ამაძონები
ვიკიპედიიდან
ამაძონები (ბერძნ. Αμαζόνες) — მითიური მებრძოლი ქალები, რომლებიც, თითქოს, ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამაძონები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე. ამ მითს ეყრდნობა ზოგიერთი მეცნიერი ამაძონის ეტიმოლოგიის დადგენისას (ამაძონ-ი ბერძნულად შეიძლება უძუძოს მნიშვნელობით გავიგოთ), მაგრამ ხელოვნების ნიმუშებში ამაძონები გამოსახული არიან ლამაზ, კუნთმაგარ ქალებად, ყოველგვარი დამახინჯებისა და ამომწვარი ძუძუს გარეშე. ამაძონებთან მრავალი მითია დაკავშირებული. კერძოდ, 1. ჰერაკლე იტაცებს ამაძონების დედოფლის - იპოლიტეს ქამარს; 2. თეზევსი იტაცებს ამაძონების დედოფალს - ანტიოპეს და ცოლად ირთავს; 3. ამაძონები, დედოფალ პენთესილეას მეთაურობით, ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის დროს, აქილევსი პენთესილეას კლავს ომში.
ამაძონების იარაღს შეადგენდა: ორპირი ცული, მშვილდ-ისარი, შუბი, ნახევარმთვარისებრი ფარი... თქმულებები ამაძონების შესახებ შეიქმნა წინაბერძნულ საზოგადოებაში და უნდა ასახავდეს მატრიარქატის ეპოქას. ლეგენდამ ამაძონების შესახებ პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როცა მათი ადგილსამყოფელის ძებნაც კი დაიწყეს. ამაძონების სახელთნ უნდა იყოს დაკავშირებული ამერიკის უდიდესი მდინარის სახელწოდება ”ამაზონი”. ამაძონთა სახეები წარმოდგენილია არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში. მაგალითად ცნობილია ფიდიასის ქანდაკება ”დაჭრილი ამაძონი”. გადატანითი მნიშვნელობით, ამაძონებს უწოდებენ მებრძოლ, ვაჟკაცური თვისებების მქონე ქალებს. ამაძონებს ქართულ ლიტერატურაში ამორძალებს უწოდებენ. არის ვერსიები, რომელთა თანახმადაც, ამაძონები რეალურად არსებობდნენ. ევჰემერისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამაძონები მამაკაცები არიან. მათი აზრით, ამაძონები სინამდვილეში არსებობდნენ, მაგრამ მართლა ქალები კი არ იყვნენ, როგორც ამას ძველი მითოგრაფები გადმოგვცემენ, არამედ წვერ-ულვაშგაპარსული და თმამოშვებული მამაკაცები.

