამიანები”, რამეთუ ისინი ფლობდნენ განსაკუთრებულ ძალებს ე.წ. ”იქს-გენის” წყალობით, რაც ნორმალურ ადამიანებს არ გააჩნიათ და რაც მუტანტებს თავიანთ შესაძლებლობებს აძლევს. გუნდის სახელწოდებაში ”იქსი” ("X") მიანიშნებს ”ექს-ტრა” ძალებზე, რასაც ნორმალური ადამიანები არ ფლობენ. როგორც განმარტებულია, მუტაციები რადიოაქტიული გამოსხივების ზემოქმედების შედეგი უნდა იყოს, აღინიშნა ისიც, რომ 5 თავდაპირველი ”იქს-ადამიანის”, აგრეთვე პროფესორი იქსევიერის მშობლები ატომური იარაღების შექმნაზე მუშაობდნენ შეერთებული შტატებისათვის.

ადრეულმა ნომრებმა გუნდის უმთავრესი მტერი, მაგნეტო, გააცნეს მკითხველს, მუტანტთა საძმოსთან ერთად, რომლებიც კომიქსის ისტორიაში ათწლეულების მანძილზე ებრძოდნენ იქს-ადამიანებს. იქს-ადამიანების კომიქსები შეეწყო სხვა მედიასაც ანიმაციური სატელევიზიო სერიების, ვიდეო თამაშებისა და ფილმის წარმატებული სერიების ჩათვლით.

გამოცემის ისტორია[რედაქტირება]

გუნდის სახელწოდება კავშირშია ”იქს-გენთან”, ესაა უცნობი გენი, რომელიც მუტანტთა ევოლუციის გამომწვევია. შემქმნელმა სტენ ლიმ გამოიგონა სერიათა სახელი მას შემდგომ, რაც მარველის გამომცემელმა, მარტინ გუდმანმა დაიწუნა თავდაპირველი სახელწოდება ”მხიარული მუტანტები”, აღნიშნა რა, რომ მკითხველს არ შეეძლო ცოდნოდა ”მუტანტის” მნიშვნელობა. მარველის სამყაროში კი მიჩნეულია, რომ გუნდს სახელი თავად პროფესორმა ქსავიერმა უბოძა.

1960-იანი წლები[რედაქტირება]

იქს-ადამიანები #1. 1963 წლის სექტემბერი. მწერალი - სტენ ლი, მხატვარი - ჯეკ კირბი.

იქს-ადამიანების ადრეული გამოცემებიდან მკითხველმა გაიცნო გუნდის მთავარი მტერი - მაგნეტო და მისი მუტანტთა საძმო, რომელიც აერთიანებდა მასტერმაინდს, ქვიქსილვერს, ალისფერ ჯადოქარსა და გომბეშოს. კომიქსში კეთილი ბოროტს ებრძვის, ამასთან ერთად ბოროტება ადამიანის სახითაა (მაგნეტო) წარმოჩენილი, რომელიც თავის დროზე ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა, თუმცა ვერსად გაექცა ”ნორმალური” ადამიანებისადმი უსაზღვრო სიძულვილს. მისი უმთავრესი მიმდევრები, ქვიქსილვერი და ალისფერი ჯადოქარი, ბოშები არიან. მოგვიანებით კომიქსის წიგნი მოიცავდა სიუჟეტებსა და თემებს ცრუ შეხედულებებისა და რასიზმის შესახებაც კი.

აღნიშნულ წლებში იქსევიერის გუნდს ერთადერთი ახალი წევრი - მიმიკა შეემატა, რომელმაც მალევე მიატოვა იქს-ადამიანები, რადგან დროებით დაკარგა ძალები.

1969 წელს, მწერალმა როი ტომასმა და ილუსტრატორმა ნილ ადამსმა გადაახალისეს კომიქსის წიგნი და მთავარი როლები მისცეს მკითხველისათვის ორ ახლადგაცნობილ პერსონაჟს, ჰავოკსა (რომელიც არნოლდ დრეიკის, დონ ჰეკისა და ნილ ადამსის მიერაა შექმნილი) და ლორნა დეინს, იგივე პოლარისს (შექმნილია არნოლდ დრეიკისა და ჯიმ სტერანკოს მიერ). იქს-ადამიანების ეს ადრეული გამოცემები, კომერციული თვალსაზრისით, ჩავარდა და მარველმა 66-ე ნომრით დაასრულა ახალ ისტორიებზე მუშაობა, თუმცაღა მოგვიანებით (1970-75 წწ.) მთელი რიგი ძველი კომიქსებისა ხელახლა დაიბეჭდა, როგორც გამოცემები #67-93.

