საბა განწმენდილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღირსი მამა საბა განწმენდილი

ღირსი მამა საბა განწმენდილი (ბერძ. Σάββα; 439, კაპადოკია5 დეკემბერი 532, პალესტინა) – V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე მამა, განდეგილი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი.

წმინდა ყრმა[რედაქტირება]

ექვთიმე დიდი, ანტონი დიდი და საბა განწმენდილი

დაიბადა 439 წელს, კაბადოკიის სოფელ მუტალასკში. მისი მშობლები – იოანე და სოფიო კეთილშობილი წარმოშობის, ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. როდესაც ყრმას 5 წელი შეუსრულდა, ისინი ალექსანდრიაში გაემგზავრნენ. იოანეს მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა და ეს გამგზავრება მისი სამსახურით იყო გამოწვეული. საღმრთო განგებულებით, პატარა საბა მამისეულ სახლში დარჩა და მასზე ზრუნვა დედის ძმამ, ერმიმ იკისრა. მას ძალზე ბოროტი ცოლი ჰყავდა, რომელმაც აიძულა საბა, მამის ძმასთან გადასულიყო საცხოვრებლად.

მშობლებს დიდი ხნით მოუწიათ ალექსანდრიაში დარჩენა. მისი ბიძები იოანეს ქონებაზე ეცილებოდნენ ერთმანეთს. საბა გონიერი ბავშვი იყო, უარი თქვა თავის ქონებაზე და ფლავიანელთა მონასტერში დასახლდა. 8 წლის იყო, როდესაც ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა. მალევე შეისწავლა დავითნი და საღვთო წერილის სხვა წიგნები, წარემატა სათნოებებში და სამონაზვნო ტიპიკონს ზედმიწევნით ასრულებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბიძები შერიგდნენ და საბას შინ დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ ყრმა ვერაფრით დაითანხმეს.მეორედ ეშმაკმა პატარა საბას ცთუნება მაშინ მოინდომა, როდესაც იმ მონასტრის ბაღში მუშაობდა. ხეზე ლამაზი ვაშლი შენიშნა და ჩაკბეჩა დაუპირა, მაგრამ უცებ გაახსებდა რომ ტრაპეზის დრო არ იყო. ვაშლი მიწაზე დააგდო და გათელა, მასთან ერთად გემოთმოყვარების ეშმაკსაც გაუჭეჭყა თავი. ამის გარდა, აღთქმაც დადო, ვაშლი არასოდეს ეჭამა. მას შემდეგ ყოველივე ხორციელ სურვილს თრგუნავდა, ცოტას ჭამდა, ცოტა ეძინა, ლოცვასა და შრომაში განლევდა დღეებს. იმ პერიოდში მონასტრის ერთ-ერთი ბერი – ხაბაზი, რომელიც ღუმელს მეთვალყურეობდა, წვიმაში მოჰყვა. სველი სამოსი ღუმელში შედო გასაშრობად. ცოტა ხნის შემდეგ სხვა მამამ, რომელმაც ეს ამბავი არ იცოდა, ღუმელში შეშა შეაწყო და ცეცხლი შეუნთო. მალევე გაღვივდა. ხაბაზს გაახსენდა თავისი ტანსაცმელი და დიდად შეწუხდა. იქვე იყო ნეტარი საბაც. მაშინვე გამოისახა ჯვარი და აგიზგიზებულ ღუმელში შევიდა. ძმათა სიყვარულის გამო ის ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა და თან ხაბაზის ტანსაცმელი გამოიტანა. ამის მხილველი ძმები შეძრწუნდნენ: ვინ იქნება ეს ყრმა მომავალში, თუ სიყრმიდანვე ასეთი მადლი მიეცაო.

მონასტერში[რედაქტირება]

ღირსი მამა საბა განწმენდილის წმინდა ნაწილები

ამ მონასტერში წმინდა საბამ ათი წელი დაჰყო და ძალიან წარემატებოდა. მერე კი იერუსალიმში წასვლა და იქ დარჩენა მოინდომა. არქიმანდრატმა უარი უთხრა, მაგრამ ღვთის ხმა მოესმა: - გაუშვი საბა, მე რომ მემსახუროს უდაბნოშიო. ის ზამთარი, იერუსალიმში, პასარიონისმონასტერში გაატარა. აქ შეიტყო წმინდა ექვთიმე დიდის შესახებ და მისი ნახვა მოისურვა. საბა დაემხო ექვთიმეს წინ და ძმობაში მიღება სთხოვა. წმინდა ექვთიმემ იგი ღირს თეოკრატეს გაუგზავნა და მასზე ზრუნვა დააკისრა. საბა ბრგე, ღონიერი ვაჟკაცი იყო. ბევრს შრომობდა და დიდ გულმოდგინებას იჩენდა.

