დიდი ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიამდინარე დიდი ლიახვის ხეობაში მდებარე ტოპონიმების, ჰიდრონიმებისა და ოიკონიმების ერთობლიობა.

დიდი ლიახვის აუზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ლიახვის აუზი 1500 კმ²-მდე ტერიტორიას მოიცავს. იგი სათავეს იღებს დვალეთის, მთიულეთისა და გუდისის ქედებს შორის, ყელის ვულკანურ მთიანეთში, მდინარეების: ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 2338 მ.[1] და ჩრდილო-დასავლეთით მუგუთამდე მოედინება. ხარულისა და ერმანის ქედების შესაყართან, სოფელ ზღუბირთან ლიახვს მარცხნიდან ერთვის: ერმანისწყალი, შედარებით სამხრეთით — გუდისისწყალი, ხოლო მარჯვნიდან — ჯომაღისწყალი. გუფთას ზემოთ, დიდი ლიახვის შუა წელზე, მისი მარჯვენა შენაკადია მდინარე ფაწა, ხოლო სვერთან, დასავლეთიდან ერთვის მდინარე ითრაფულა. ამის შემდეგ დიდი ლიახვი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ უხვევს. ძევერასთან, სოფელ შერთულში უერთდება პატარა ლიახვი, ხოლო გორში — მდინარე მეჯუდა, რის შემდეგ ლიახვი მარცხენა შენაკადის სახით მტკვარში ჩაედინება. მდინარის საერთო სიგრძე 115 კილომეტრს აღწევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ლიახვის ხეობას ვახუშტი ბატონიშვილი ამგვარად აღწერს:

ვიკიციტატა
„კეხვის აღმოსავლეთიდამ ლიახვს ერთვის ხევი სვერისა და ქემერტს შუა ჩამო­ვარდების ჩრდილოდამ, გამოსდის ამასა და გერს შორის მთას ...კუალად სუერიდამ წარივლის მთა ტყიანი ჩრდილოთ და სადაცა მოდრკების ლიახჳ, მოდრკების მთა ესეცა, და წარივლის აღმოსავლეთით და მიადგების გერის მთას. სვერს ხიდს ზეით ჩამოვარდება ითრაფულა დასავლეთიდამ და მიერთვის ლიახვს. ამას ზეით გუფთას, მოერთვის ლიახვს მდინარე ფაწა, გამოსდის ერწოსა და ამას შუათს მთას მიდის აღმოსავლეთათ და ამ ხევს მოერთვის სხვა ხევი სამხრეთიდამ, გამოსდის მასვე მთას, მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევის შესართავს შორის ზეით ერთვის ფაწას პატარა-ჯავის ხევი, გამოდის დუალთ-გორასა ამას ზეით ერთვის ფაშას სოხოს-ხევი. სოხოს-ხევს ზეით ფაწასვე მოერთვის ქეშელთის-ხევი და სდიან ეს ხევნი დუალთ-გორასა.[2]

მოსახლეობის კვალი დიდი ლიახვის ხეობაში უძველესი პერიოდიდან ჩანს. ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი — ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება და შიდა ქართლში ფართოდაა წარმოდგენილი, დიდი ლიახვის ხეობასაც მოიცავს, რა­ც დასტურდება: ცხინვალის ნაცარგორის, ზღუდრისგვერდის, ძაღინას, ნულის, გუფთას გათხრების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალით.[3]

არქეოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია სოფ. აჩაბეთში აღმოჩენილი აშელის ზედა პალეოლითური ხანის პერიოდის ძეგ­ლები, ასევე თამარაშენთან, კუსირეთსა და კვერნეთთან არქეოლოგიური დაზვერვის შედეგად 1952 წელს მიკვლეული ანდეზიტის ანატკეცები, რომლებსაც არქეოლოგები ქვედა პალეოლითის პერიოდს მიაკუთვნებენ. ნეოლითური პერიოდის იარაღები აღმოჩენილია სოფელ რუსთავში, ხოლო ენეოლითის პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მრგვალი კერის ნა­წილები და სხვა მასალა მიკვლეულია ფრისის ხევის მარჯვენა ნაპირზე.[4]