1970-იანი წლები[რედაქტირება]

1975 წელს, გიგანტური ზომის იქს-ადამიანების (Giant-Size X-Men #1) პირველ ნომერში მწერალმა ლენ უინმა და მხატვარმა დეივ კოკრუმმა მკითხველთა საზოგადოებას ახალი გუნდი წარუდგინეს, რომელიც 94-ე ნომრიდან მოყოლებული [შემზარავი] იქს-ადამიანების ახალ გამოცემებში მონაწილეობდა. ახალი გუნდი მეტად განსხვავდებოდა პირველყოფილისგან. იგი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მისი თითოეული წევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო განსხვავებული კულტურული და ფილოსოფიური მრწამსით. ამასთან ერთად ისინი ასაკითაც აღემატებოდნენ გუნდის 5 თავდაპირველ თინეიჯერ წევრს, თანაც შესანიშნავად იყენებდენ თავიანთ ძალებს, ზოგიერთი მათგანი ბრძოლაშიც დახელოვნებული იყო. იქს-ადამიანების სრულიად ახალი და განსხვავებული გუნდი, ციკლოპის მეთაურობით, აერთიანებდა შემდეგ მუტანტებს: კოლოსი (საბჭოთა კავშირიდან), ნაითქროლერი (დას. გერმანიიდან), შტორმი (კენიიდან), სანდერბერდი (აპაჩი ინდიელი), აგრეთვე ბანში (ირლანდიიდან), სანფაირი (იაპონია) და სამურავი (კანადიდან), რომელიც საბოლოო ჯამში ყველაზე პოპულარული იქს-ადამიანი ხდება. განახლებული ჯინ გრეი უერთდება გუნდს, როგორც ცნობილი ფენიქსი. ამასთან ერთად ანგელოზი, მხეცი, ჰავოკი და პოლარისი მნიშვნელოვნად ფიგურირებდნენ კომიქსში.

განახლებული სერიების ილუსტრატორი დეივ კოკრუმია, მოგვიანებით ჯონ ბირნი, მწერალი კი კრის კლერმონი, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივი დროით შეინარჩუნა ეს თანამდებობა. სერიები, კლერმონის ავტორობით, კრიტიკოსების შეფასებისა და კომერციული თვასაზრისით, წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში გამოიცა "Proteus Saga" (”პროტეუსის საგა”), "Dark Phoenix Saga" (”შავი ფენიქსის საგა”), 1980-იანი წლების დასაწყისში კი "Days of Future Past" (”მომავალი წარსულის დღეები”), აგრეთვე X-Men: God Loves, Man Kills (იქს-ადამიანები: ღმერთს უყვარს, კაცი კლავს), რაც 2003 წლის ფილმის ”იქს-ადამიანები 2” შთამაგონებელი გახდა. მკითხველმა ამ პერიოდშივე გაიცნო ახალი პერსონაჟები: ამანდა სეფტონი, კიტი პრაიდი, ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი, მრავალრიცხოვანი კაცი, მისტიკა და მოირა მაკტაგერტი, რომელიც მუირის კუნძულზე გენეტიკურ კვლევა-ძიებას აწარმოებდა.

1980-იანი წლები[რედაქტირება]

1980-იან წლებში, შემზარავი იქს-ადამიანების მზარდი პოპულარობის გამო მარველმა დაიწყო განსხვავებული, დამოუკიდებელი სერიების, ე.წ. ”იქს-წიგნების” გამოცემა. მათგან აღსანიშნავია ალფა ფლაითი, ექსკალიბური, ახალი მუტანტები, იქს-ფაქტორი და სამურავის სოლო სერიები. ამასთან ერთად, შეიქმნა ახალი სიუჟეტები, სხვადასხვა ”იქს-წიგნების” პერსონაჟების მონაწილეობით. მათგან აღსანიშნავია: მუტანტთა ამოხოცვა (Mutant Massacre), მუტანტთა დაცემა (Fall of the Mutants) და ინფერნო (იგივე ჯოჯოხეთი. ინგლ. Inferno).

იქს-ადამიანების ნამატიდან აღსანიშნავია დაზლერი, ფორჟი, ლონგშოთი, პსილოკი, როუგი და რეიჩელ სამერსი. ამავე პერიოდში პროფესორი იქსევიერი მიემგზავრება გარე კოსმოსში ლილანდრასთან, შიარის იმპერატრიცასთან შესახვედრად, მაგნეტო უერთდება რა იქს-ადამიანებს, იკავებს იქსევიერის ადგილს და ახალი მუტანტების ლიდერი ხდება. ამ პერიოდშივე გაიცნო მკითხველმა იდუმალებით აღსავსე მედლინ პრიორი - ჯინ გრეის კლონი და უძლეველი აპოკალიფსი, აგრეთვე მისტერ სინისტერი და ხმალკბილა.

1990-იანი წლები[რედაქტირება]

იქს-ადამიანების რიგით მეორე სერიების პრემიერა (პირველი - შემზარავი იქს-ადამიანებია, რომელსაც 1981 წლამდე უბრალოდ ”იქს-ადამიანები” ერქვა) 1991 წლის ოქტომბერში შედგა. 1991-2001 წლამდე კომიქსის ამ წიგნის სახელწოდებაც ”იქს-ადამიანები” (ნაწ. 2) იყო. პროფესორი იქსევიერი და თავდაპირველი წევრები უბრუნდებიან გუნდს, რომელიც ორ შემტევ ძალადა იყოფა: ციკლოპის ”ლურჯი გუნდი” და შტორმის ”ოქროს გუნდი”.

პირველი გამოცემები კრის კლერმონის მიერაა დაწერილი, ილუსტრატორი და სიუჟეტის თანაავტორი კი მხატვარი ჯიმ ლია. ამ წიგნის მიახლოებით 8 მილიონი კოპიო გაიყიდა, რაც სადღეისოდაც რეკორდული რაოდენობაა. შედეგად იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კომიქსის წიგნი გახდა. ამ პერიოდშივე გამოიცა კიდევ ერთი ახალი იქს-წიგნი, სახელად იქს-ძალა, რომელიც აერთიანებდა ახალი მუტანტების უკვე ზრდასრულ წევრებს, კაბელის მეთაურობით. მალევე, შიდა შეუთანხმებლობებმა იქს-წიგნების შემქმნელ გუნდებს შორის განხეთქილება წარმოშვა. იქს-ადამიანების რედაქტორს - ბობ ჰარასს, ჯიმ ლისთან და მხატვარ უილიამ პორტაციოსთან ერთად, კომიქსის წიგნების სიუჟეტებთან დაკავშირებით დავა მოუვიდა კლერმონთან. შედეგად კრის კლერმონმა მიატოვა თანამდებობა, რაც 16 წლის მანძილზე ეკავა. ბევრი ფანი კლერმონის მოღვაწეობის დროს სერიათა კლასიკურ პერიოდად ასახელებს. კლერმონს ჯონ ბირნი ჩაენაცვლა, მას კი ფაბიან ნიციეზა და სკოტ ლობდელი. მალე ლიმ, რამდენიმე ცნობილ მხატვართან ერთად, მიატოვა მარველი და ”იმიჯ კომიქსებში” (Image Comics) გადაინაცვლა, მიზეზად ხელფასის სიმწირე დასახელდა. ილუსტრატორი ჯიმ ლის იქს-ადამიანები 90-იანი წლების მანძილზე აღარ შეცვლილა. მის მიერ შექმნილი დიზაინები გამოყენებულია იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებში, სათამაშოების ხაზსა და კაპკომის (Capcom) რამდენიმე ვიდეო თამაშში.