ერთ, წარმოშობით ალექსანდრიელ ბერს მშობლები დაეხოცა და გადაწყვიტა, მათი ქონებისათვის პატრონი გაეჩინა. თხოვნით შეაწუხა წინამძღვარი: გამიშვი მცირე ხნით ალექსანდრიაში, თან საბაც გამაყოლეო. მოძღვარი დაითანხმა და საბასთან ერთად ალექსანდრიაში ჩავიდა. აქ საბა შემთხვევით თავის მშობლებს შეხვდა. ახლა უფრო დიდი ბრძოლა აუტეხა ეშმაკმა, სცადა ჭაბუკი მშობლების ალერსით ეცდუნებინა. „გაიხადე შავი სამოსი, ჩვენნაირად იცხოვრე, სამხედრო სამსახურში შედიო” – ეუბნებოდნენ ისინი. „თუ თქვენ განაგრძობთ ჩემს დარწმუნებას, რომ ქრისტეს მშვენიერი მხედრობა მივატოვო , მაშინ ჩემს მშობლებად აღარ მოგიხსენიებთო” – უთხრა მათ საბამ. განშორებისას მშობლებმა შვილს ორმოცი ოქროს მონეტა მისცეს, მაგრამ საბამ მხოლოდ სამი ცალი აიღო და ისიც უღუმენ თეოქტისტეს გადასცა. ათი წლის შემდეგ თეოქტისტე გარდაიცვალა და მონასტრის წინამძღვრად ორი წელი მარინი იყო, მერე კი ღირსი ნიკოლოზი. საბა ამ დროს უკვე 30 წლისა იყო. მან უდაბნოში განმარტოება მოინდომა, მამებმა გასვლის უფლება მისცეს, ოღონდ თანდათან უნდა შეჩვეოდა მეუდაბნოე ცხოვრებას. მღვიმეში ხუთწლიანი განმარტოების შემდეგ ექვთიმე დიდმა საბა თავისთან წაიყვანა. წმინდა ექვთიმე დიდმარხვას თავისი ლავრიდან განცალკევებით, უდაბნოში ატარებდა ხალმე. ერთხელ თან საბა და დომენტიანე წაიყვანა. მან მოისურვა მკვდარი ზღვის ზემოთ მდებარე უდაბნო გადაევლო. გზაში წყალი გამოელიათ და როდესაც მწყურვალი და ღონემიხდილი საბა მიწაზე დაეცა, წმინდა ექვთიმეს შეეწყალა იგი, განზე გავიდა და ილოცა: ღმერთო მოგვეცი წყალი ამ ურწყულ ადგილას, რათა ღონემიხდილმა ძმამ წყურვილი დათრგუნოსო. ლოცვის დასრულაბისთანავე იქვე სამჯერ დაჰკრა ჯოხი მიწას და წყარომ ამოხეთქა. საბამ წყალი დალია და ღმერთმა ისეთი მადლი მისცა, რომ წყურვილის დათმობა შეეძლო.

ექვთიმე დიდის გარდაცვალების შემდეგ მისი მონასტრის ტიპიკონი იცვლებოდა ზოგიერთ ძმათა მიერ. ეს რომ საბამ დაინახა, იქაურობას გაერიდა და იორდანიის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც იმ დროს, ვითარცა ვარსკვლავი, სათნოებით ბრწყინავდა ღირსი გერასიმე. ეშმაკმა ბევრჯერ სცადა მისი მხნეობის შერყევა, ერთხელ მძვინვარე ლომის სახითაც გამოეცხადა, რომელიც მისკენ იწევდა შესაჭმელად, მაგრამ უკან იხევდა. „თუ შენ ღვთისგან ჩემი შეჭმის უფლება გაქვს, უკან რად იხევ? თუ არა და ტყუილად ირჯები, რამეთუ ქრისტეს ჯვრით ვარ შემოზღუდული.” – მიმართა ლომს. მხეცისსახე ეშმაკი გაქრა. ამის შემდეგ წმინდა საბამ მხეცებზე ხელმწიფება მიიღო და მათ შორის უშიშრად დადიოდა.