შუა ბრინჯაოს პერიოდის თრიალეთური კულტურის ძეგლებიდან შიდა ქართლის მთიან ზოლში აღსანიშნავია: ნულის, მუგუთის, ავნევის, ფრინევის, წუნარის ყორღანები, სადაც გამოვლენილია მრავალფეროვანი კერამიკა, იარაღი და სხვა ნივთიერი მასალა.[5] გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლებიდან ყურადღებას იქცევს ქვასათლიას სამაროვანი, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუა­ლური სამარხები. აქ მიცვალებულები დაკრძალულნი არიან მოკუნტულ მდგო­მარეობაში, მარჯვენა გვერდზე. მიცვალებულთა ასეთი სახით დაკრძალვა გავრცელებულია საქართველოს სამარხეულ ძეგლებზე და თითქმის უცვლელად გვხვდება უძველესი დროიდან IV საუკუნემდე.[6] ქვასათლიას სამარხში აღმოჩენილ კერამიკას, საბრძოლი იარაღს და სამკაულებს მრავალი ანალოგი მოეპოვება ბეშთაშენის, სამთავროს, ფლავისმანის, ყორნისის და სხვა ლოკაციების არქეოლოგიურ მასალებში.[7] დიდი ლიახვის ხეობაში გამოვლენილი გვიანანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების (I-VIII სს.) მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული სტრიფტაზის[8] სამაროვანში, სადაც, 80-ზე მეტი შესწავლილი სამარხიდან, აბსოლუტური უმრავლესობა, ადგილობრივ, წმინდა იბერიულ „სოფლის კულტურაზე“ მიგვითითებს.[9]

ისტორიული გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ქართლსა და მის მთიან ზოლში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის მსგავსება ადასტურებს, რომ ისტორიული პროცესი მთელ მის ტერიტორიაზე ერთნაირად ვითარდებოდა და აღნიშნულ არეალში მცხო­ვრებ მოსახლეობას საერთო გენეზისი აქვს. რაც შეეხება დიდი ლიახვის ხეობაში გავრცელებულ ონომასტიკურ ერთეულებს (ჰიდრონიმები, ტოპონიმები, ოიკონიმები), მათი სიძველე და ქართული წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. შედარებით მთიან ზოლში არსებული ოსური ოიკონიმების ძირიც ქართული წარმოშობისაა და მათ გვიან, ოსების ჩამოსახლების შემდგომ განიცადეს ცვლილება.[10]

ხეობის მთავარ ჰიდრონიმს, ლიახვს წერილობით წყაროებში ჯერ კიდევ ლეონტი მროველი იხსენიებს „ლიახუი“-ს ფორმით.[11] ვახუშტი ბატონიშვილი მდინარის დასახელებისას „ლიახჳ“ ფორმას იყენებს.[12] მკვლევარი ვ. აბრამიშვილი ლიახვს ორი კომპოზიტის ნაერთად მიიჩნევს: „ლამი/ლიას“ (საფლობის) და იხუვლა)[13] - ხმაურის მნიშვნელობით და ამის დასტურად ქართული საისტორიო წყაროებიდან არაერთი მაგალითი მოჰყავს.[14] ზ. ჭუმბურიძე მხარს უჭერს მდინარის სახელის სვანურ წარმომავლობას: ლი-ლეხუ და ლი-ლხვეს (სვანურად თოვლის დნობა, ლხობა),[15] ნ. ოთინაშვილი თვლის, რომ ლიახვი ლიასა და ხევის ნაერთია.[16] ერთ-ერთი უძველესი ქართული ტოპონიმია ასევე „ცხინვალი“, რომელსაც, დროთა განმავლობაში შემდეგი სახეცვლილებები განუცდია: „ქრცხინვალი/ კრცხილვანი/ ქრცხინუალი/ კრცხინვალი/ ცხინ­ვალი“ და ამ ადგილას რცხილის ტყეების არსებობით უნდა აიხსნას.[17] ქალაქის დამაარსებლად პლატონ იოსელიანი III საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფეს ასფაგურს მიიჩნევს.[18] თამარ მეფის (1184-1210 წწ.) მოღვაწეობას უკავშირდება, ცხინვალთან ახლოს, კიდევ ერთი ქალაქის, თამარაშენის დაარსება. ძველი ქართული ტოპონიმია დიდი ლიახვის ხეობაში არსებული „თირი“. სულხან-საბას მიხედვით, თირი „ლბილი და ადვილად საჭრელი კლდეა.“[19] საბაწმინდის წარმოშობას ს. მაკალათია წმინდა საბა კაპადოკიელს (+ 532 წ.) უკავშირებს.[20]