1990-იანი წლების ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: X-Tinction Agenda (1990), მუირის კუნძულის საგა (Muir Island Saga) (1991), X-Cutioner's Song (ჯალათის სიმღერა) (1992), საბედისწერო მიზიდულობები (Fatal Attractions) (1993), ფალანქსის ხელშეკრულება (Phalanx Covenant) (1994), ლეგიონის ძიება/აპოკალიფსის ეპოქა (Legion Quest/Age of Apocalypse) (1995), ონსლათი (1996) და ოპერაცია: არავითარი შემწყნარებლობა (Operation: Zero Tolerance) (1997). იქს-ადამიანებს შეემატნენ ცნობილი პერსონაჟები: კაბელი, ბიშოფი, ჯუბილი და გამბიტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იქს-ადამიანი ხდება და ფანთა რიცხოვნობით მეტოქეობას თავად სამურავს უწევს. მოგვიანებით გუნდს შეემატნენ ახალი წევრები, რომლებიც მალევე წავიდნენ: ჯოსეფი, მაგოტი, მაროუ, სესილია რეიესი და ახალი სანდერბერდი. იქსევიერის ახალი მუტანტები გაიზარდნენ და იქს-ძალად გარდაიქმნენ, რაც შეეხებათ თინეიჯერ მუტანტებს, შეიქმნა ახალი გუნდი, სახელად იქს-თაობა. ახალი მუტანტებისგან განსხვავებით, მათი აღმზრდელები ჯუბილი და ყოფილი სუპერბოროტმოქმედი - ემა ფროსთი არიან. 1998 წელს დასრულდა ექსკალიბური და იქს-ფაქტორი, ამ უკანასკნელს ჩაენაცვლა მუტანტი იქსი (Mutant X), ჰავოკის მონაწილეობით. მარველმა დაიწყო სოლო სერიების გამოცემა, მათ შორისაა: დედპული, კაბელი, ბიშოფი, სამურავი, ადამიანი იქსი და გამბიტი, თუმცაღა უმეტესობამ ათწლეულიც კი ვერ გაძლო.

2000-იანი წლები[რედაქტირება]

Astonishing X-Men- Second Stage.jpg

2000-იანი წლების დასაწყისში, კლერმონი ცოტა ხნით ბრუნდება იქს-ადამიანების ორი უმთავრესი კომიქსის წიგნის (შემზარავი იქს-ადამიანები და იქს-ადამიანები) მწერლის თანამდებობაზე. მას შემდგომ, რაც მას გრანტ მორისონი ჩაენაცვლება, იგი ახალ სერიებზე იწყებს მუშაობას, სახელად ”იქს-ტრიმი იქს-ადამიანები” (X-Treme X-Men).

მალე, კომიქსის სახელწოდება (”იქს-ადამიანები”) იცვლება ”ახალი იქს-ადამიანებით”, მწერალი - გრანტ მორისონია. ამ პერიოდს მორისონის ერასაც უწოდებენ, მის მიერ განხორციელებული რადიკალური ცვლილებების გამო. მისი პირველი ნამუშევარია ”გ, როგორც გადაშენება” (E is for Extinction). სიუჟეტი ძლიერ დრამატულია, სუპერბოროტმოქმედი კასანდრა ნოვა ანადგურებს რა გენოშას, კლავს 16 მილიონ მუტანტს. მორისონმა მკითხველს ახალი პერსონაჟი, ქსორნი გააცნო. ამავე პერიოდში იქს-ადამიანების ფერადი კოსტიუმები, რაც გუნდს უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ემოსა, ტყავის შავმა უნიფორმებმა ჩაანაცვლეს. ამასთან ერთად, მარველმა ახალი სერიების გამოცემა დაიწყო, სახელად ”უკანასკნელი იქს-ადამიანები” (Ultimate X-Men), პარალელურად გამოდიოდა ”შემზარავი იქს-ადამიანებიც”, ჩაკ ოსტენის ავტორობით.

იქს-ადამიანების ნამატიდან აღსანიშნავია: ჩამბერი, ემა ფროსთი, ჰუსკი, ნორსსთარი, არმორი, პიქსი და ვარპასი. გუნდს დროებით უერთდებიან ყოფილი ბოროტმოქმედებიც: ჯაგერნაუტი, ლედი მასტერმაინდი, მისტიკა და ხმალკბილა. 2001-2007 წწ. გამოდიოდა ”განდევნილთა” (Exiles) სერიები, 2008 წლის იანვრიდან კი ”ახალი განდევნილები”, კრის კლერმონის ავტორობით. კაბელისა და დედპულის წიგნები გაერთიანდა ერთ წიგნში, სახელად ”კაბელი და დედპული” (Cable & Deadpool). ამასთან ერთად, გამოიცა ”გამაუგნებელი იქს-ადამიანების” (Astonishing X-Men) ახალი სერიები, ჯოს უიდონის ავტორობით, აგრეთვე ახალი იქს-წიგნი, სახელად ახალი იქს-ადამიანები: იქს აკადემია (New X-Men: Academy X), რაც მკითხველს ახალგაზრდა მუტანტების ინსტიტუტში ცხოვრებაზე მოუთხრობდა.