გამოცხადება უდაბნოში[რედაქტირება]

წმინდა საბა

ერთხელ უდაბნოში ოთხ მშიერ, დაქანცულ სარკინოზს გადაეყარა. წმინდა მამა გაუმასპინძლდა თავისი მწირი ტრაპეზით. არაბებმა მისი ადგილსამყოფელი დაიმახსოვრეს და რამდენიმე დღის შემდეგ სამადლობლად ნობათი მოუტანეს. ,,ჰოი, სულო ჩემო, - თქვა ღირმა საბამ,- ამ ხალხმა მცირეოდენი სიკეთისათვის ამგვარი ქველმოქმედება გასწია! ჩვენ კი ვიღებთ ღვთის გამოუთქმელ ნიჭებს და უმადურნი ვრჩებით, ვცხოვრობთ სიზარმაცესა და უდარდელობაში, არ ვასრულებთ მის წმინდა ბრძანებებსო”. ამ დროიდან მასთან დაიწყეს ცხოვრება ძმებმა. მათ შორის იყო ნეტარი ანთიმოზი, რომელიც ადრე ღირს თეოდოსისთან ცხოვრობდა. მისი საშუალებით ღირსი საბა წმინდა თეოდოსი დიდს დაუახლოვდა.

უდაბნოში ყოფნის მეოთხე წელს ღირსი საბა ერთ ბორცვზე ავიდა, სადაც უფლის ანგელოზი გამოეცხადა. მან ერთი ველი დაინახა და უთხრა: თუ გინდა ეს უდაბნო ქალაქად იქცეს, ჩადი ამ ველზე და მის აღმოსავლეთ მხარეს მღვიმეს იპოვიო. გათენებისთანავე წმინდა საბამ მოძებნა მღვიმე და იქ დასახლდა, მაშინ 40 წლის იყო.

განმარტოება მღვიმეში[რედაქტირება]

მღვიმეს, სადაც წმინდა საბა დასახლდა მოუხერხებელი შესასვლელი ჰქონდა, ამიტომაც თოკი ჩაუშვა, რომლითაც წყლისთვის ჩამოდიოდა. თავიდან წმინდანი ბალახით იკვებებოდა, მერე კი ღმერთმა მას დამხმარედ წარმართები, სარკინოზები გამოუგზავნა. მის მღვიმესთან ერთხელ ოთხმა სარკინოზმა ჩაიარა და შიგ შესვლა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო. წმინდა საბამ თოკი ჩაუშვა, სარკინოზები მას ზევით ამოყვნენ. მღვიმეში შესულებმა ვერაფერი ნახეს ღირებული. გაოცდნენ წმინდა საბას ღვთისმოშიშობით. ამის შემდეგ ისინი ხშირად მოდიოდნენ და წმინდა საბასთვის პური, ყველი და ფინიკი მოჰქონდათ.

წმინდა საბას მიერ აგებული ლავრა

წმინდა საბამ ამ მღვიმეში მარტოდმარტომ ხუთი წელი გაატარა. მერე კი ნელ-ნელა სულიერი შვილები გაუმრავლდა. წმინდა საბა ყველას გულთბილად იღებდა და საცხობრებლად მოსახერხებელ ადგილას უშვებდა. მცირე ხანში სამოცდაათი ძმა შეიკრიბა. როდესაც ძმები საკმაოდ გამრავლდნენ, ლავრის მშენებლობა დაიწყეს. ჩრდილო ბორცვზე ეკლესია ააშენეს და თუ მასთან ვინმე ღვთისმსახური მოვიდოდა, მას სთხოვდა ხოლმე წირვის აღვლენას.წყალი ძალზე შორიდან მოჰქონდათ და ისიც აღარ ყოფნიდათ გამრავლებულ ძმობას. მაშინ წმინდა საბა ბორცვზე ავიდა, ხელნი აღაპყრო ზეცისკენ და ღმერთს მოხედვა შესთხოვა. ლოცვისას წმინდა საბას ხმა მოესმა. მოიხედა და რას ხედავს – ქვემოთ, სავსე მთვარის შუქზე გარეული ვირი ერთ ადგილას მიწას ჩიჩქნის. წმინდა საბა მაშინვე ქვემოთ ჩამოვიდა, ვირი ნაჩიჩქნზე მიწა ამოთხარა და მაშინვე წყალუხვი წყარო წამოდინდა. ის დღესაც მოედინება და რა თქმა უნდა, სასწაულმოქმედიცაა.