ჯ. გვასალია დიდი ლიახვის ხეობაში არაერთ ტოპონიმს მეგ­რულ-სვანურ ახსნას უძებნის.[21] მაგ., დიდი ლიახვის ხეობაში ცნობილი სოფელია ქურთა, ხოლო მისი შესატყვისი ჭანურში და მეგრულში — კურთა. თირი მეგრულად თოვლს ნიშნავს და სხვ.[22]

კურორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული სამაჩაბლო მდიდარია სამკურნალო ადგილებითაც. ვახუშტი ბატონიშვილი განსაკუთრებით აღნიშნავს ხვწის პირისპირ, ლიახვის გაღმა არსებულ ე. წ. „კარკალის სასუნებელს“, რომელსაც

ვიკიციტატა
„უდის სუნი ფრიად ძნელი, არამედ ჰკურნავს ქარსა, სევდასა და ინთილას სუნებითა.[23]

დიდი ლიახვის ხეობაში სამკურნალო წყლებით ცნობილი იყო ჯავა, ბაგიათა და სხვ.[24]

ვახუშტი ბატონიშვილი ხაზს უსვამს დიდი ლიახვის სასარგებლო თვისებებს:

ვიკიციტატა
„აქ მაღრან-დვალეთს გამოსდის დიდი ლიახვი თრუსოსა და ზახის კავკასსა, და დის სამხრეთს-დასავლეთს შუა ...არს მთანი შემკობილნი ყვავილითა და ბალახითა. ...ამ მთის ადგილებსა შინა დიან წყარონი ფრიად ანკარანი, მომლაშონი, არამედ საჭმლის მომდნობნი და მომნელებენი, და სმენ მუნებურნი, უწოდებენ ვეძას, პირუტყვთ შემრგო, გამასუქებელი.[25]

გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ლიახვის ხეობაში გადიოდა არაერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხესთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირება. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით:

ვიკიციტატა
„კვალად ამ ზარმაგის ქედის სათავიდამ გარდავალს ზეკარზე გზა ქართლისა დიდი ლიახვზე.[26]

აღნიშნული გზის შესახებ გ. თოგოშვილი წერს:

ვიკიციტატა
„ჩრდილოეთიდან სამხრეთით იგი გადიოდა მდინარე არდონის ხეობაზე და ამ ხეობის სათავეში ნარა მამისონის აუზის ჩრდილო საზღვარზე სოფ. ქვემო ზრამაგთან ორად იყოფოდა. გზის ერთი შტო მამისონდონის (ანუ ჟღელეს) ხეობით მამისონის, ანუ ჭანჭახის უღელტეხილს გადაკვეთს და რაჭაში მდინარე რიონის სათავეში ეშვება. აქედან იგი ქუთაისს და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებს უკავშირდება. გზის მეორე განშტოება იმავე ქვემო ზრამაგადან ნარდონისა და ზაკიდონის ხეობით, სამხრეთით ეშვება, გადადის როკის უღელტეხილზე და მდ. დიდი ლიახვის ხეობით ქართლის ბარის რაიონებს უკავშირდება.[27][28]

ამ ადგილს დიდ მნიშვნელობას სძენდა ე. წ. „აჩაბეთის გზაც.“[29] ამ გზით შესაძლებელი იყო დვალეთთან და ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირება. ტერიტორიული სიახლოვიდან გამომდინარე, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ცხინვალიდან როკამდე იმერკავკასიასთან დამაკავშირებელი ახალი გზა გაიყვანა.[30][31] XIX საუკუნის დასაწყისში აქ რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით, საფოსტო გზითაც სარგებლობდნენ. აღნიშნული გზა სოფელ ქურთაზე გადიოდა. 1804 წლის 14 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც რუსმა მოხელემ ვოლკონსკიმ მთავარმართებელ პავლე ციციანოვს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ დიდი ლიახვის ხეობაში, უკვე გახსნილი იყო გზა, რომლითაც ფოსტა სარგებლოდა. პავლე ციციანოვის წერილობითი განკარგულების შესაბამისად, ქსნის ერისთავებს და მაჩაბლებს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გზით სარგებლობის შე­სახებ გარკვეული ინსტრუქცია მიეცათ. ქურთის საფოსტო გზას გამცილებ­ლები უნდა მომსახურებოდნენ. უსაფრთხოების მიზნით მთიან ნაწილში მცხოვრები ოსებისაგან უნდა აეყვანათ მძევლები, რათა ოსებს მგზავრებზე თავდასხმა არ მოეწყოთ.

აქედან რამდენიმე გზა გადადიოდა რაჭაში. ჯ. გვასალიას განმარტებით, ეს გზები იყო:

  1. ცხინვალი — კეხვი — ფაწა — მდ. ქეშელთა — ლეთისი — ზეკარი — ჯეჯორის ხეობა — ონი;
  2. ცხინვალი — კეხვი — ფაწა — ჯავისთავი — ზამთარეთი — არაშენდა — ჩასავალი — ჯეჯორის ნაპირი — ონი;
  3. ცხინვალი — ფაწა — ერწო — ჯეჯორის ნაპირი — ონი.

დიდი ლიახვის ხეობიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალი გზის მარშრუტი, ს. მაკალათიას განმარტებით, ასე იყო წარმოდგენილი:

ვიკიციტატა
„გორი-ცხინ­ვალიდან — კეხვზე, შემდეგ წონა-ჩიხათიდან — საჩხერეში, ონში და სხვ.[32]

დასავლეთ საქართველოში გადასასვლელი გზით ისარგებლა XVIII საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ნამყოფმა გერმანელმა მოგზაურმა იოჰან გიულდენშტედტმა. მოგზაური დიდი ლიახვის ხეობიდან თანმხლებ რაზმთან ერთად ფაწის ხეობაში გადავიდა. გზად მიმავალი ფაწის მარცხენა ნაპირზე ის იხსენიებს სოფლებს: გვერწერს, კოლალტოს. კოლალტოსთან მოგზაური ხიდზე გადასულა და გაუვლია სოფელი ტამუტა, შემდეგ წახო, რომელიც ფაწის დასავლეთ მხარეზე მდებარეობდა. აქ უნახავს ციხე, რომელსაც თავადი მაჩაბელი საზაფხულო სადგომად იყენებდა. წახოდან იგი ჩავიდა მდინარე ყვირილას სათავეში არსებულ სოფელ წონაში.[33] გზა, რომლითაც ცხინვალიდან რაჭაში გადასასვლელად ისარგებლა გიულდენშტედტმა, იმ დროისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. გიულდენშტედტი აღნიშნულ გზას ეხება მოკლე მიმოხილვაში, რომელიც მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დაწერა. ის აღნიშნავს, რომ 1768 წელს ლეიტანტი ფაბულოვი (გიულდენშტედტის ტექსტის მთარგმნელი და გამომცემელი გ. გელაშვილი მას აიგივებს ხვაბულოვთან, იგივე ქობულაშვილთან) დიდი ლიახვის ხეობაში, ცხინვალამდე არდონის ხეობიდან ნარის გავლით გადმოსულა, აქედან კი ჯაუკომის (ჯავის) გავლით რაჭაში წასულა სოლომონ I-თან შესახვედრად.[34] ეს გზა უფრო მოგვიანებითაც გამოიყენებოდა. სწორედ ამ გზით ისარგებლა სოლომონ II-მ, როდესაც იგი იმერეთიდან პატარა ლიახვის ხეობაში, კერძოდ, სოფ. ვანათში გადმოვიდა და მთავარმართებელ ტორმასოვს შეხვდა.[35]