ამ პერიოდში აღდგა კოლოსი და პსილოკი, ჯინ გრეი კი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით დროებით დაბრუნდა გრაფიკულ ნოველაში, სახელად ”X-Men: Phoenix – Endsong” (იქს-ადამიანები: ფენიქსის დასასრული). ემა ფროსთი, ჩაენაცვლება რა ჯინ გრეის, ინსტიტუტის ახალი ხელმძღვანელი ხდება. მას შემდგომ, რაც მუტანტთა უმრავლესობა ძალას კარგავს, ინსტიტუტი, რომელიც ადრე ფართო-მასშტაბიან სკოლას წარმოადგენდა, ახლა თავშესაფარია იმ მუტანტთათვის, რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი ძალები.

2007 წ. შეიქმნა ახალი სიუჟეტი, სახელად მესიის კომპლექსი (X-Men: Messiah Complex). იქს-ძალა და კაბელი ებრძვიან სტრაიფს და მესია ბავშვის გადარჩენას ცდილობენ. 2008 წლიდან ”იქს-ადამიანების” (რომელსაც 2001 წ. „ახალი იქს-ადამიანები“ ეწოდა) სახელი კვლავ იცვლება, როგორც ”იქს-ადამიანები: მემკვიდრეობა” (X-Men: Legacy). 2009 წლის მაისიდან გამოდის ”მესიის ომი” (Messiah War). იგი მეორე ნაწილია იმ ტრილოგიისა, რომელიც ”მესიის კომპლექსით” დაიწყო.

ათწლეულის აღსანიშნავი ნამუშევრებია: Revolution (რევოლუცია) (2000), Eve of Destruction (განადგურების წინადღე), E Is for Extinction (გ, როგორც გადაშენება) (2001), Planet X (პლანეტა იქსი), Here Comes Tomorrow (იწყება ხვალინდელი დღე), Gifted (დაჯილდოებულნი) (2004), X-Men: Phoenix - Endsong (იქს-ადამიანები: ფენიქსის დასასრული), House of M (ემის სახლი), Decimation (ამოწყვეტა) (2005), Deadly Genesis (სასიკვდილო გენეზისი) (2005–2006), Endangered Species (საფრთხეში მყოფი სახეობები) (2007), Messiah Complex (მესიის კომპლექსი) (2007–2008), Divided We Stand (ვიბრძვით ცალ-ცალკე) (2008), Manifest Destiny (ცხადი ბედისწერა) (2008–2009), X-Infernus (იქს-ინფერნუს), Messiah War (მესიის ომი), Utopia (უტოპია), Nation X (იქს ხალხი) და Necrosha (ნეკროშა) (2009).

იქს-ადამიანების მსოფლიო[რედაქტირება]

იქს-ადამიანები, მარველის კომიქსების სხვა პერსონაჟებთან ერთად, მარველის სამყაროში არსებობენ, ამიტომაც მკითხველის გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს მათი ხშირი შეხვედრები სხვა სერიების პერსონაჟებთან. გუნდის ბაზა იქსევიერის ინსტიტუტი, ანუ ე.წ. იქს-სახლია, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობს. 2000-იან წლებამდე, გარე მსოფლიოსთვის იგი ჩვეულებრივ უმაღლეს სასწავლებლად ფუნქციონირებდა, ხოლო მას შემდგომ, რაც იქსევიერის მუტანტობა საქვეყნოდ ცნობილი გახდა, მან მუტანტთა სკოლა-ინტერნატის ტიტული შეიძინა. იქს-ადამიანები ზე-ტექნოლოგიებით სარგებლობენ: მაგალითად, სერებრო ზრდის რა პროფესორი იქსევიერის შესაძლებლობებს, მას მუტანტთა მოძიებაში ეხმარება, გუნდი სავარჯიშოდ სპეციალურ ოთახს იყენებს, რაც წარმოქმნის რეალისტურ ჰოლოგრაფიულ სიმულაციებს, გადასაადგილებლად კი რეაქტიულ საჰაერო ხომალდს, ე.წ. ბრექბერდს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]