მეორე ღამეს, ლოცვისას წმინდა საბამ ერთ ადგილას ზეციდან დაშვებული ცეცხლის სვეტი დაინახა. მეორე დღეს მივიდა იმ ადგილას და საკვირველი ხელთუქმნელი მღვიმე იხილა, რომელიც ეკლესიას წააგავდა. მას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, შიგნით მზის სხივები წვდებოდა. ღირმა მამამ განამშვენა ეს მღვიმე, მოაწყო შიგნით ეკლესია, სადაც ძმობას შაბათ-კვირაობით ღვთისმსახურება უბრძანა, თვითონ იქვე მოაწყო კელია, საიდანაც ეკლესიაში საიდუმლო კარით შედიოდა. ძმობა გამრავლდა, მაგრამ აღსარება-ზიარებისთვის სავანის დატოვება უხდებოდათ, წმინდა საბა კი უარს ამბობდა მღვლად კურთხევაზე. მორჩილ შვილებთან ერთად ისეთი ბერებიც აღმოჩნდნენ მის საძმოში, რომლებიც უკვე დიდი ხანია ათასნაირ ცილს სწამებდნენ ღირს მამას. ბოლოს, ისე გათავხედდნენ, რომ იერუსალიმის პატრიარქს ახალი იღუმენი სთხოვეს. პატრიარქმა გამოარკვია, რომ ისინი წმინდა საბას უჩიოდნენ. დაიბარა ღირსი მამა, ხუცესად აკურთხა და თავის ლავრაში გამოაგზავნა. წმინდა საბაც, ექვთიმე დიდის მიბაძვით, იანვრის 14-დან განმარტოვდებოდა უდაბნოში მთელ დიდ მარხვას და მონასტერში ბზობის შაბათს ბრუნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი გასვლისას იორდანის ჩრდილოეთით მღვიმე ნახა, სადაც ვინმე დაფარულმცოდნელი მამა ცხოვრობდა, რომელიც ოცდათვრამეტი წელია, უდაბნოში იყო და ძე კაცისა არ ენახა. ამ წმინდა მამას დაუხუჭეს თვალნი და ქრისტიანული წესითვე დაკრძალეს მღვიმეში. იმავე წელს ალექსანდრიაში გარდაიცვალა წმინდა საბას ხორციელი მამა. დედამისმა უკვე, საკმაოდ მოხუცებულმა, გაყიდა ყველაფერი და შვილთან ჩამოვიდა. წმინდა საბამ დედა დაარწმუნა, მონაზვნად აღკვეცილიყო. მისი ჩამოტანილი ფულით კი სასტუმრო სახლები ააგო: ერთი იერიქონში, ორი კი ლავრაში – ბერებისა და ერისკაცებისა ცალ-ცალკე.

კასტელის მთაზე[რედაქტირება]

