აქილევსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აქილევსი, ძველბერძნული ბარელიეფი

აქილევსი (ბერძნ. Αχιλλεύς) ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის ილიადის ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი. ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე — პელევსის და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი.

იმისათვის, რომ აქილევსი უკვდავი გაეხადა, თეტიდა მას დღისით წმინდა მდინარეში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელ ეს შენიშნა პელევსმა და შეშინებულმა ბავშვი ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამის გამო თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით თეტიდა აქილევსს ბანდა სტიქსის წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება. ცეცხლის ალისაგან თუ სტიქსის წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას (ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტიდას წასვლის შემდეგ პელევსმა აქილევსი კენტავრ ქირონს მისცა აღსაზრდელად. ქირონი აქილევსს ლომებისა და გარეული ტახების შიგნეულით კვებავდა. მან აქილევსს ექიმობა და სხვა საუცხოო ხელოვნებანი ასწავლა. მოხუცმა ფენიქსმა კი ლამაზი მეტყველება და ომის ხელოვნება.

აქილევსი იზრდებოდა თავის მეგობარ პატროკლესთან ერთად. როდესაც აქილევსს უთხრეს ხანგრძლივი და უსახელო სიცოცხლე ერჩია თუ მოკლე და სახელოვანი, აქილევსმა ეს უკანასკნელი აირჩია. აქილევსის სიამოვნებით დათანხმდა ტროას ომში მონაწილეობაზე, როდესაც მასთან ამის თაობაზე ნესტორი და ოდისევსი მივიდნენ. თავის მასწავლებელ ფენიქსთან, პატროკლესა და მირმიდონელ მხედრებთან ერთად 50 გემით აქილევსი ტროას მისადგომებისაკენ გაემართა. აქილევსის ომში მონაწილეობას სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ ჰომეროსის შემდეგდროინდელი ლეგენდებიც და მწერლებიც. ერთი თქმულების თანახმად წინასწარმეტყველმა კალქანტმა იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ აქილევსის დახმარებით შესძლებდნენ ბერძნები ტროას აღებას, მაგრამ ამ ომში თვით აქილევსი დაიღუპებოდა. ამ უბედურების აცილების მიზნით, თეტიდამ აქილევსი ქალის ტანსაცმელში გამოაწყო და კუნძულ სკიროსზე დამალა. აქ აქილევსი იმალებოდა მეფე ლიკომედეს ქალიშვილებთან. აქედან ერთ–ერთთან, დეიდამიასთან მან რომანი გააბა რის შედეგადაც შეეძინათ ნეოპტოლემოსი. როდესაც ოდისევსმა, ფენიქსმა და ნესტორმა აქილევსის ადგილსამყოფელი გაიგეს, მას ვაჭრების სახით ესტუმრნენ. როდესაც ვაჭრებმა საქონელი გაშალეს, მეფის ყველა ქალიშვილმა მშვიდად ჩაუარა ძვირფას ფარ–ხმალს, აქილევსი კი გასასინჯად წაეტანა. ამ საქციელით მან თავისი თავი გათქვა და იძულებული გახდა გაყოლოდა სტუმრებს ტროას ომში.

ჰომეროსის პოემებში მოთხრობილია აქილევსის წარმატებებზე ტრაოს ალყის დროს. ომის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ აქილევსი წაეჩხუბა აგამემნონს და უარი განაცხადა ომის გაგრძელებაზე. ამის მიზეზი გახდა ტყვე ქალი ბრისეიდა, რომელიც აგამემნონმა აქილევსს წაართვა. აქილევსის წასვლით გათამამებულმა ტროელებმა ბერძნები სასტიკად დაამარცხეს. მაშინ აქილევსის მეგობარმა პატროკლემ, აქილევსის თანხმობით აიღო ხელში იარაღი ტროელების წინააღმდეგ. მან ბერძნების სასარგებლოდ შეაბრუნა ომის ბედი, მაგრამ თვითონ დაიღუპა ჰექტორის ხელით. მეგობრის სიკვდილით შეშფოთებული აქილევსი ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის ჰექტორს. თეტიდას თხოვნით მას ჰეფესტომ გამოუჭედა ახალი იარაღი, მათ შორის საუკეთესო, შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი ფარი. აქილევსმა დაამარცხა ტროელები და მოკლა ჰექტორიც. ჰექტორის გვამი გამობა ეტლს და პატროკლეს ცხედრის ირგვლივ ათრია. ჰექტორის გვამის გამოსასყიდად აქილევსთან მივიდა ჰექტორის მამა მეფე პრიამოსი. იგი შეევედრა აქილევსს, მიეცა მისთვის საკუთარი შვილის გვამი. აქილევსმა შეისმინა მოხუცის ვედრება და ჰექტორის გვამი გაატანა. ჰექტორის დაწვის ცერემონიალით მთავრდება „ილიადა“.

ზოგი მითის მიხედვით აქილევსი, წინასწარმეტყველების თანახამდ, მართლაც ტროის ომში დაიღუპა ჯერ კიდევ ქალაქის დაცემამდე. (ერთი ვარიანტის მიხედვით აქილევსი მოკლა პარისმა, რომლის ისარი აპოლონმა წარმართა აქილევსის ქუსლისაკენ, რომელიც მისი ერთადერთი სასიკვდილო ადგილი იყო). ჰომეროსის მიხედვით აქილევსი საიქიოში მკვდართა მეუფე გახდა. ერთი მითის მიხედვით მკვდარი შვილი თეტიდამ კუნძულ ლევკოსზე წაიღო, გააცოცხლა და იფიგენიაზე (ზოგი ვარიანტით მედეაზე) დააქორწინა.

აქილევსის კულტი გავრცელებული იყო ელიდაში, სპარტაში, ოლივიაში და სხვა ქალაქებში. აქილევსის სახე ნათლადაა მოცემული „ილიადაში“. მეცნიერები თვლიან, რომ თქმულებებში აქილევსის შესახებ, რომელიმე ისტორიული პიროვნების რეალური თავგადასავალია აღწერილი. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ მიკენის წარწერებში (II ათასწლეული ჩვენს ერამდე) ამოკითხულია სახელი აქილევსი. აქილევსის სახემ შთააგონა ანტიკური ხანის მრავალი ხელოვანი. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პარიზში დაცული აქილევსის ქანდაკება. მხატვრულ ლიტერატურაში აქილევსის სახე ჰომეროსის გარდა მოგვცა ევრიპიდემ, ვერგილიუსმა, ოვიდიუსმა და სხვებმა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: