ჰერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამპანას ჰერა, ელინისტური ქანდაკების რომაული ასლი, ლუვრი

ჰერა (ძვ. ბერძნ. Ἥρα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარცხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გელოვანი ა., ქსე, ტ. 11, გვ. 626, თბ., 1987
თორმეტი ოლიმპოელი
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | არესი | დემეტრა | ზევსი |
პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი

მოგვიანებით მიაკუთვნეს: დიონისე |ჰებე | ჰერაკლე

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰერა&oldid=2564001“-დან