ღირსი მამა საბა განწმენდილის მიერ აგებული მართმადიდებლური მონასტერი

ერთხელ, მარხვისას, ღირსმა მამამ კასტელის მთაზე მოისურვა ასვლა. ეს მთა ლავრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მაშინ კაცთათვის შეუვალი იყო, რადგან აქ ეშმაკები ბინადრობდნენ. წმინდა საბა ავიდა ამ მთაზე, პატიოსან ჯვართან დანთებული კანდელის ზეთიდან ჯვარი გამოისახა შუბლზე, ზეთივე ასხურა იქურობას და დიდმარხვა იქ გაატარა. წმინდა საბასაც, ანტონი დიდის მსგავსად, გამოეცხადა უფალი და გააძლიერა. ვეღარ გაუძლეს ეშმაკებმა მის სიწმინდეს და იქაურობა დატოვეს. ღირსი მამა კი აღდგომის შემდეგ დაბრუნდა კასტელის მთაზე, სულიერ შვილებთან ერთად და კელიები ააშენა. აქვე ნახა მიტოვებული სახლი, რომელიც ეკლესიად აქცია. ასე ააშენა აქ ღირსმა მამამ კინოვია. ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა კინოვიასთან ახლოს მდებარე მდებარე მონასტრის წინამძღვარს და უთხრა: „მარკიანე, ზიხარ აქ მშვიდად, არაფერი გაწუხებს. ღვთის მონა საბა კასტელის მთაზე ძმებთან ერთად მშიერ-მწყურვალი შრომობს და არავინ არის, ვინც საჭმელს მიუტანს. დაუყოვნებლივ ვინმე გაგზავნე და საჭმელი გაატანეო”. მარკიანემ ჯორები დატვირთა და კასტელის მთაზე გაგზავნა. აშენდა კინოვია. საგულსიხმოა ერთი ამბავიც: ენერგიულ ჭაბუკებს და ერისკაცებს ღირსი მამა არც ლავრაში აჩერებდა და არც კასტელის მონასტერში. მათთვის ცალკე კინოვია, დადაც გამოცდილი მოძღვრები მანასტრულ ცხოვრებას ასწავლიდნენ დამწყებებს, რომელთაგან წარმატებულს აძლევდა ნებას ლავრაში ან დიდ კინოვიაში გადასულიყო. ზოგიერთ აახალგაზრდას კი თეოდოსი დიდს უგზავნიდა, რომელსაც ლავრის დასავლეთით მონასტერი აუგო. ორივე, საბაც და თეოდოსიც, ერთსულოვანნი იყვნენ საქმეში, ამიტომაც მათ იერუსალიმელები ახალ მოციქულებს(ორეულებს) უწოდებდნენ, მსგავსად წმინდა პეტრესი და წმინდა პავლესი. მათვე ჩაბარდა იერუსალიმის მონაზვნებზე ზრუნვა. ღირსი მამის, არქიმანდრიტ მარკიანეს გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბნენ იერუსალიმელი მამები, იმსჯელეს და როგორც დიდ სულიერ მოძღვრებს, წმინდა საბას განდეგილი ბერების წინამძღვრობა დაავალეს, ღირს თეოდოსის კი ერთად მცხოვრებ ბერთა მონასტრები

განსაცდელები[რედაქტირება]