პატარა ლიახვის ხეობიდან დიდი ლიახვის ხეობის გავლით იმერეთში გადასასვლელ გზას იხსენიებს იულონ ერეკლეს ძის მწიგნობარი იოანე ქართველიშვილი. მისი ცნობით, იულონ ბატონიშვილი ამ გზით გაიხიზნა იმერეთში, როდესაც მის წინააღმდეგ დავით გიორგის ძე ბატონიშვილი პატარა ლიახვის ხეობაში აპირებდა შეჭრას. გიულდენშტედტი დიდი ლიახვის ხეობაში სხვა გზებსაც ასახელებს. მათ შორის, სტეფანწმინდასთან დამაკავშირებელ გზას:

ვიკიციტატა
„სტეფანწმინდიდან მიდის ჩვეულებრივი გზა ქუთაისში, ლარგვისის მონასტერზე გავლით (ქსანზე). დაახლოებით – 93 ვერსი. ქრცხინვალამდე დიდ ლიახვზე – 50 ვერსი.“

[36] ამ გზით უსარგებლია XIX საუკუნის 80-იან წლებში გაზ. „დროების“ კორესპონდენტს გიორგი ლიახველს (ჩოჩიშვილს). სტეფანწმინდიდან იგი პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ვანათში ჩავიდა.[37] სტეფანწმინდიდან გზა პატარა ლიახვის ხეობას უკავშირდებოდა, აქედან კი შესაძლებელი იყო, როგორც ქსნის, ისე დიდი ლიახვის ხეობებში გადასვლა. როგორც გიულდენშტედტი მიუთითებს, დიდი ლიახვის ხეობას გზა აკავშირებდა არაგვის ხეობასთანაც. ამ გზას ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი მძარცველი ლეკებიც იყენებდნენ:

ვიკიციტატა
„ილტოზის ახლოს ქსანსა და ნარეკვავს შორის, მიდის ჩვეულებრივი გზა ლეკებისა, რითაც ისინი არაგვიდან, მჭადისჯვარზე გავლით, მიდიან მთით ლამისყანამდე და ქრცხინვალამდე.[38]

სამაჩაბლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ლიახვის ხეობაში XV საუკუნის I ნახევარში მაჩაბელთა საფეოდალო ჩამოყალიბდა. მაჩაბლების გავლენა ვრცელდებოდა დვალეთსა და ჟღელეს ხეობაშიც. „სამაჩაბლოს“ აღმოსავლეთიდან ქსნის საერისთავოს მამულები ესაზღვრებოდა. სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ფავლენიშვილების, ამილახვრებისა და ხერხეულიძეების სათავადოები ემეზობლებოდა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთის საზღვარი კი მდინარე თერგსა და კავკასიონის მთავარ ქედს გასდევდა. ზემოთ ნახსენები რუკის მიხედვით, მაჩაბლების მამულებს ჩრდილოეთიდან თერგის ოლქი და ვლადიკავკაზის მაზრა ესაზღვრებოდა.[39] ჩრდილოეთ კავკასიაში მაჩაბლები ფლობდნენ უძველესი დროიდან საქართველოს განუყოფელ ნაწილს — დვალეთს, სადაც მოგვიანებით ოსები დასახლდნენ. დვალებს ეკავათ დაახლოებით 500 კმ² ტერიტორია თერგის მარცხენა ნაპირიდან — არდონის სათავემდე, ნარ-მამისონის ქვაბულსა და ექვს (ზახის, ნარის, ზრამაგის, ზროგოს, ჟღელეს და კასრის) ხეობაში. დვალეთი ნიქოზელი ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა. დვალეთში გავრცელებული ტოპონიმების, ანთროპონიმების, ეთნონიმების უმეტესობას სწორედ ქართული წარმომავლობა აქვთ.[40]

