ქარიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარიტები. რელიეფი კუნძულ ფაროსიდან
გრაციები. ფრესკა პომპეიდან

ქარიტები[1] (ძვ. ბერძნ. Χάριτες < χάρις — „სილამაზე“, „მოხდენილობა“) — სილამაზისა და მოხდენილობის ქალღმერთები, სრულყოფილი ხორციელი მშვენიერების განსახიერებანი ბერძნულ მითოლოგიაში. იგივე რომაული გრაციები[2] (ლათ. Gratiae < Gratia — „მომხიბლაობა“) — სილამზის ქალღმერთები რომაულ მითოლოგიაში.

ქარიტები იყვნენ ზევსის და ჰერას ან ევრონიმეს ასულები, ან კიდევ ჰელიოსის და ოკეანიდ ეგლეს ქალიშვილები. მათი რიცხვი ჰომეროსთან გაურკვეველია, მაგრამ ხელოვნების ქმნილებას ძლიერ აფასებენ, ამიტომ ქ. თალია (ან აგლაია) ჰეფესტოსის მეორე ცოლია[3]. აქილევსის დედას მომხიბლავი ღიმილით ეგებება, სიხარულით შეიპატიჟებს მოციმციმე „გრძელსამოსიან“ თეტიდას და მოსვლის მიზეზს ჰკითხავს. ჰომეროსი ქარიტების მთელ ტომს იცნობს[4]. მამად ითვლება ურანოსიც, ერებოსიც, ნაქსიც და დიონისეც, დედად — ევრიმედუზა, ჰარმონია, ციური სიო, ლეთა ან ევანთე (ძვ. ბერძნ. Ευάνθη)[5].

ჰეროდე სამს ასახელებს: ევფროსინეს (საზეიმო სიხარული), აგლაიას (სადღესასწაულო ელვარება) და თალიას (გაფურჩქნილი ბედნიერება). სიმღერისა და სიხარულის ქალღმერთების მეგობრები არიან, მუზებთან ერთად ცხოვრობენ ოლიმპოზე. აფროდიტეს მხლებელთა როლსაც ასრულებენ, თანხმობის ქალღმერთს პეითოს და მჭერმეტყველების ღმერთს ჰერმესსაც უმშვენებენ გვერდს. ყველას ესაჭიროება სიტურფე და მომხიბვლელობა, უმისოდ წარმატებას ვერ მიაღწევენ. მათ მთელი საბერძნეთი სცემდა პატივს, მაგრამ განსაკუთრებით ორქომენელი მანიელები, აქ შემოიღო მათი კულტი ეტეოკლემ, აქედან გავრცელდა სხვა მხარეებში. სპარტაში ორ ქარიტს ცნობდნენ — კლეტას და ფაენას (ჟღერა და ციალი), ათენში კი — ავქსოს და ჰეგემონეს (მზრდელსა და წინამძღოლს). ეს სულ ამინდის, ბუნების ცვლის ძველი ქალღმერთები არიან, ჰორებთან დაკავშირებულნი, ბუნების მშვენიერების მომწესრიგებელნიც. გვიანდელი ფუნქციით სამივე ქარიტი ქალის მომხიბვლელობას განასახიერებს. მათ უმღეროდნენ მგოსნები: „ვარდისფერმკლავა წმინდა ქარიტნო, აქეთ წამოდით, ზევსის ასულნო“[6]. ძვ. წ. III საუკუნიდან ხელოვანნი ერთიმეორეს ეჯიბრებიან სამი მშვენიერი შიშველი ქალის გამოსახვაში — ფერწერაში თუ პლასტიკაში, ატრიბუტებით: საკრავებით, მირტები, ვარდები... არქაულ და კლასიკურ ხანაში გრძელსამოსიანი ქალიშვილებია (ფრანსუა-ვაზა; სოკრატეს რელიეფის თასოსური ასლები). სამი შიშველი გრაციის ელინისტური ნიმუში, რაც 1460 წელს იპოვეს რომში, დაზიანებულია (ერთს აკლია თავი და ფეხი). ეს შედევრი სიენის ტაძრის დარბაზშია. კანოვას „სამი გრაცია“ ამავე პოზისა და ფიგურების გადამუშავების შედეგი უნდა იყოს. სხვა მიმუშებია პომპეის ფრესკებზე, გემმებზე, მონეტებზე. ეს ანტიკური ჯგუფიშუა საუკუნეებში შედარებით მიივიწყეს, მხოლოდ მოგვიანებით დამატებით სამკაულად დაკანონდა. ბოტიჩელის „გაზაფხულის“ (უფიცი, 1478) გრაციები ძალზე ორიგინალური, ჰაეროვანი ქალიშვილებია, სხვა ოსტატები უფრო მისდევენ ტრადიციას (კოსა, ვენერას ტრიუმფი, 1470; რაფაელის ქარიტები, 1500; ბალდუნგის და რუბენსის ქარიტები, პრადო; ტინტორეტოს ალეგორიული გრაციები, ვენეციის დოჟების სასახლე, 1578). მეფური წყალობის ალეგორიებია ბოტიჩელის სხვა სურათის სახეები (ლუვრი), ასევე რუბენსის „მარიამ მედიჩის აღზრდა“ (ლუვრი, 1621-1625), რენიოს „სამი გრაცია“... ნ. ა. სალისის „ანტიკურობა და რენესანსი“ (1947).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 512-513
  2. გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 122
  3. ილიადა 18, 382
  4. ილიადა 14, 267
  5. Cornutus, Compendium of Greek Theology, 15
  6. საფოკლე, 52