წმინდა საბას საფლავი

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა საბა გონივრულად უძღვებოდა მონაზვნებს, ზოგიერთმა, ეშმაკის შთაგონებით, ათასნაირი ცილი დასწამა წმინდა მამას. მათ ორმოცამდე ბერი მიიმხრეს. წმინდა საბამ დაუთმო უსამართლო რისხვას, დატოვა ლავრა, სკვითეპოლის ქვეყანაში გაემგზავრა და მდინარე ღადარინთან მდებარე უდაბნოში გაჩერდა. აქ ლომის ბუნაგში მოისვენა. შუაღამისას მოვიდა ლომი, ტანსაცმელზე კბილები ჩასჭიდა და მღვიმიდან გათრევა მოუნდომა. წმინდა საბას გაეღვიძა, ცოტათი შეშინდა, მაგრამ წამოდგა და ლოცვა დაიწყო. ლომი გარეთ გამოვიდა და უცდიდა, სანამ წმინდა საბა ლოცვას დაასრულებდა. მერე კი კვლავ კბილები ჩასჭიდა სამოსზე მღვიმიდან გასაყვანად. წმინდა საბამ უთხრა მას:,,მხეცო, მღვიმე ფართოა და ორივეს გვეყოფა საცხოვრებლად, რამეთუ ერთი შემოქმედის შექმნილი ვართ. თუ ჩემთან ყოფნა არ გსურს, მაშინ წადი, რამეთუ ღვთის ხელით მის ხატადვე ვარ შექმნილი და ამით გახლავარ შენზე აღმატებულიო”. ლომმა შერცხვენილმა დატოვა იქაურობა. ხმა გავარდა, ლომის ბუნაგში ბერი ცხოვრობსო და უამრავმა ერისკაცმა იწყო მასთან. მცირე მონასტერიც შეიქმნა. ამსოფლიური შფოთისგან შეწუხებულმა წმინდა საბამ ამ მონასტერსაც დაუდგინა წინამძღვარი და თვითონ თავის ლავრაში დაბრუნდა. იქ მდგომარეობა უფრო გამწვავებულიყო. ახლა უკვე სამოცამდე ბერი აღუდგა. ღირსი მამა ნიკოპოლის მხარეში გაერიდა მათ. იქაც, ღვთის მადლით, მალევე მონასტერი დაარსდა. ამასობაში, მოძულე ძმებმა ჭორი გაავრცელეს, ჩვენი მამა ლომებმა შეჭამესო. მივიდნენ პატრიარქ ილიასთან და ,,ლომებისგან დაგლეფილი” წინამძღვრის ნაცვლად სხვისი გამოგზავნა სთხოვეს.,,ღმერთი მართლმსაჯულია და არ დაუშვებდა, ასეთი მოღვაწე ბერი ლომებს შეეჭამათ. ან მოძებნეთ თქვენი მამა, ანდა წყნარად ისხედით კელიებში, ვიდრე ღმერთი არ გამოაჩენსო”– უთხრა მათ პატრიარქმა. მართლაც, 13 სექტემბერს, აღდგომის ტაძრის სატფურების დღესასწაულზე წმინდა საბა იერუსალიმში ჩავიდა. გახარებულმა პატრიარქმა გაუჩინარების მიზეზი გამოჰკითხა, მერე კი ისევ თავის აშენებულ ლავრაში დააბრუნა. ეს რომ ლავრელმა ურჩმა ბერებმა შეიტყვეს, მათ მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეცნენ წმინდა საბას კელიას და დაანგრიეს, წავიდნენ და თეკუას წყაროსთან ლავრა ააშენეს, რომელსაც ნეალავრა ეწოდა. როდესაც მათი ადგილსამყოფელი შეიტყო, წმინდა საბას შეეწყალა უმღვდლოდ დარჩენილები, კასტელისა და ლავრის ჯორებს საჭმელი აჰკიდა და მათთან წავიდა. ,,აქაც კი მოვიდა ეს ფარისეველიო,” – გააგონეს კიდეც.მაგრამ უბოროტო მამამ, მათი გაჭირვების შემხედვარემ, დახმარება პატრიარქს სთხოვა. ხუთი თვე დარჩა ნეალავრაში, პატრიარქის გამოგზავნილი ფულით აუშენა ეკლესია, ფურნე, კელიები, დაუდგინა ლავრელი ბერი, წინასწარმეტყველების მადლით ცნობილი იოვანე და უკან დაბრუნდა. ლავრაში ერთი ბერი ჰყავდათ, იაკობი, რომელმაც მოინდომა, წინამძღვრის გამოჯავრებით, ცალკე აეშენებინა მონასტერი. დრო იხელთა და როდესაც წმინდა საბა დიდმარხვისას უდაბნოში იყო გასული, მონასტრის შენება დაიწყო. ეს რომ წმინდა საბამ შეიტყო, მივიდა და იაკობს უკან დაბრუნება მოსთხოვა:,,თუ არ დამიჯერებ, დაისჯებიო” – უთხრა. იაკობს ისე შეეშინდა, რომ ავად გახდა და სიტყვის წარმოთქმაც კი ვერ შეძლო. მხოლოდ მას შემდეგ გამოჯანმრთლედა, ღირსი მამისაგან შენდობა რომ აიღო და ეზიარა. გარკვეული ხნის შემდეგ იაკობი მზარეულად დაადგინეს. ერთხელ იაკობმა ბევრი ცერცვი მოხარშა და ტრაპეზიდან მონარჩენი უფსკრულში გადაყარა. ეს დაინახა წმინდა საბამ, ჩავიდა, აკრიფა ცერცვი, გარეცხა და შეანელა. ,,დიდი ხანია, ასეთი შენელებული არ მიჭამიაო” – უთხრა აღფრთოვანებულმა იაკობმა. ,,ეს ის ცერცვია, ძმაო, შენ რომ ხრამში გადაყარე. დამერწმუნე, იმას ვიდსაც არ შეუძლია ზომიერად ცერცვის მოხარშვა, ვერც მონასტერს მართავსო” – უთხრა ღირსმა საბა. შერცხვა იაკობს და შენდობა ითხოვა. იაკობს ხორციელი ვნებები სტანჯავდა და ამიტომ თავი დაისაჭურისა. ეს რომ მამა საბამ შეიტყო, ლავრიდან გამოაგდო. მხოლოდ თეოდოსი დიდის თხოვნით დააბრუნა, ისიც იმ პირობით, რომ იაკობი არავის დაელაპარაკებოდა, მსახურების გარდა, კელიიდან აღარ გამოსულიყო და ზიარების უფლებაც აჰყარა. გამოხდა ხანი, ღმერთმა შეიწყალა იაკობის სინანული და ეს ხილვით აუწყა წმინდა საბას: ახილვა, ვითომდა გარდაცვლილი ყმა აღადგინა ლოცვით იაკობმა. მაშინღა აზიარა უფლის სისხლითა და ხორცით. კვირის თავზე მიიცვალა იაკობი და ღირსი მამის მიერ სულიერად აღშენებული წარდგა ღვთის წინაშე.

მოძღვარი[რედაქტირება]

ღირსი მამა საბა განწმენდილი

ერთხელ წმინდა საბასთან თეოდოსის მიერ გამოგდებული ბერი მივიდა, აფროსიდე. საქმეზე გაეგზავნათ. გზაში ჯორი გაურჩებია, ისე შემოუკრავს მისთვის, რომ ჯორი უსულოდ დაცემულა. ეს იყო მიზეზი მისი მონასტრიდან გამოგდებისა. წმინდა საბამ მიიღო და უთხრა: ,,იჯექი კელიაში, ლავრას ნუ განეშორები, მოთოკე ენა, მუცელი და ცხონდებიო”. ზედმიწევნით აასრულა ეს დარიგება აფროსიდემ. ოცდაათი წელი ლავრას არ გაშორებია, არც კელიაში ჰქონდა რაიმე ნივთი. ხის ტოტებზე გადაფარებულ ცხვრის ტყავზე იძინებდა. მთელი ღამე ისეთ ტირილსა და გლოვაში ატარებდა, რომ მეზობლებლად მცხოვრებთ აწუხებდა. საბოლოოდ, წანასწარცნობის მადლიც კი მიიღო. თავისი გარდაცვალების ჟამი შეიტყო და ოცდაათი წლის გლოვის შემდეგ ღირს თეოდოსისთან ითხოვა წასვლა, წმინდა საბამ წერილი მისწერა თეოდოსის: შენგან კაცი მოვიდა ჩემთან, მე კი მას ქრისტეს მადლით ანგელოზს გიგზავნიო. ერთხელ საბა, მოწაფესთან ერთად, იერიქონიდან იორდანიისაკენ მიდიოდა. მისი გამოცდა მოისურვა და ჰკითხა: – ცალთვალა ქალი თუ დაინახეო. მოწაფე უმტკიცებდა:– გინდა თუ არა, ორივე თვალი ჰქონდაო. საიდან შეიტყვეო – ჰკითხა საბამ. ყურადღებით დავაკვირდი სახეზე და ორი თვალი ქონდაო. ამიერითგან ჩემთან აღარ იქნები, რადგან სხვების თვალების დაჭერა არ შეგძლებიაო, უთხრა საბამ. ერთხელ ღირს საბას უდაბნოში ლომი შემოეყარა, რომელსაც ეკალი შესობოდა და წმინდა საბას აჩვენა თათი. მან ეკალი ამოუღო. ამის შემდეგ ლომი ღირს მამას არ მოცილებია, ემსახურებოდა – მხეცი ღირსი მამის კურთხევით, ვირს მწყემსავდა. რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა საბას მორჩილი ფლაისი სიძვით დაეცა სოფელში. იმავე დღეს ლომმა შეჭამა ვირი და გადაიკარგა. მიხვდა ფლაისი, რომ ლომმა ეს მის სამხილებლად გააკეთა და შერცხვენილი თვითონაც გადაიკარგა. წმინდა საბამ მოძებნა იგი, ჩაკეტა კელიაში, სინანულის კანონი დაადო და აცხოვნა შეცოდებული ძმა...

წმინდა საბას ღვაწლი ეკლესიის სიწმინდისათვის ბრძოლაში[რედაქტირება]

ბიზანტიის სამეფო ტახტზე მონოფიზიტი ანასტასიოს I ავიდა, რომელმაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გადააყენა და იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქებსაც ემუქრებოდა, თქვენც ეს დღე გელით, თუ მონოფიზიტობას არ მიიღებთო. მაშინ ილია პატრიარქმა პალესტინელი ბერების დელეგაცია გაგზავნა იმპერატორთან მშვიდობის ჩამოსაგდებლად. მათ შორის იყო წმინდა საბაც. როდესაც დელეგაცია იმპერატორის სასახლეში შევიდა, ანასტასიმ იხილა, თუ როგორ მისდევდა უფლის ანგელოზი წმინდა საბას. ამ ხილვამ და მამების საუბრებმა შეურბილა გაქვავებული გული იმპერატორს. წმინდა საბა მთელი ზამთარი ბიზანტიაში დარჩა და მეფეს ხშირად შეაგონებდა. მაგრამ მისი პალესტინაში დაბრუნებისათანავე ანასტასიმ ჯარი გაგზავნა იერუსალიმში და პატრიარქი ილია გადააყენა, მის მაგიერ კი იოანე აიყვანა, რომელმაც წმინდა საბას შეგონებით, შეაჩვენა მონოფიზიტობა. გადაირია ანასტასიოს I, მოოხრება მოისურვა იერუსალიმისა და იქაურ ბერებს მოწყვეტას უქადდა, მაგრამ ამ დროს ბარბაროსებთან ომი დაიწყო და მართმადიდებელთა დასჯა სხვა დროისათვის გადაიდო. პატრიარქ ილიას გაგდების შემდეგ მთელ პალესტინაში გვალვა ჩამოვარდა. რამდენიმე წელი წვიმა არ მოსულა, ამოშრა ჭები, კალიამ შეჭამა მოსავალი. ხალხი ამაში ღვთის სასჯელს ხედავდა. საშინელი იყო ანასტასიოს მეფის სიკვდილი. მეხი დაეცა მის სამეფო პალატს. მეხი დასდევდა მეფეს, მეხიც ხან ერთ კუთხეში იმალებოდა, ხან მეორეში. ბოლოს მიეწია და მოკლა. ასეთი საშინელი იყო მისი სიკვდილი. დიდად იგლოვა პატრიარქმა და თვითონაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ღირსი მამა საბა განწმენდილის მიერ აგებული მართმადიდებლური მონასტერი

ანასტასიოსის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე კეთილმსახური მეფე იუსტინე (518–527 წწ.) ავიდა, რომელმაც განამტკიცა ქალკედონის კრების განჩინება და განდეგილი მართმადიდებელი მამები თავის ადგილას დააბრუნა. პალესტინაში გვალვის მეოთხე წელი მიიწურა. ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ იწვიმა, ისიც მხოლოდ წმინდა საბას ლოცვით და ისიც მხოლოდ მის ლავრასთან. პატრიარქმა იოანემ კაცი გაგზავნა საბასთან – ღვთისგან წვიმა გამოითხოვოსო. ,,მე ვინ ვარ რომ ღვთის რისხვა შევაჩერო, ცოდვილი ვარო", – თქვა წმინდა ბერმა, მაგრამ მორჩილებით მაინც აღაპყრო ხელნი ზეცად და ღმერთმა კოკისპირული წვიმა მოუვლინა პალესტინას. წმინდა საბა ძალზე მოხუცდა, მაგრამ 91 წლისას მაინც მოუხდა კონსტანტინოპოლში ჩასვლა, რათა პალესტინელებზე შემომწყრალი იუსტინიანე შემოერიგებინა. როგორც ერთ დროს ანასტასიოსმა, ისე იუსტინიანემაც წმინდა საბასთან შეხვედრისას ხილვა ნახა, უბრწყინვალესი გვირგვინი ედგა თავზე წმინდა საბას. შეშინდა მეფე, წამოდგა ტახტიდან და თაყვანი სცა ღირს საბას. მეფე არათუ შეურიგდა პალესტინელებს, უამრავი ოქრო შესწირა იქაურ მონასტრებს. ღმერთმა ათასწილ მიაგო იუსტინიანეს. მან მცირე ხანში დაამარცხა ორი მეფე, ამით რომიც დაიბრუნა და აფრიკაც.

გარდაცვალება[რედაქტირება]

იერუსალიმში დაბრუნებული წმინდა საბა ავად გახდა. იოანეს ადგილას ახლა უკვე პეტრე იჯდა. პეტრე ეწვია საბას, წაიყვანა საპატრიარქოში და თავისი ხელით ემსახურებოდა. ღირს საბას ღვთისგან ეუწყა აღსასრულის ჟამი და პატრიარქს სთხოვა – ჩემს ლავრაში დამაბრუნეო. აკუთხა ლავრის ძმობა და 5 დეკემბერს 94 წლისამ ჩააბარა სული თვისი უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე ემსახურა.

ტროპარი 1[რედაქტირება]

მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

ტროპარი 2[რედაქტირება]

ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი[რედაქტირება]

სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]