1843 წელს რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით ოსეთის ოკრუგი შეიქმნა, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისის გუბერნიაში შევიდა. თუმცა, ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ე. წ. „ნარის უბანი“, რომელიც 1859 წელს თერგის ოლქს გადაეცა და ამის გამო მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ისტორიულად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს ხელოვნურად ჩამოაცილეს და ოსეთს (სინამდვილეში — რუსეთს) მიუერთეს.[41]

დიდი ლიახვის ხეობაში არსებობს უძველესი ქართული ტოპონიმები, ჰიდრონიმები და ოიკონიმები, რომელთა ოსურ ონომასტიკურ ერთეულებად გადაკეთება ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის დროიდან დაიწყო. მაგ. ბაგინი ბაგიათად გადაიქცა, ბჟისხევი — სბაიდონად და სხვ.[42] 1804 და 1818 წლების აღწერებში მოხსენიებულ ქართულ სოფელ ტყისუბანს ბოლშევიკი რევოლუციონერის ზნაურ აიდაროვის უკვდავსაყოფად ზნაურ-ყაუ დაარქვეს. ქართული ტოპონიმების ოსურად ტრანსფორმირების პროცესი განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 2015 წლის ოფიციალურ აღწერაში ქემერტი უკვე ჩემერტად იხსენიება, არცევი — არცეუდ, გოიაანთკარი გოათა გახდა, რუსთავი - რუსთაუ. აღწერაში საერთოდ აღარ არის დაფიქსირებული ისეთი ძირძველი ქართული სოფლები, როგორებიცაა თამარაშენი, კეხვი, ძარწემი და სხვ.[43]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 213.
  2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 371-372
  3. აფხაზავა ნ., კულტურულ-ეთნიკური პროცესები შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უძველესი დროიდან გვიან შუა საუკუნეებამდე (არქეოლოგიური მასალების მიხედვით), „ოსთა საკითხი“, აკაკი ბაქრაძისა და ომარ ჩუბინიძის რედ. გორი-თბილისი 1996, გვ. 47
  4. ცოტნიაშვილი მ., ცხინვალის ისტორია (ცხინვალი ფეოდალიზმის ხანაში), თბ., 1986, გვ. 7-8.
  5. ჯაფარიძე ო., შიდა ქართლის ჩრდილო ზოლი ბრინჯაოს ხანაში, „ძეგლის მეგობარი“, № 14, თბ., 1968, გვ. 3-8
  6. გოცაძე კ., დაკრძალვის წესი გვიანანტიკურსა და ადრეშუასაუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1990, გვ. 41-44
  7. აფხაზავა ნ., კულტურულ-ეთნიკური პროცესები შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბ., 1995, გვ. 54-55
  8. სტრიფტაზი მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში, ჯავიდან ჩრდილოეთით, 4 კილომეტრის დაშორებით.
  9. აფხაზავა ნ., კულტურულ-ეთნიკური პროცესები შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბ., 1995, გვ. 77
  10. ხარაძე კ., შიდა ქართლში ტოპონიმთა გაყალბების წინააღმდეგ, კრებული „ოსთა საკითხი“, თბ., 1995, გვ. 165
  11. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით, ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 164
  12. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 362-363
  13. სულხან-საბას განმარტებით, ლია საფლობი ტალახია, ხოლო ლამი შავი ლიაა. სულხან საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფიული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, ტ. I, თბ., 1991, გვ. 414, 405
  14. აბრამიშვილი ვ., მდინარე ლიახვის სახელწოდების განმარტებისათვის, ჟურნ. „მნათობი“, # 1, 1971, გვ. 155-156
  15. ჭუმბურიძე ზ., რა გქვია შენ? თბ., 1971, გვ. 177
  16. ოთინაშვილი ნ., ცხინვალის რეგიონის გეოგრაფიული სახელები, თბ., 2016, გვ. 144
  17. ცოტნიაშვილი მ., ცხინვალის ისტორია, თბ., 1986, გვ. 31-33. ოსურ და რუსულ ინტერნეტსივრცეში ტოპონიმი „ცხინვალი“ ახსნილია, როგორც ალანური „სინხ/სიხ“ - დასახლება და „უალ“ - ზედა, კომპოზიტების ნაერთი. ცხინვალში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისათვის ოსები ჯერ კიდევ არ ცხოვრობდნენ და 1700 წლის წინათ, III საუკუნეში, ოსური ტოპონიმის არსებობაზე მსჯელობა სრულიად უსაფუძვლოა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ნამყოფი გერმანელი მეცნიერის იოჰან ანტონ გიულდენშტედტის გადმოცემით, ოსები ცხინვალს კრებას (ჭრებას) უწოდებდნენ. იხ: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში; გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ. I, თბ., 1962, გვ. 279
  18. Пл. Иоселиани, Города существоващие и существующие в Грузии, Тифлис, 1850, стр. 73
  19. სულხან საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფიული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, ტ. I, თბ., 1991, გვ. 306
  20. მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971, გვ. 38
  21. გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები (შიდა ქართლი), თბ., 1983, გვ. 168
  22. სოსიაშვილი გ., შიდა ქართლის ზოგიერთი ტოპონიმის შესახებ, კრებულში: შიდა ქართლის ისტორიის საკითხები, თბ., 2013, გვ. 57
  23. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 372
  24. Газ. „Тифлисский листок“, 1900, #237
  25. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 363
  26. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 115
  27. თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1970, გვ. 41
  28. ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ., 1966, გვ. 27
  29. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1982, გვ. 211
  30. Акты, собранные Кавказской Археографической комиссией, т. X, Тиф., 1885, стр. 888
  31. იოსებ ეფემიაშვილი. „დროების“ კორესპონდენცია, გაზ. „დროება“, # 42, 1867
  32. მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971, გვ. 6
  33. სოსიაშვილი გ., ცხინვალი და ახალგორი უცხოური წყაროების მიხედვით, თბ., 2015, გვ. 63
  34. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ. II, თბ., 1964, გვ. 223
  35. მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971, გვ. 57
  36. იოანე ქართველიშვილი, მემუარები, ავთ. იოსელიანის გამოკვლევით, რედაქციითა და შენიშვნებით, თბ., 1952, გვ. 86
  37. სოსიაშვილი გ., გზები პატარა ლიახვის ხეობაში, ჟურნ. „აღმოსავლეთი და კავკასია“, # 5, 2007, გვ. 94
  38. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ. II, თბ., 1964, გვ. 53
  39. წვერავა ვლ., ქათამაძე თ., უცნობი დოკუმენტები აბესალომ მაჩაბლის მამულებზე, კრებულში: „ქართველური მემკვიდრეობა“, XXII, ქუთაისი 2018, გვ. 211
  40. თოფჩიშვილი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997, გვ. 8-45
  41. თოფჩიშვილი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997, გვ. 169
  42. ხარაძე კ., შიდა ქართლში ტოპონიმთა გაყალბების წინააღმდეგ, წიგნში: „ოსთა საკითხი“, აკაკი ბაქრაძისა და ომარ ჩუბინიძის რედ. გორი-თბილისი 1996, გვ. 166-167
  43. ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 2015 წლის აღწერის მასალები