აპოლონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „აპოლონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აპოლონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლიციის აპოლონი, IV საუკუნის ბერძნული ქანდაკების გვიანდელი რომაული ასლი, ლუვრის მუზეუმი.

აპოლონი (ძვ. ბერძნ. Απόλλων) — სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).

მითოლოგია[რედაქტირება]

ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან დაკავშირებულია მრავალი მითი:

  • აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი ეწოდა.
  • აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.
  • აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.
  • აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო.
  • აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).
  • აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლირა და ამგვარად გახდა მუსიკისა და მუზების მფარველი ღვთაება და მიიღო ზედმეტი სახელი "მუზაგეტოსი" (ბერძნ. Μουσηγέτης).
  • აპოლონმა ტყავი გააძრო მის მეტოქეობის მსურველს მუსიკაში – მარსიასს და გამოქვაბულში ჩამოკიდა.
  • ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, იმ პირობით, რომ შეიყვარებდა მას, მაგრამ კასანდრამ მოატყუა ღმერთი და გაჯავრებულმა აპოლონმა დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველების აღარავის სჯეროდა.
  • აპოლონს შეუყვარდა ფერია დაფნე, რომელმაც ღმერთის სიყვარული არ გაიზიარა და მისგან განრიდების მიზნით ხედ გადაიქცა. ამიტომ დაფნა შემდგომში აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა.
  • ზევსზე შურისძების მიზნით, რადგანაც ამ უკანასკნელმა მოკლა ასკლეპიოსი, აპოლონმა ამოხოცა კიკლოპები. ზევსმა აპოლონი ამისათვის დასაჯა და აიძულა 7 წლის განმავლობაში ემწყემსა მეფე ადმეტოსის ნახირი.
  • პოსეიდონთან ერთად აპოლონი მსახურობდა მეფე ლაომედონტთან და ააგო ტროას მიუდგომელი კედლები.

კულტი[რედაქტირება]

აპოლოს ტაძრის ნანგრევები, ჩანაკალე, თურქეთი

მეცნიერთა აზრით აპოლონის კულტი მცირე აზიიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი: 1. ტროას ომში აპოლონი ტროელთა მხარეზეა. 2. აპოლონის ტაძრების უმრავლესობა სწორედ მცირე აზიაშია განლაგებული. 3. არის ცდები აპოლონის სახელის ეტიმოლოგია მცირე აზიის ერთ–ერთი ენის მეშვეობით ახსნან, სადაც აპოლონი თითქოს კარებს უნდა ნიშნავდეს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ აპოლონი თავდაპირველად შესაძლებელია კარების ღმერთი ყოფილიყო (ღმერთი, რომელიც ოჯახის, ქალაქის, სახელმწიფოს კარებს იცავდა ბოროტმზრახველებისაგან). ამის დასადასტურებლად იმასაც იყენებენ, რომ აპოლონის ერთ–ერთი ეპითეტია "თიურაიოსი", რაც ბერძნულ ენაზე "კარებისას" აღნიშნავს. აპოლონის კულტი საბერძნეთში ადრევე, მიკენის ეპოქაში გადასულა. აპოლონის კულტის უძველესობასა და მის ტოტემურ ხასიათზე მიუთითებს მისი მრავალი ეპიკლესი (ზედმეტი სახელი) როგორიცაა მაგალითად: აპოლონ ლიკეოსი (მგელი), აპოლონ სმინთევსი (თაგვი) და სხვა მსგავსი. ფიქრობენ, რომ აპოლონი თავიდან ამ ცხოველთა სახეს ღებულობდა, შემდეგ კი მიიღო ღმერთის სახე, რომელიც იცავდა ადამიანებს, მათ ნახირს და მოსავალს თაგვების, მგლების და სხვა მავნე ცხოველებისგან.

ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა ჰელიოსის კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი ისრის შედეგად მიიჩნევდნენ. იტალიაში არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ–ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ რომის იმპერიაში. აპოლონს სწირავდნენ დაფნას და პალმას. აპოლონის წმინდა ცხოველებია: მგელი, დელფინი, ქორი, თაგვი და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.

წყაროები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
თორმეტი ოლიმპოელი
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | არესი | დემეტრა | ზევსი |
პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი

მოგვიანებით მიაკუთვნეს: დიონისე |ჰებე | ჰერაკლე